განვლილი წლის კიდევ ერთი შეჯამება

2013 წლის დასაწყისის მთავარი მოვლენა პროფკავშირებისა და დასაქმებულებისთვის შრომის კოდექსში ცვლილებების ინიცირება და შემდეგ მისი მიღება გახდა. პროფკავშირი ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიური იყო. მართავდა პრესკონფერენციებს, აქციებს, გაფიცვებს, პრეზენტაციებს რეგიონებში. ავრცელებდა გამოხმაურებებსა და განცხადებებს, მონაწილეობდა საჯარო თუ დახურულ დისკუსიებში, შრომის კოდექსის საპარლამენტო, საკომიტეტო თუ სატელევიზიო განხილვებში.

22 იანვარს გაიმართა შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. განხილვას ესწრებოდნენ მთავრობის, პროფკავშირების, პარლამენტის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

შრომის კოდექსი იყო პროფკავშირების მიერ საპირველმაისო ღონისძიების თემაც. არაორდინალური პირველი მაისი, სადაც სიმბოლურად შრომის კოდექსის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

ამის შემდეგ, ბიზნესმენების ზეწოლით შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს სპეციალურ პრესკონფერენციებზე დარგობრივი პროფკავშირების ლიდერებმა. საგანგებო ერთობლივი ბრიფინგები გამართეს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა, ასევე ნავთობის, გაზისა და მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების ლიდერებმა. ცვლილებებს საპროტესტო პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.

შრომის კოდექსში ცვლილებები საქართველოს პროფკავშირების მრავალწიანი პროტესტის შედეგი იყო. კოდექსის მიღებისას ოპონენტთა ნაწილი იმასაც კი აცხადებდა, რომ კოდექსი “პროფკავშირების დიქტატით“ იქმნებოდა, თუმცა რეალურად გაერთიანება იყო პრინციპული, აქტიური და კონსტრუქციული. უწევდა მწვავე ოპონირებას ბიზნესმენების და ცვლილებების მოწინააღმდეგე დეპუტატების ნაწილს. მუშაობის შედეგი სახეზეა  – შრომის კოდექსი, რომელიც არ არის სრულყოფილი, თუმცა საგრძნობლადაა გაუმჯობესებული და გაცილებით მეტად იცავს დასაქმებულთა უფლებებს, ვიდრე წინა კანონი  და საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ პროფკავშირების როლი ამაში საკმაოდ დიდია. პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას შრომის კოდექსის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

2013 წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად ჩაერთო მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობის პროცესში.  ერთობლივი ღონისძიება პროფკავშირებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად პროფკავშირების კულტურის ცენტრში გამართა.

წლის განმავლობაში გამოიკვეთა პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის აქტივობა, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა საინფორმაციო საშუალებებში. კერძოდ, გაერთიანების ქალთა ორგანიზაციამ ძველით ახალი წლისთვის სამაჩაბლოდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება გადაწყვიტა. საქველმოქმედო აქცია სოფელ წინამძღვრიანთკარში გაიმართა. გაერთიანების ქალთა ორგანიზაციამ 50–მდე ოჯახმა პროფკავშირებისგან საახალწლო ნობათი და სიმბოლური საჩუქრები მიიღო.

მიმდინარე წლის მაისის თვეში პროფკავშირების ქალთა კომიტეტმა თბილისში, საქართველოს პროფკავშირებმა სუბრეგიონალურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, სადაც გენდერულ საკითხებსა და საერთაშორისო კონვენციებზე მსჯელობდნენ. ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელმა, პროფკავშირების გაერთინების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა დასაქმებულ ქალებთან, რომელტაც საკუთარი უფლებების შესახებ და შრომით კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე ვრცლად ესაუბრა.

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა და პროკავშირის წევრების დევნა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. გაერთიანებამ დაგეგმილი გაფიცვის შესახებ საზოგადოებას პრესკონფერენციით ამცნო, თუმცა მოგვიანებით 16 იანვარს გაფიცვა არ შედგა, რადგან ადმინისტრაციამ ერთი დღით ადრე მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა. მედია მთელი პროცესის განმავლობაში დეტალურად იყო ინფორმირებული ქარხანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

იანვარში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული საგაფიცვო მოქმედებები მაისის შუა რიცხვებში (20 მაისიდან) განახლდა. სწორედ ამ დროს დაიწყო „ფეროში“ ფართომასშტაბიანი გაფიცვა. გაფიცულებს სოლიდარობის ნიშნად მომდევნო დღეს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე შეუერთდა, გაერთიანების აპარატის უფროსთან ერთად. ზესტაფონს სოლიდარობა ჭიათურელმა მეტალურგებმა და სტუდენტურმა მოძრაობამაც გამოუცხადა.

2013 წელს შპს საკონტეინერო ტერმინალ “ბარვილ ჯორჯიაში“ დასაქმებულები ხელფასების მომატებას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.  ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირმა მოთხოვნები რამდენჯერმე დააყენა და ადმინისტრაციის მხრიდან მათი უგულებელყოფის შემდეგ გაფიცვა დაიწყო. საბოლოო ჯამში დასაქმებულთა უფლებები გაუმჯობესდა.

მოგვიანებით „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა კიდევ ერთი მოთხოვნა დააყენეს, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ “ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციისგან მოითხოვეს წარმოებაში დასახიჩრებული 20 წლის ახალგაზრდის მკურნალობის ხარჯების დაფარვა. ახალგაზრდა მამაკაცმა საწარმოო ტრავმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირი კი წლის დასაწყისში რუსთავში, სატრანსპორტო გადაადგილების საფასურის მოსალოდნელ ზრდას აპროტესტებდა. ბათუმელ მძღოლებს პროფკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა. გავრცელდა სპეციალური განცხადება და მძღოლების მოთხოვნების შესასრულებლად ქალაქის მერიას ორდღიანი ვადა  მისცა. ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი აქტიური იყო თბილისში სამარშრუტო ხაზებზე არსებული პრობლემებისას და “ყვითელი ავტობუსების“ მძღოლების უფლებების დაცვის საქმეში. სწორედ ამ გაერთიანებამ მოახერხა ახალი ხელისუფლების პირობებში ერთ–ერთი პირველი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება “ყვითელი მიკროავტობუსების“ ადმინისტრაციასთან.

აქტიური იყო საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირიც. პროფესიულმა კავშირმა მხარი დაუჭირა მეხანძრეების მოთხოვნებს, რომელთაც გაფიცვა გადაწყვიტეს და საკუთარი მოთხოვნები პრესასთან დააფიქსირეს. ეს მოთხოვნები იყო: სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დიალოგის დაწყება, უვადო კონტრაქტების დადება და ხელფასების ზრდა.

გაერთიანება აქტიური იყო თბილისში, რუსთაველზე მდებარე მეცამეტე პოლიკლინიკაში მედპერსონალის გაფიცვის ორგანიზებაში. თანამშრომლები პოლიკლინიკის მთავარი ექიმის გათავისუფლებასა და პროფკავშირული ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი 9 თანამშრომლის აღდგენას, ასევე პოლიკლინიკის შენობის პრივატიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. გაფიცვა თანამშრომელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირს წლის განმავლობაში სხვა რამდენიმე აქცია და პრესკონფერენციაც ჰქონდა. მათ შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ სადაზღვევო კომპანიების დავალიანებების  საკითხზე გამართული ბრიფინგი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

აქტიური იყო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი. პროფკავშირის თავმჯდომარემ, მაია კობახიძემ თანამებრძოლებთან ერთად მოახერხა და მიაღწია მასწავლებელთა ხელფასების ზრდას და მათთვის საპენსიო დანამატების მომატებას, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. პროფკავშირის ეს დარგი თანდათან ძლიერდება და ალბათ არაა შორს ის დრო, როდესაც პედაგოგთა პროფკავშირი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი პროფკავშირული ორგანიზაცია გახდება საქართველოში.

წლის ბოლოს უმთავრესი მოვლენები საქართველოს რკინიგზაში განვითარდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რკინიგზაში დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები 2013 წლის 12 ნოემბერს შეიკრიბნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ,  პროფკავშირის წევრებთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ყველა ის ფაქტი, რამაც საქართველოს რკინიგზა გაფიცვამდე მიიყვანა.

სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინსტრაციამ დასაქმებულთა გაფრთხილებები არ გაითვალისწინა და 14 ნომბერს დილით, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორტიაზე რკინიგზა გაფიცვამ მოიცვა. გაჩერდა თბილისის მახარისხებელი სადგური, სალოკომოტივო დეპო, მარნეულის სადგური, გარდაბანის სადგური, ბროწეულას სადგური, რუსთავის, ძეგვის, გაჩიანის სადგურები, სალიანდაგო სამსახურები და ენერგომომარაგება.

სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლები ე.წ. “აფრიკაში“ მდებარე დეპოს ეზოში შეიკრიბნენ. აქციას საქართველოს რკინიზგის მემანქანეები და ზეინკლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ნამსახურები წლების მიხედვით ხელფასის მომატება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და მეცამეტე ხელფასის გაცემა.

ამის შემდეგ, როდესაც სიტუაცია ძალიან გართულდა, 14 ნოემბრის საღამოს, რკინიგზის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის შეხვედრა შედგა. “საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა ნაწილის გაფიცვა შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, სადაც პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამის დასტურად მათ შორის ოქმიც გაფორმდა. საბოლოოდ კი ყველაფერი რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და რკინიგზის დეპოარტამენტს შორის წლის უკანასკნელ დღეს – 31 დეკემბერს დადებული კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების დადებით დასრულდა!

საქართველოს პროფესიული კავშირები ურყევდად იდგა და დღესაც დგას დასაქმებული ადამიანების ინტერესების დასაცავად! სასიხარულოა, რომ ამას უკვე ბევრი ხედავს და აფასებს. თუმცა, პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!

(ციფრულ ფორმატში გამომავალი გაზეთ “სოლიდარობის” 2013 წლის დეკემბრის ნომერი)2