სამუშაოზე გარდაცვლილთა რიცხვი საოცარი სისწრაფით იზრდება

რეზონანსის სტატია

 

ავტორი: ნათია ლომიძე

%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99-2016

საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს, ის ვერ ახერხებს სათანადო კოტროლის დაწესებას. 2015 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 42-ს შეადგენდა. წელს იმდენად დამძიმდა ვითარება, რომ 6 თვის მაჩვენებელი უკვე გაუტოლდა შარშანდელ სავალალო ციფრს. მსხვილ საწარმოებში პროდუქციის წარმოებასა და მოგების მიღებას, ხშირ შემთხვევაში, მუშახელის უფლების დარღვევით აღწევენ. როგორც წესი, იგნორირებულია თანამშრომელთა უსაფრთხოება, სამუშაო წესების დაცვა. პერსონალს ამუშავებენ წნეხის ქვეშ, თვითნებურად ზრდიან სამუშაო დღის ხანგრძლივობას, ადმინისტრაცია კი ამ ყველაფრის მიმართ უყურადღებობას იჩენს. საბოლოო ჯამში, ადამიანების სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია. საწარმოო ტრავმების შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 42-ს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 40-ია. სპეციალისტებს ეს სტატისტიკა საგანგაშოდ მიაჩნიათ და შესაბამისი სტრუქტურებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, შრომის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა უკონტროლოა. ის სტატისტიკურ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულაციების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. “შრომის უსაფრთხოების კუთხით საქართველოში სიტუაცია უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი წელიწად-ნახევარია შექმნილია, გაუმჯობესების ნაცვლად, მდგომარეობა უარესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. წლის პირველ ნახევარში უკვე 40 ადამინია გარდაცვლილი და 33 მძიმედ დაშავებული. ამ დროს შარშან 12 თვის განმავლობაში 42 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებელს უნდა დაემატოს სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც მივლინების დროს ხდება, ასევე პროფესიული დაავადებების შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკაც, რომლის სიაში შეტანაც აუცილებელია. ეს ყველაფერი ცალკე დასათვლელია, თუმცა ამის გარეშეც მძიმე მდგომარეობაა”, – განუცხადა “რეზონანსს” ალექსანდრიამ და დაამატა, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. “ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიეცეს ყველა ის უფლებამოსილება, რაც ცივილიზებულ ქვეყნებშია და რასაც 21-ე საუკუნის კონვენცია მოითხოვს. ჯანდაცვის სამინისტრო უწყებას უნდა ჰქონდეს უფლება დაუკითხავად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შევიდეს საწარმოებსა და ორგანიზაციებში, შეამოწმოს პირობები. დარღვევის აღმოჩენის შემთხევაში კი გაატაროს მკაცრი ფინანსური და ადმინსიტრაციული სანქცები. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დროულად მიიღოს კანონი შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია კიდევ გაუარესდება”, – განცხადა “რეზონანსს” გაერთიანებული პროფკავშირებისთავმჯდომარის მოადგილემ. ალექსანდრიამ ამჟამინდელ შრომის ინსპექციაზე გაამახვილა ყურადღება და ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევები “ხალხის კვლას ემსგავსება”, რასაც ყურადღება არ ექცევა. “მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი შეიქმნა 2015 წლის აპრილში ის მაინც უუფლებოა. ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს, თორემ ეს უკვე ემსგავსება ხალხის კვლას სამუშაო ადგილებზე. მათი უშუალო მოვალეობაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნებისმიერ კომპანიაში ან საწარმოში, იქნება ეს კერძო თუ საჯარო სექტორი, შევიდნენ და ჩაატარონ მოკვლევა. შრომის ინსპექტორებს უნდა მიეცეთ სანქციების გატარების უფლება. თუ ეს არ მოხდა, სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ზოგს საწარმოო ტრავმის შედეგად 6 თვეში 40 ადამიანის დაღუპვა, არც ისე ბევრი ჰგონია, არადა მდგომარეობა საგანგაშოა”, – აღნიშნა ალექსანდრიამ. ორგანიზაცია “სამართლის სახლის” ხელმძღვანელის, ბეჟან ბეჟუაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოება ყურადღების გარეშეა დარჩენილი. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, თუკი დღესვე არ დაიწყეს მკაცრი ზომების გატარება. სამუშაო ადგილებზე დაშავებული და დაღუპული ადამიანების რიცხვი მხოლოდ მაშინ შემცირდება, თუკი შრომის ინსპექცია საკუთარ ფუნქციებს აამოქმედებს და მას სწორად განკარგავს. “შრომის უსაფრთხოება ამ ეტაპზე უყურადღებოდაა მიგდებული. სიტუაცია მიშვებულია თავის ნებაზე, რაც ქვეყანაში ქაოსს იწვევს. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაშია სამშენებლო ტერიტორიები, რამდენად დაუცველები არიან იქ მომუშავე ადამიანები. როგორც ცნობილია, მშენებლობა საწარმოო ტრავმების შედეგად დაშავებული მუშახელის მხრივ პირველ ადგილზეა. კონტროლის სისტემა აუცილებლად უნდა მოქმედებდეს. თვითნებურად რამეს დარეგულირება არის შეცდომა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ყველა დეტალი მკაცრად გაიწეროს და არ ირღვეოდეს კანონი. სიტუაცია თუ არ შეიცვალა, შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნება, კიდევ უფრო მეტი დაშავებული გვეყოლება. მაგალითად, სახლში ფანჯრის შეცვლა რომ თვითნებურად გადაწყვიტო, მერიის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე გაჩნდება, ესეც ერთგვარი უსაფრთხოებაა. ამის წინააღმდეგი კი არ ვარ, პირიქით, მივესალმები ასეთ ოპერატიულობას, მაგრამ მექნანიზმი უნდა მუშაობდეს ყველა სფეროში ერთნაირად. სწორედ მაშინ ვიქნებით დაცულნი. თუ სახელწიფოსთვის ხელსაყრელია, რომ მისი მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობდეს, ეს სხვა საკითხია და ამ ეტაპზე ასეცაა”, – განუცხადა “რეზონანსს” ბეჟუაშვილმა.