მიმდინარეობს საიტის განახლება

ზრუნვა, როგორც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

29 ოქტომბერს საქართველოს პროფესიული კავშირები უერთდება გლობალურ სამოქმედო დღეს მოწოდებით „ინვესტიციები და ღირსეული სამუშაო ზრუნვის სფეროში“

ზრუნვა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს,  რაც ძირითადად ქალების მიერ სრულდება და კონცენტრირებულია როგორც ეკონომიკის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში, ისე ოჯახებსა და პირად სივრცეებში. ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის არაპროპორციული განაწილება ქალებისთვის დროს სიღარიბესაც ქმნის, რაც ხელს უშლის მათ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე.

პანდემიის გავლენამ ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტზე, კიდევ უფრო გამოკვეთა ზრუნვის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. კიდევ უფრო გამოჩნდა, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელი, თუმცა გაუფასურებულია სამუშაო, რომელსაც აღმზრდელები, ექთნები, სოციალური მუშაკები, თერაპევტები, მომსახურების სფეროში დასაქმებულები და ოჯახში დამხმარეები ასრულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ცხოვრებაც და ეკონომიკაც ქალების მიერ გაწეულ ფორმალურ და არაფორმალურ ზრუნვის შრომაზე დგას, ის მაინც დაუფასებელია. იშვიათად საუბრობენ მის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებაზე. საზოგადოებაში, სადაც ზრუნვა ქალის ბუნების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, კრიზისის დროს გაზრდილი ზრუნვის ტვირთი ავტომატურად ქალებს ეკისრება და პანდემიის საპასუხო პოლიტიკის მიღმა რჩება.

ქალების ისედაც რთული მდგომარება საქართველოს შრომის ბაზარზე კიდევ უფრო გართულდა კოვიდ-პანდემიის შედეგად. ყურადსაღებია, რომ უმუშევრად დარჩენილთა უმეტესობა ქალია. 54 ათასი შემცირებული სამუშაო ადგილიდან 42 ათასი (77,7%) მოდის იმ სამუშაო ადგილებზე, რომელზეც ქალები იყვნენ დასაქმებული.

ქალები მიუხედავად იმისა, რომ მათ სამუშაო ადგილები დაკარგეს, აღარ ეძებდნენ ახალ სამუშაოს და მათი ისედაც დაბალი  ეკონომიკური აქტიურობის დონე 43,1%-დან 40,4%-მდე შემცირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასაც ქალების ეკონომიკური აქტიურობის დონის შემცირება შეიძლება გამოეწვია არის საშინაო საქმეების გაზრდილი მოცულობა პანდემიის პირობებში. განსაკუთრებით კი ეს ეხება ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობას. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო დაწესებულებები ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, საბავშვო ბაღები კი დაიხურა, ქალები იძულებული გახდნენ, დარჩენილიყვნენ სახლში და დაკავებულიყვნენ საოჯახო საქმეებით.

ზრუნვასთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი შრომის 75%-ს ქალები ასრულებენ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ქალები და კაცები არ ასულებენ ერთნაირი მოცულობის „საშიანო“ საქმეებს. ამ სხვაობის გაქრობას არსებული ტემპით 210 წელიწადი დასჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ის სექტორები სადაც დასაქმებული არიან ქალები. ასეთია მაგალითად მომსახურების სექტორი – სასტუმროები, რესტორნები, ვაჭრობის სექტორი. ქალების მიერ სამუშაოს დაკარგვამ და მათმა საოჯახო საქმიანობაში გადანაცვლებამ გამოიწვია ჯაჭვური ეფექტი და უმუშევრად დარჩნენ  საოჯახო მეურნეობებში დასაქმებული ქალებიც – დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები. ის ქალები, რომლებიც მანამდე დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა სფეროში, გახდნენ აუნაზღაურებელი საოჯახო საქმეების შემსრულებელნი. საგულისხმოა, რომ ამ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა მუშაობს შრომითი ხელშეკრულების გარეშე, რაც შემდეგში მათ შრომითი უფლებების დაცვის საჭიროების შემთხვევაში გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებთ.

ქალებისთვის შრომის ბაზარზე თანასწორობის მიღწევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობისაა ზრუნვის სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ყოვლისმომცველი ზრუნვის პოლიტიკა, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და სოციალურ გარანტიებს ისე მშობლების ხელის შეწყობას შრომის კანონმდებლობით.

სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სოციალური პოლიტიკა ბავშვის მოვლის, ხანდაზმულთა მოვლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის მიმართულებით. სახელმწიფოს ასევე უნდა ჰქონდეს კანონმდებლობა, რომელიც შექმნის „ოჯახისადმი მეგობრულ“ გარემოს.  კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შესაძლებლობას, ისე საოჯახო ვალდებულებების მქონე პირთათვის მოქნილი სამუშაო გარემოს არსებობას.  ამ მხრივ მნიშვნელოვანია შსო-ს კონვენცია №156 „დასაქმებულები საოჯახო პასუხისმგებლობებით“ რატიფიკაცია და პრაქტიკაში გამოყენება. კონვენცია განსაზღვრავს იმ დასაქმებულთა მხარდაჭერის საჭიროებებს, რომელთაც გააჩნიათ საოჯახო პასუხისმგებლობები, როგორიცაა ბავშვის მოვლა ან ხანგრძლივი მოვლა (შშმ პირის ან დროებით შრომისუუნარო პირის), დეკრეტული შვებულების საკითხები და სხვ. სამწუხაროდ საქართველოს აღნიშნული კონვენცია ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული.

იმისათვის, რომ ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები იყოს დაცული, პროფესიული კავშირების გაერთიანება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის ყველა ფორმის გაზომვა, მათ შორის აუნაზღაურებელი შრომის გათვალისწინება სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.
  • ხარისხიან ზრუნვის სერვისებსა და შესამაბის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება.
  • აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის წარმოება, რომელიც უნდა ეხმარებოდეს აუნაზღაურებელ ზრუნვის საქმიანობაში ჩართულ პირებს დაუბრუნდნენ სამუშაო ძალას.
  • საოჯახო ვალდებულებების მქონე პირების მიმართ „მეგობრული“ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს კანონმდებლობაში ასეთი პირებისათვის შეღავათების დაწესებას. მათ შორის დედობის, მამობის და მშობლის შვებულების დაფინანსება, დამსაქმებლის მიერ ყველა დასაქმებულისთვის.
  • ხარისხიან ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უნივერსალური გარანტიის არსებობა ქვეყნის მასშტაბით.
  • ზრუნვის სერვისების წილის გაფართოება სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემაში.
  • ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა საზოგადოებასა და სამუშაო ადგილებზე, გენდერულად უფრო თანასწორი შინამეურნეობების წახალისების მიზნით.
  • თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დანერგვა და რეალიზაცია.
  • ქალთა წახალისება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, იმისათვის, რომ დაიკავონ ხელმძღვანელი პოზიციები.
  • სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების გაძლიერება.
  • დასაქმებულთა უზრუნველყოფა გაერთიანების თავისუფლებით.