11-12 სექტემბერი, 2026 | ბიშკეკი, ყირგიზეთი
ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციამ ბიშკეკში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო: პროფკავშირების როლი მუშაკთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დაცვაში“.
ორდღიანმა ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ემსჯელათ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი უფლებების, პროფესიული რისკების პრევენციისა და სოციალური დიალოგის გაძლიერების საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, სამთავრობო უწყებების, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, თურქმენეთი, აზერბაიჯანი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ღონისძიებაზე წარმოადგენდა გენერალური მდივნის მოადგილე ლავრენტი ალანია.
საერთაშორისო ფორმატმა მონაწილეებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და ემსჯელათ იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომელთა გამოყენება და ადაპტირება შესაძლებელია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეროვნული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება და პროფკავშირების როლი შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების თანამშრომლობის მნიშვნელობა, დასაქმებულთა ჩართულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში და პროფესიული რისკების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.
ღონისძიების გახსნისას FPSK-ის თავმჯდომარემ მურადილ ჯუმადილდე უულუმ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შრომით ურთიერთობებში აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს.
კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფკავშირებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და სოციალური დიალოგის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პროფკავშირულ თანამშრომლობას და საქართველოს წარმომადგენლობას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე.