მიმდინარეობს საიტის განახლება

სასწრაფო დახმარების ბრიგადების აუდიო ჩაწერა აიკრძალა

პროფკავშირებმა დავა მოიგო. სახელმწიფო ინსპექტორმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დასაქმებულების უკანონო აუდიო ჩაწერა სამართალდამრღვევად ცნო.

დავა 2021 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ რაც სამართლებრივი დახმარების თხოვნით პროფესიული კავშირების გაერთიანებას სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრმა ნუგზარ ნემსიწვერიძემ მიმართა (სახელი გამოყენებულია მონაცემთა მფლობელის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე).

ნუგზარ ნემსიწვერიძე მიუთითებდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანებში დამონტაჟებულია ორი სხვადასხვა მარკის ვიდეო სათვალთვალო კამერა.

ეჭვი კი იმის შესახებ, რომ ვიდეო კამერებს, ხმის ჩაწერის ფუნქციაც ჰქონდა ნემსიწვერიძეს გარკვეული ხნის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც იგი ფილიალის მენეჯერმა დაიბარა, მოასმენინა აუდიო ჩანაწერები და ახსნა-განმარტება დააწერინა, რომ ერთ-ერთ ცვლაში დროულად არ დაასრულა გამოძახება და იმ დროს, როდესაც უნდა წასულიყო სხვა გამოძახებაზე 10 წუთი უსაქმოდ იჯდა მანქანაში. მენეჯერმა ნუგზარ ნემსიწვერიძეს, ეუბნებოდა, რომ ახსნა-განმარტებაში უნდა ეღიარებინა დარღვევა და აღარ გაემეორებინა მსგავსი რამ.

ინციდენტის შემდეგ ნუგზარ ნემსიწვერიძემ გააცნობიერა, დამსაქმებელი ფარულად უსმენს დასაქმებულებს და გამოთქვა ეჭვი, რომ ხმის ჩაწერით დამსაქმებელი ცდილობდა დასაქმებულებში შიშის დათესვას, რათა ჩაეხშო დასაქმებულთა პროტესტი არასათანადო შრომის პირობებისა და შრომითი უფლებების დარღვევების თაობაზე.

პროფკავშირების გაერთიანების მეშვეობით ნუგზარ ნემსიწვერიძემ საჩივრით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოკვლევის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა:

  • სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში ნამდვილად ჰქონდა დამონტაჟებული ორი სხვადასხვა მარკის ვიდეო სათვალთვალო კამერა ხმის ჩაწერის ფუნქციით;
  • მოკვლევის მიმდინარეობისას ცენტრმა დაიწყო ორი ვიდეო კამერიდან ერთის მოხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მანქანაში, ხოლო მეორე კამერას გამოურთო ხმის ჩაწერის ფუნქცია;
  • კამერებზე წვდომა შესაძლებელი იყო დაუბრკოლებლად ყოველგვარი შიფრისა და კოდის გარეშე ნებისმიერი პირის მიერ ე.ი. შესაძლებელი იყო ავტომატურ რეჟიმში ჩაწერილი აუდიო ფაილი გამოყენებული ყოფილიყო ცენტრის თანამშრომელი ნებისმიერი პირის მიერ;
  • ჩანაწერები ინახებოდა კონკრეტული ვადის გარეშე მანამ, სანამ კამერის მეხსიერების მოცულობა იძლეოდა ჩანაწერის შენახვის შესაძლებლობას (საშუალოდ 24 საათის განმავლობაში);
  • დამსაქმებელს არ ჰქონდა განმარტებული დასაქმებულებისთვის აუდიო ჩაწერის განხორციელების, ჩაწერის მიზნისა და აუცილებლობის შესახებ;
  • არც კამერებთან და არც ფილიალების შენობებში არ იყო სათანადო გამაფრთხილებელი ან საინფორმაციო ხასიათის ე.წ. „სტიკერები“, რომ ვიდეო კამერებს ჰქონდა ხმის ჩაწერის ფუნქცია და რომ ხმის ჩაწერა მიმდინარეობდა.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსპექტორმა ცენტრი ცნო სამართალდამრღვევად და განმარტა, რომ:

  • სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების მიერ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდების ხარისხისა და დროულობის გასაკონტროლებლად დასაქმებულთა ხმის ჩაწერა არ არის ადეკვატური საშუალება და მიზნის მისაღწევად პროპორციული ზომა, რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების მიერ გამოძახებებზე დროულად მისვლა და დასრულება ისედაც მოწმდება მანქანაში დამონტაჟებული GPS სისტემის მეშვეობით.
  • სამომავლო დავებისთვის თავის დაცვის მიზნით დასაქმებულთა ხმის ჩაწერა მუდმივ რეჟიმში ბუნდოვანი მიზანია, რადგან ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი ისედაც აკონტროლებს სასწრაფო დახმარების მანქანის გარე პერიმეტრს საქარე მინაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერის მეშვეობით;
  • ასევე, ბუნდოვანია ცენტრის მიერ დასახელებული მიზანი, რომ აუდიო ჩაწერა აუცილებელია სასწრაფო დახმარების მანქანის ინვენტარის დაზიანებისგან დასაცავად და ბრიგადის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაუგებარია, როგორ ახერხებს ამ პრობლემების პრევენციას აუდიო ჩაწერა;
  • ცენტრმა მოკვლევის ფარგლებში შეწყვიტა ხმის ჩაწერა, რაც, ასევე, მიუთითებს ხმის ჩაწერის აუცილებლობის არარსებობაზე;
  • ფორმა, რომლითაც ცენტრი იწერდა დასაქმებულთა ხმას, წარმოადგენს დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ჩარევას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მათ ყოველდღიურ ქცევაზე;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო იყო ცენტრის მიერ აუდიო ჩაწერის შესახებ დასაქმებულთა ინფორმირების ფორმაც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გარდა იმისა, რომ სამართლადამრღვევად ცნო ცენტრი და მისცა გაფრთხილება, დაავალა 20 დღის ვადაში წაშალოს აქამდე არსებული აუდიო ფაილები, წაშლის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი წარუდგინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

ნუგზარ ნემსიწვერიძეს სამართლებრივ დახმარებას უწევდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის იურისტი თამილა გაბაიძე.