საარსებო მინიმუმის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მოცულობა შეადგენს 175.0 ლარს. ეს მაჩვენებელი 1,5 ლარით აღემატება 2017 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელს, ხოლო გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 8,7 ლარით (5.2%ით). წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით:
-საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155,0 ლარია
-საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 293,5 ლარი
-ერთსულიანი ოჯახის – 155,0 ლარი
-ორსულიანი ოჯახის – 248,0 ლარი
-სამსულიანი ოჯახის – 278,9 ლარი
-ოთხსულიანი ოჯახის – 309,9 ლარი
-ხუთსულიანი ოჯახის – 348,7 ლარი
-ექვსულიანი ოჯახის და მეტის – 412,2 ლარი
როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს საარსებო მინიმუმის სისტემა ვერ განსაზღვრავს საარსებო მინიმუმის სახსრების ფაქტობრივ მაჩვენებლებს და ის მნიშვნელოვნად დაბალია საარსებო მინიმუმის რეალურ დონესთან შედარებით, რაც დასტურდება სხვადასხვა კომპეტენტური ექსპერტის შეფასებით.
ხშირად საქსტატი საარსებო მინიმუმს ამცირებს კიდეც, მაშინ როცა ფასების დონე მუდმივად იზრდება. 2017 წელს ინფლაციამ 6,9% შეადგინა. საარსებო მინიმუმის ფასების საშუალო დონეზე ნაკლებად ზრდა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ის არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. გარდა ამისა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ მის შემადგენლობაში 70% სასურსათო ხარჯებია და მხოლოდ 30%-ია გათვალისწინებული სხვა ყველა დანახარჯზე. გამოდის 52,5 ლარი ადამინმა უნდა იმყოფინოს წამლებზე, კომუნალურ გადასახადებზე, ტანსაცმელზე და მრავალ სხვა საჭირო ნივთზე.