ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი, მარინე ბანეთიშვილი, თამარ თალაკვაძე, ხათუნა ცენტერაძე და ლევან ხაზიური – ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა დასჯაც „უსინათლოთა კავშირმა“ მათ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორის მხარდაჭერის გამო სცადა. დასაქმებულთა ნაწილი მკვეთრად გამოხატული და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში უვადო შრომითი ურთიერთობის ფარგლებში იყვნენ დასაქმებულები, დირექტორის მხარდაჭერისა და საკუთარი პოზიციების ხმამაღლა გამოხატვის გამო, დამსაქმებელმა დისციპლინირების გზით სამსახურიდან გაათავისუფლა.
მხარეებს შორის კონფლიქტი 2022 წლის 28 იანვარს წარმოიშვა. მას შემდეგ, რაც უსინათლოთა კავშირმა ცენტრის დირექტორი ცირა ვეფხვაძე გაათავისუფლა. დასაქმებულებმა მხარი დაუჭირეს და მისი დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს. ზოგიერთმა მათგანმა შიმშილიც კი დაიწყო.
შემოსავლის გარეშე დარჩენილმა პროტესტში მონაწილე დასაქმებულებმა, პარალელურად, 2022 წლის 6 მაისს, სასამართლოს სარჩელით მიმართეს. 2022 წლის 25 ივლისს სახალხო დამცველმა ცენტრს მიმართა რეკომენდაციით, რომ გათავისუფლებულები სამსახურში აღედგინა. სახალხო დამცველმა დისციპლინირების გზით გათავისუფლებაში გათავისუფლებისთვის ხელოვნური მიზეზის შექმნის მცდელობა დაინახა და მოსარჩელეების შრომის უფლების დარღვევა დაადგინა.
გათავისუფლების უკანონობის დასადგენად მიმდინარე პროტესტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციამ, შიმშილობამ და საზოგადოებრივმა წნეხმა შედეგი გამოიღო და 2022 წლის 23 აგვისტოს სასამართლომ მხარეთა შორის მორიგება დაამტკიცა. მორიგების აქტის საფუძველზე გაუქმდა დისციპლინირების შესახებ ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგნენ პოზიციებზე და შეთანხმებული ოდენობით განაცდური ხელფასი აუნაზღაურდათ.
აღდგენის შემდეგ, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს ცენტრმა მოსარჩელეები ამჯერად რეორგანიზაციის საფუძვლით, კვლავ გაათავისუფლა. ამჯერად, დამსაქმებელი ირწმუნებოდა, რომ პოზიციები, რომლებსაც ისინი იკავებდნენ, უფუნქციო იყო (ვრცლად იხ. ბმულზე: https://gtuc.ge/profkavshirebi-sasamartlo-darghveuli-shromiti-uflebebi/ ).
გათავისუფლებულებმა პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით სარჩელით სასამართლოს მიმართეს. 2023 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ცენტრს მოსარჩელეთა სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი ხელფასის შესაბამისად დააკისრა. ეს გადაწყვეტილება 2023 წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომაც უცვლელი დატოვა.
დაკისრებული იძულებითი განაცდური ჯამურად დღეის მდგომარეობით ხელზე ასაღები ოდენობით 25 800 ლარს შეადგენს. განაცდურის ოდენობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე გაიზრდება. ცენტრს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, აგრეთვე, დაეკისრა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია ხელზე ასაღები 800-800 ლარის ოდენობით (ჯამურად 4800 ლარი) და სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, მოსამართლის კითხვაზე, როგორია ცენტრის ბიუჯეტი რეორგანიზაციამდე და რეორგანიზიის შემდეგ, ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ 30 000 ლარით გაიზარდა, გაიზარდა დარჩენილი შტატების ხელფასებიც. მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ დამსაქმებელმა ფიქტიურად შეამცირა შტატები პროტესტისა და იმის გამო, რომ გათავისუფლებულების ხელფასების ხარჯზე დარჩენილებისთვის თვითნებურად გაეზარდათ ანაზღაურება, მათ შორის, თავად ხელმძღვანელობას საკუთარი თავისთვის. ეს, ფაქტობრივად, დადასტურდა ცენტრის დირექტორის პასუხით.
საგულისხმოა, რომ შრომის კოდექსი რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებას დასაშვებად მხოლოდ მაშინ მიიჩნევს, თუ ის გამოწვეულია ეკონომიკური ანდა ტექნოლოგიური გარემოებებით. სასამართლო პრაქტიკა მოწმობს, რომ საქართველოში „რეორგანიზაცია“, როგორც გათავისუფლების საფუძველი დამსაქმებლების მხრიდან გამოიყენება არასასურველი დასაქმებულების გასათავისუფლებლად.
პროფკავშირები საგანგაშოდ მიიჩნევს თავად უსინათლოთა ინტერესების წარმომდგენი ორგანიზაციის მხრიდან პრაქტიკულად ანგარიშსწორების მოტივით, ფიქტიური საფუძვლით დასაქმებულთა გათავისუფლებას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი წესდების საფუძველზევეა ვალდებული, იზრუნოს წევრთა დასაქმებაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრირებასა და შესაძლებლობების რეალიზებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებები პასუხია უსინათლოთა კავშირში ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. ამ დროის განმავლობაში უხეშად და არაერთგზის დაირღვა უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების შრომის უფლება და გამოხატვის თავისუფლება.
მოსარჩელეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.