შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს პროფკავშირების რეკომენდაციები სრულად გაიზიარა.
შსო-ს ექსპერტთა კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას შრომის სფეროში არსებული მწვავე და პრობლემატური საკითხების დარეგულირებისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებს, მათ შორის კონკრეტულ მითითებებს იძლევა – შრომის ინსპექტირებასთან, გენდერული თანასწორობასთან, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ექსპერტთა კომიტეტი, სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, სფერო დარჩენილია უკონტროლოდ და აქვე მიუთითებს შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ზედამხედველი ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე.
კომიტეტი ეხმაურება შრომის ინსპექტირების შესახებ არსებულ სახელმწიფო პროგრამას და აღნიშნავს, რომ ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის მისი ეფექტიანი დანერგვის კუთხით. ამასთან ელოდება სახელმწიფოსგან განმარტებას, თუ რა ფორმით ასრულებს ქვეყანა N100 კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ეხება თანაბარი შრომის თანაბარ ანაზღაურებას და ამ კონტექსტში შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორიციელებულ აქტივობებს.
დოკუმენტში საუბარია „თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ შსო N მე-100 კონვენციის სწორი დანერგვის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე ცნოს და დანერგოს თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფცია.
ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის არსებობის პრობლემის გამო კი მოუწოდებს მთავრობას გაატაროს ყველა
ღონისძიება ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ხელფასებს შორის სხვაობის შესამცირებლად. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს ქვეყანას მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით, დაუყოვნებლივ, გამოავლინოს ხელფასებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული სტერეოტიპები და სამსახურეობრივი სეგრეგაცია და მოუწოდებს ქვეყანას წაახალისოს ქალები დასაქმდენენ ფართო პროფილის სამსახურებში მათ შორის, მაღალ სამსახურეობრივ პოზიციებზე.
ანგარიშში განხილულია შრომის კანონმდებლობა და დიდი ადგილი ეთმობა პროფესიული კავშირების შექმნის და დისკრიმინაციის საკითხებს. ხაზგასმულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დასაქმებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის პრობლემა და მითითებულია, რომ ეს ნორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნას გაერთიანების თავისუფლების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, პროფკავშირებისადმი კუთვნილების ან პროფკავშირული აქტივობის გამო, დამსაქმებელმა შესაძლოა არ მიიღოს ადამიანი სამსახურში და არც კანონი ავალდებულებს დაასაბუთოს უარი დასაქმებაზე, რაც დისკრიმინაციაა.
შეფასების თანახმად პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე ზედამხედველობა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ინსპექტორების კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, რადგან მათ შრომის უსაფრთხოების, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნიათ. შესაბამისად, მოუწოდებს ხელისუფლებას შექმნას სპეციალური სახელმწიფო სამსახური, რომელიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სწორ დანერგვას მონიტორინგს გაუწევს.
ექსპერტთა კომიტეტი დადებით ნაბიჯად მიიჩნევს შრომის კოდექსის ცვლილებას იმ ნაწილში, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს დამსაქმებელთა ან დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, დამრღვევის მიმართ სანქციების გამოყენებისა და ამ უფლების აღდგენის მექანიზმების არსებობის საჭიროებას.
შსო მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე წაახალისოს დამსაქმებლებლები, რათა აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები და გააფრომონ შეთანხმებები. დღეს სახელმწიფოში არ არსებობს კოლექტიური მოლაპარაკებების და შეთანხმებების სტატისტიკა.
კომიტეტი სამმხრივი დიალოგის ინსტიტუციონალიზაციისა და ამ პროცესის ფარგლებში მედიატორთა სიის დამტკიცებისა და ამ ინსიტიტუტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად მიიჩნევს და ითხოვს „კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას. გარდა ამისა, მოუწოდებს სახელმწიფოს ამ საკითხებზე მუშაობისას გააძლიეროს სოციალური დიალოგი.
სექსუალური შევიწროების თემის განხილვისას, კომიტეტი უთითებს შევიწროების ცნებაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით განისაზღვრა, შრომის კოდექსზე, რომელიც კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონზე, თუმცა, ამავდროულად ხაზს უსვამს ამ საკითხის სტიგმატიზაციას, როგორც ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს ქვეყანაში სექსუალური შევიწროების საკითხების გამოსავლენად.
ეყრდნობა რა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დასკვნებს, მათ შორის, უფლებადამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების არაეფექტურობასა და არასაკმარისობას, მოუწოდებს მთავრობას, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებთან ერთად აკრძალოს სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში. ასევე, მიუთითებს მსხვერპლთა უფლებების აღდგენის მექანიზმების აუცილებლობაზე და ბოლოს, შრომის კოდექსის რეფორმის კვალდაკვალ მოუწოდებს სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვროს სექსუალური შევიწროების ცნება შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მსგავსად.
ამავე ანგარიშში, ექსპერტთა კომიტეტი ეხება ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფის საკითხზე. ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, გენდერულ სტერეოტიპებსა და ოჯახში ქალის როლზე, საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც ქალი აწყდება ოჯახური ვალდებულებების სამსახურეობრ მოვალეობებთან შეთავსებისას. შესაბამისად, ექსპერტთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, შრომისა და დასაქმების ადგილებში გენდერული თანასწორობის უზრუნველსყოფისკენ, ასევე, მოუწოდებს ქვეყანას გაატაროს ყველა ზომა ქალებისთვის დასაქმების სფეროში ბარიერის მოსახსნელად, მრავალფეროვანი სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ოჯახური ვალდებულების სამსახურეობრივ მოვალეობებთან შესათავსებლად.