28 აპრილი – სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღე საზოგადოებას უპირველეს ყოვლის იმ პრობლემებს ახსენებს, რაც შრომის დაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე დაგროვდა. პროფესიული კავშირების გაერთიანება სისტემატურად ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხებზე, რომლებზეც სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს დაადგინოს შრომის დაცვაში მონაწილე თითოეული სუბიექტის (დასაქმებული, დამსაქმებელი) უფლება_მოვალეობების სისტემა და შექმნას შრომის დაცვის დადგენილი ნორმების შესრულების მექანიზმები, რითაც ყალიბდება მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოები შრომის უფლებებისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის შესასრულებლად. აღნიშნული ბაზისური საკითხები საქართველოში ფაქტობრივად უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.
2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის უფლება- მონაცვლე სამსახურიც არ შექმნილა. დღეისათვის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ვრცელდება, იმ ობიექტებზე, სადაც ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” საქართველოს კოდექსით, რაც შეეხება იმ საწარმოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში საზოგადოებრივ ზედამხედველობას ანუ პროფესიული კავშირების ზედამხედველობას, შეიძლება ითქვას, რომ კონტროლს მიღმა ფუნქციონირებენ. პროფესიული კავშირების გაერთიანებას საქართველოს კანონის “პროფესიული კავშირების შესახებ” თანახმად მხოლოდ იმ საწამოებში (ორგანიზაციებში) შეუძლიათ შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა, სადაც არსებობს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია.
შრომის ტექნიკური ინსპექცია, განსხვავებით ზემოთ აღნიშნული სააგენტოსგან, ზედამხედველობას ახორციელებდა არა მხოლოდ ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, ასევე სახელფასო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების, შვებულებების გაცემისა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქმედ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მიუხედავად მათი საკუთრებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და აღნიშნულთან ერთად მათი წარმომადგენლობა იკვლევდა საწარმოო შემთხვევებს.
2006 წელს შრომის ტექნიკური ინსპექციის გაუქმების შემდეგ საგრძნობლად იმატა უბედური შემთხვევების რიცხვმა სამუშაო ადგილებზე. შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების იგნორირების შედეგია ბოლო წლებში გახშირებული საწარმოო შემთხვევები. დასაქმებულთა უმეტესობა სამშენებლო და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით 2007-2013 წლებში რესპუბლიკის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 273 ადამიანი დაიღუპა და 486 მძიმედ დაშავდა, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებში- საწარმოებში (ორგანიზაციებში) 2007-2013 წლებში დაიღუპა 71 და მძიმედ დაშავდა 25 დასაქმებული.
მხოლოდ 2010 წელს, რა პერიოდშიც საქართველოში დასაქმებული იყო 1 656 007 ადამიანი, საწარმოო ტრავმებისგან გარდაიცვალა 81. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ მოვახდენთ შედარებით-ანალიზს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებშიDსამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების, ასეთ სურათია: შვეიცარია 4 167 000 დასაქმებულიდან გარდაიცვალა 46; ფინეთი 2 385 000 დასაქმებულიდან გარდაიცვალა 43; შვეცია 4 234 000 დასაქმებულიდან გარდაიცვალა 56; ჰოლანდია 7 935 000 დასაქმებულიდან გარდაიცვალა 104; დიდი ბრიტანეთი 27 820 800 დასაქმებულიდან გარდაიცვალა 174.
ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე მარტივი არითმეტიკული დაანგარიშებით ჩანს, თუ რამდენ დასაქმებულზე რამდენი გარდაცვლილი მოდის, რაც ნათელს ხდის თუ რამდენად მაღალია საქართველოში სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აუცილებლია სახელმწიფომ სერიოზული კორექტივები შეიტანოს ბოლო რამდენიმე წელიწადში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებულ ლიბერალურ პოლიტიკაში. უნდა შეიქმნას სამუშაო გარემოზე უწყვეტი მონიტორინგისა და შრომის პირობების კვალიფიციური ანალიზის, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვისა და გამოკვლევის მოქნილი და ეფექტური სისტემა. მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება. ქართულ ნორმატიულ აქტებთან ერთად მოქმედებაშია 1992 წლამდე შემუშავებული და დამტკიცებული რუსული ნორმატიული აქტები, რომლებიც მოძველებულია და საჭიროებენ გადახედვას, რადგან არ მოდიან შესაბამისობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობებთან, რაც სირთულეებს ქმნის საწარმოებში როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით ისე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების კვლევის დროს.
მისასალმებელია, რომ მთავრობის მხრიდან აღნიშნული პრობლემატური საკითხის მოგვარება პროცესი დაწყებულია, ძალაში შევიდა ახალი ნორმატიული აქტები “ტექნიკური რეგლამენტები”, რომლებიც შემუშავდა მოქმედი კოდექსის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” შესაბამისად. ახალმა “რეგლამენტებმა” ჩაანაცვლეს რუსული და ასევე ქართული ძველი ნორმატიული აქტები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნორმატიული ბაზის, რომელთა განახლებაც მოხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ხუთი ქვეყნის (ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, მოლდავეთი) შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რამაც საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნულ სფეროში მოქმედი რეგულაციების შედარებითი ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვცა. აშკარაა განსხვავებები იმ მიდგომებს შორის, რაც საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებენ.
ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ყველგან შომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს შრომის ტექნიკური ინსპექცია. ამას გარდა ამ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციები ავალდებულებენ დამსაქმებელებს საწარმოში შრომის უსაფრთხოების კომიტეტების შექმნას. კომიტეტის ფუნქციაა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში რისკფაქტორების გამოვლენა, შეფასება (რისკფაქტორების კლასიფიცირება) და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება გამოვლენილი რისკების აცილების მიზნით. აღნიშნული კომიტეტები საწარმოებში პარიტეტული წესით კომპლექტდება, როგორც დამსაქმებლების ისე დასაქმებულთა წარმომადგენლობისგან. კომიტეტის მუშაობაში ასევე ერთვებიან მოწვეული სპეციალისტები. შრომის უსაფრთხოების კომიტეტებთან ერთად საწარმოებში ფუნქციონირებენ ასევე სამედიცინო და შრომის ჰიგიენის სამსახურები, რომლებიც მუშაობენ პროფესიული დაავადებების პრევენციის კუთხით. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება თუ ზემოთ აღნიშნული წარმატებული უცხოური პრაქტიკა ჩვენს საწარმოებშიც დაინერგება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მუშავდება კანონპროექტები: “შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ” და “შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენაზე საზედამხედველო სამსახურის შესახებ”, რაც მისასალმებელია. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება თუ მოხდება ჩვენი რეგულაციების ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან, რასაც ევროკავშირის დირექტივებიც გვავალდებულებს.
ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილებზე არსებული რისკების გამოვლენისა და შეფასების მეთოდიკა კომპლექსურ სისტემას ითვალისწინებს, რაც სამი მხარის მონაწილეობას გულისხმობს- დამსაქმებელი, დასაქმებულთა წარმომადგენლობა და ხელისუფლება. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რამდენადაც შრომის დაცვის ერთიან სისტემაში ჩართულია რამდენიმე სუბიექტი სხვადასხვა ინტერესებით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ამ სისტემის შემადგენელი საკანონმდებლო ბაზა, მაინც ყველაზე ქმედითად რჩება მოლაპარაკებების გზა, ორგანიზაციაში შრომის დაცვის პრობლემების გადაწყვეტის გზების ერთობლივი ძიება _ ყველაფერი ის, რასაც ცივილიზებული სამყარო გულისხმობს ცნებაში “სოციალური პარტნიორობა”. შრომის დაცვაში სოციალური პარტნიორობა _ ეს უნდა იყოს საწარმოებში ამ მიმართებით არსებული საერთო პრობლემების გადაწყვეტის ურთიერთმისაღები გზების ძიების სისტემა, სისტემა ურთიერთმოლაპარაკებისა შრომის დაცვის სუბიექტებს შორის.