საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურმა მდივანმა ირაკლი პეტრიაშვილმა ტყიბულში მეშახტის დღისა და „ტყიბულქალაქობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა ტყიბულელებისა და მეშახტეების წინაშე. მან ისაუბრა მეშახტეთა ღირსებაზე, მათი შრომის სათანადო დაფასების, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სოციალური გარანტიების მნიშვნელობაზე და ტყიბულელებს „ტყიბულქალაქობა“ მიულოცა.
“- მეშახტის პროფესია განსაკუთრებულ სიმამაცეს, გამძლეობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ტყიბულის ისტორია განუყოფელია იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში შრომობდნენ და საკუთარი შრომით ქმნიდნენ როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის სამრეწველო ისტორიას”.
ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ქალაქის განვითარებაზეც.
მისი თქმით, ტყიბული, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგა, დღეს თანდათან ახალ სიცოცხლეს იძენს. დასაქმების შესაძლებლობების ზრდამ, შახტების მუშაობამ და მათთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარებამ ქალაქს ახალი პერსპექტივა გაუჩინა, რისი დასტურიც დღევანდელ დღეს ტყიბულში შეკრებილი ადამიანების განწყობა და ბედნიერი სახეებია.
„ტყიბულქალაქობისა“ და მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „საქნახშირისა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის ქალაქის მერი, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებული და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილმა მეშახტეების მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო შრომისას დაღუპული მეშახტეების ხსოვნას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მომავალშიც მტკიცედ დაიცავს თითოეული მეშახტის შრომით უფლებებს, ღირსებასა და უსაფრთხო გარემოში შრომის უფლებას.
“ჩვენი მიზანია, მეშახტეთა მძიმე და საპასუხისმგებლო შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული, მათი ხმა კი — ყოველთვის გაგონილი”