შპს „ვოლტ ჯორჯიაში“ კურიერის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის, 2022 წლის სექტემბერში, ცალმხრივად, მათთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, კომპანიამ სატარიფო ღონისძიებები გაატარა, რამაც, მათი შრომითი პირობები გააუარესა. კომპანიის მხრიდან განხორციელდა მანძილის გამოთვლის წესის შეცვლა და ტარიფების შემცირება, პრობლემას წარმოადგენდა განვლილი კილომეტრაჟის ცდომილება და შესაბამისი ანაზღაურების მიუღებლობა, გადაბმული შეკვეთების დროს კილომეტრაჟის არასწორი დაანგარიშება, რაც ასევე აისახებოდა ანაზღაურების ოდენობაზე და ა.შ.
ბუნებრივია, მითითებულმა ცვლილებებმა კურიერების მდგომარეობა გააუარესა. 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან [მას შემდეგ, რაც ცალმხრივად მიღებული ცვლილებები ჩაუშვეს აპლიკაციაში და კურიერებმა ნახეს შედეგები] აღნიშნულმა „სიახლეებმა“ კურიერების, მათ შორის, ირაკლი კაპანაძისა და დავით სოხაძის უკმაყოფილება გამოიწვია. დასაქმებულებმა დააორგანიზეს აქციები. აქტიურობდნენ სოციალურ ქსელში, მათ შორის, კურიერების უფლებების დაცვის მიზნით შექმნილ ჯგუფებში.
2022 წლის 3 ოქტომბერს შპს „ვოლტ ჯორჯიაში“ დასაქმებული კურიერების უფლებების დასაცავად კიდევ ერთი აქცია გაიმართა.
2022 წლის 4 ოქტომბერს, 3 ოქტომბრის ღამის 12:00 საათის შემდეგ, ირაკლი კაპანაძემ კურიერების ჯგუფში, კურიერებში სოლიდარობის გრძნობის გაღვივების შესახებ პოსტი დაწერა. ფაქტობრივად, იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ირაკლი კაპანაძესა და დავით სოხაძეს შპს „ვოლტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა და კომპანიაში დაიბარა. ადგილზე მისულ დასაქმებულებს აცნობეს, რომ მათთან ხელშეკრულება წყვეტდნენ. დაუბლოკეს აპლიკაციებიც.
ცხადი იყო, რომ ირაკლი კაპანაძე და დავით სოხაძე დასაჯეს. რადგან, სწორედ ისინი აქტიურად აპროტესტებდნენ კომპანიის მიდგომებს, რომელიც კურიერების უფლებებს ლახავდა და მათ შრომით მდგომარეობას აუარესებდა.
ირაკლი კაპანაძემ და დავით სოხაძემ მათი უფლებების დასაცავად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მომართეს. მათ მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და აღმოფხვრის თხოვნით, პროფკავშირებმა საქართველოს სახალხო დამცველს მივმართეთ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და 2023 წლის 04 ივლისს შპს „ვოლტ ჯორჯიას“ სახელზე გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ:
- ურთიერთობა შპს „ვოლტ ჯორჯიას“ და ირაკლი კაპანაძესა და დავით სოხაძეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა;
- საქმეში განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერი დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენდა;
- დადგინილ იქნა დისკრიმინაციული მიდგომა;
- კომპანიას დაევალა ირაკლი კაპანაძისა და დავით სოხაძისათვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენა;
- კომპანიას მიეთითა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნვლყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.
ირაკლი კაპანაძისა და დავით სოხაძის ინტერესებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები თამარ სურმავა და ქეთევან ჩხაიძე იცავენ.
პროფკავშირების გაერთიანება საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.