თბილისის საქალაქო სასამართლომ პროფკავშირების მიერ წარმოებულ კიდევ ერთ საქმეზე დაადგინა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არაკანონიერად მოხდა. საქმე ეხება შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდის“ კუთვნილ რესტორანში „პური გულიანი“ დასაქმებულის უფლებებს.
ლ.ს რესტორანში მცხობელის პოზიციაზე 2021 წლის 26 აპრილიდან მუშაობდა. მას არ ჰქონია არც შრომითი ხელშეკრულება და თხოვნის მიუხედავად, ამ ურთიერთობას დამსაქმებელი წერილობით ფორმას არ აძლევდა. თუმცა, დასაქმებულისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, შესაბამისად, შრომით ურთიერთობას ინარჩუნებდა.
2021 წლის 11 ივნისს დასაქმებულს აცნობეს, რომ შემნახველი კარადების ჩხრეკა უნდა მომხდარიყო, რა მიზნითაც დასაქმებულებს კარადები ღია უნდა დაეტოვებინათ. ლ.ს-მ დაცვის უფროსს კითხა, შეძლებდა თუ არა ჩხრეკის პროცესს თავადაც დასწრებოდა, ვინაიდან კარადაში ინახავდა პირად ნივთებს, მათ შორის, საფულეს. თუმცა, ჩხრეკა მაინც დასაქმებულის მონაწილეობის გარეშე, უნებართვოდ ჩატარდა. ლ.ს-მ აღნიშნულ ფაქტზე უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.
ლ.ს.-ს განმარტებით, მან სიტყვიერი უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია უხეშ, აგრესიულ ქმედებებს, რასაც დამსაქმებელი საკუთარ ჩვენებაში მიუთითებდა. ასევე, დამსაქმებლის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იყო გაფორმებული. თუმცა, დასაქმებულს, რამდენჯერმე თხოვნის მიუხედავად, არანაირი სახის საბუთი არ ჰქონდა ამ შრომითი ურთიერთობის შესახებ.
სასამართლომ, დამსაქმებლის პოზიციები არ გაითვალისწნა და მიიჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. რის გამოც, დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 11 ივნისიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველთვიურად მისი ხელფასის ოდენობით. ასევე, დამატებითი კომპენსაცია – 2000 ლარი.
ცნობისთვის, შრომითი ხელშეკრულების დადების ვადებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მინიმუმ 1 წლის ვადით, თუ სახეზე არ არის მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევები.
ამასთან, შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს.
დამსაქმებლის მიერ ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება, ანუ, თავად დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს, ის გარემოება, რომ ხელშეკრულება იყო მოკლე ვადით დადებული და ამის კანონიერი საფუძველი ჰქონდა.
დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რომ ლ.ს. სამსახურიდან გათავისუფლება იყო კანონიერი და მასთან ხელშეკრულება გაფორმებული იყო არა უვადოდ, რასაც ლ.ს. ამტკიცებდა, არამედ, მოკლევადიანი – გამოსაცდელი ვადით.
მოსარჩელის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები: თამარ სურმავა და ქეთევან ჩხაიძე იცავდნენ.