18 ნოემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა, ბიზნესის და პროფკავშირების ჩართულობა და როლი ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში, კოლექტიური მოლაპარაკებების/მედიაციის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების ინიციატივა.
შეხვედრაზე შედგა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია „შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე დამსაქმებლების ხედვის შესახებ“. პროფკავშირების ინიციატივით კომისიის სამოქმედო გეგმაში შესულ საკითხებზე – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დედობის დაცვის შესახებ N183 და შინამეურნეობებში დასაქმებულთა ღირსეული შრომის შესახებ N189 კონვენციების რეგულირების გავლენის ანალიზის შესახებ ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ.
პროფკავშირები აღნიშნული კონვენციების რატიფიცირებას წლებია ითხოვს და აპროტესტებს საქართველოში დეკრეტული შვებულების არასამართლიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც გარდა საჯარო მოხელეებისა, ყველა დასაქმებულს დეკრეტული ანაზღარებადი შვებულების 183 დღის (6 თვის) მანძილზე მიეცემა მხოლოდ სახელწმიფო დახმარება ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა, რაც საარსებო მინიმუმის 65%-საც არ უტოლდება. მოგვაჩნია, რომ აღნიშნული არის შრომის ბაზარზე არსებული მწვავე გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ანალოგიურად, უკიდურესად პრობლემურია საოჯახო მეურნეობებში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ ქალები არიან და მათი შრომსი არაფორმალური ხასიათი გამორიცხავს მათ მიერ ბაზისური შრომითი უფლებებით სარგებლობასაც კი.
პროფკავშირების გაერთიანებამ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდის საწარმოების უმეტესობაში, სადაც პროფკავშირების გაერთიანება ცდილობდა კონსტრუქციული დიალოგის გზით და კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმების (კოლექტიური მოლაპარაკებების, მედიაციის) გამოყენებით თავიდან აერიდებინა პროტესტის უკიდურესი ფორმები, ეს ვერ მოხერხდა, რადგან დამსაქმებლებმა უარი თქვეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე.
არაერთმა კომპანიამ (შპს აზოტი, შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სს ბორჯომი, სს წყალი მარგებელი, შპს გულისტანი და ა.შ.) ღიად განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებოდა პროფკავშირებთან და ცდილობდა დასაქმებულებთან პირდაპირ კომუნიკაციას. აღნიშნულ დამოკიდებულებას სამწუხაროდ, ხშირად ახალისებენ სახელმწიფოს წარმომადგენლები (გუბერნატორები, მერები, დეპუტატები, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიატორები და ა.შ), რომლებიც მოუწოდებენ დასაქმებულებს, დამსაქმებლის ნების შესაბამისად, მოლაპარაკებებში პროფკავშირის გარეშე ჩაერთონ.
აქედან გამომდინარე სამმხრივი კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც:
- პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკები და კოლექტიური შრომითი დავების განხილვა მოხდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში, რომლის მთავარი ფუნქციაცაა სწორედ სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე, სამმხრივი კომისიის წევრებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევის წახალისება.
- სახელმწიფომ სოციალურ პარტნიორებთან ერთად გაატაროს ღონისძიებები სახელწმიფო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით შსო-ს ფუნდამენტური სტანდარტების, მათ შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობის შესახებ
- სახელმწიფომ სოციალურ პარტნიორების ჩართულობით მიიღოს ზომები სოციალური დიალოგის ყველა (რეგიონალურ, ქალაქის და ა.შ. ) დონეზე წასახალისებლად
პროფკავშირებმა გამოიტანა საკითხი მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც 20 წელიწადზე მეტია თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს და სახელმწიფომ მის ოდენობას არც ერთხელ არ გადახედა მიუხედავად პროფკავშირების არაერთგზისი ინიციატივისა. პროფკავშირებმა დეტალურად მიმოიხილა ამ თვალსაზრისით და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებული სიტუაცია და წარადგინა შემდეგი რეკომენდაციები:
- საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის #131 კონვენციის რატიფიცირება;
- საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მას დაემატოს მინიმალური ხელფასის დეფინიცია;
- მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან და იგი უნდა განისაზღვროს არანაკლებ საშუალო ხელფასის 30 %-ის ოდენობით;
- მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება;
- საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს შრომის კოდექში განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი. მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის ვალდებულება დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვალდებული იქნება დაადგინოს მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად;
- მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ.
ამას გარდა, მინიმალურ ხელფასს პროფკავშირები განიხილავს გენდერული ნიშნით სახელფასო უთანასწორობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესს საშუალებად.