ამერიკის პროფკავშირების აქტივისტები საქართველოში ვიზიტს აჯამებენ

ამერიკის პროფკავშირების ახალგაზრდა აქტივისტები რკინიგზელების შემდეგ, ჭიათურელი მაღაროელებისა და ზესტაფონელი მეტალურგების პროფკავშირებს შეხვდნენ.  საქართველოს შრომითი უფლებების მდგომარება, შრომის უსაფრთხოების საკითხები, უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა და პროფკავშირების გაძლიერება – ეს ის მთავარი საკითხებია, რომელბზეც ამერიკელმა აქტივისტებმა მაღროელებთან და მეტალურგებთან იმსჯელეს.

აქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ოფისებში მათ პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადგილზე არსებული შრომის პირობების, პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობის, კომპანიის პროფკავშირის მიმართ დამოკიდებულების, შრომით-სამართლებრივი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა, ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარეს პროფკავშირული საქმიანობის ამერიკული პრაქტიკა.

შეხვედრა, ასევე, შედგა ქუთისში, მეწარმე ქალთა ასოციაციასთან და ქალთა უფლებამდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, სადაც საუბრის მთავარი საკითხი გენდერული თანასწორობა და დასაქმებულ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები იყო. ვიზიტის ფარგლებში ჯგუფის წევრები აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელობასა და ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებს სტუმრობდნენ. ასევე, ისაუბრეს აჭარის ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ლიდერებთან. მსჯელობა შეეხო ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისა და გადამზიდავების შრომით უფლებრივ მდგომარეობას. სტუმრები ტყიბულში მეშახტეების პროფკავშირის წევრებსაც შეხვდნენ და ინფორამცია ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე მიიღეს.

 

დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ბოლო შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართეს, სადაც საქართველოს მედიის პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მაუწყებელში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე და იქ დასაქმებულთა უფლებების დარღვევებზე, ასევე პროფკავშირული ნიშნით შევიწროვების ფაქტებზე იმსჯელეს.

chiatura 1 chiatura 2 (1) 16903353_10154603804133073_1510589258277019828_o 5 4 16903264_10154615777988073_4942231806821151261_o 16991697_10154615777983073_3515724189719860655_o 17017141_10154615778103073_3925435051848279568_oშეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრის გაცვლითი პროგრამის 3 მონაწილეს მასპინძლობს. პროგრამა ემსახურება შრომითი და სოციალური უფლებების საკითხებით დაინტერესებული და ამ სფეროში ჩაბმული ამერიკის პროფკავშირების ახალგაზრდა აქტივისტებისთვის საქართველოში არსებული სიტუაციის გაცნობას, საქართველოში დასაქმებულების მძიმე შრომითი პირობების, პროფკავშირის ლიდერების დევნის და არასაკმარისი სოციალური უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას და უფლებებისთვის ბრძოლის ამერიკული გამოცდილების მათთვის გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის, პროფკავშირულ საქმიანობაში ქართველი ახალგაზრდობის მონაწილეობის საკითხებზე, სპეციალური პრეზენტაცია გამართეს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განიხილეს პროფკავშირული სკოლის, არჩევნების და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები. დელეგაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს პლატფორმის სოციალური დიალოგის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური დიალოგის პრაქტიკა აშშ-ში და საქართველოში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების თანამშრომლობის მაგალითები. შეხვედრა შედგა რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრებთანაც, სადაც რკინიგზაში არსებულ ვითარებასა და პროფკავშირის საქმიანობის დეტალებზე იმსჯელეს. პროგრამაში მონაწილეობენ სტიუარტ მაკინტაიერი, ოჰაიოს სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი, ჰეზერ ლევერტი, ამერიკის ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი და ასევე ოჰაიოს მშენებელთა პროფკავშირის წევრი და პროფესიული განათლების კურსის ბენეფიციარი ვიტალი კუსმი. ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა 28 თებერვალს, თბილისში, ამერიკის პროფკავშირების შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის ოფისში გაიმართება.