შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც სოციალური დაცვის საკითხებს ეძღვნება და სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში იმართება, საბაზისო პენსია და მისი ინდექსაცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საკითხის განხილვას დიდი დრო დაეთმო და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქართულ რეალობასთან შესაბამისი ინიციატივაც მომზადდა.
საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები მიმართავენ მთავრობას, გაითვალისწინოს საერთაშორისო ექსპერტებთან, იურისტებთან და ეკონომისტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტული მოთხოვნები პენსიის ინდექსაციის აუცილებლობაზე, ფორმებზე და სოციალური დაცვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – როგორ უნდა იზრდებოდეს მომავალში სახელმწიფო პენსია ასაკით პენსიონერთათვის?
პენსია საქართველოში 90-იან წლებში სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. მისი ათვლა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნულ ვალუტად ლარის შემოღების შემდეგ 7 ლარიდან დაიწყო. თუმცა, მაშინ რა თქმა უნდა ფასების დონეც განსხვავებული იყო. ყველაზე ძველი მონაცემი, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მოიპოვება 2000 წლის მონაცემია. მაშინ ფასების დონე 2,4-ჯერ დაბალი იყო ვიდრე დღეს.
დროთა განმავლობაში ფასებთან ერთად გაიზარდა პენსიაც, თუმცა ისე ვერა, რომ პენსიონერის ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს. დღევანდელი ასაკობრივი პენსია რეალურად სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე ის რასაც განვითარებულ ქვეყნებში პენსიას ეძახიან. 200 ლარიანი პენსია სულ მცირედით აღემატება შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს – 181,2 ლარს. საარსებო მინიმუმი კი ყველაზე დაბალი სტანდარტია და არ წარმოადგენს „ცხოვრების ღირებულებას“. ეს არის გადარჩენისთვის აუცილებელი თანხა, რაც წესით მხოლოდ დროებითი ზომა უნდა იყოს.
პენსიის მოცულობის სიმცირესთან ერთად პრობლემას ამწვავებს ის, რომ პენსიონერები შეადგენენ მოსახლეობის 20%-ს, – დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც დაქირავებით დასაქმებულები. აქედან გამომდინარე სახელმწიფო პენსიის ზრდა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა საზოგადოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საპენსიო რეფორმა მიმდინარეობის პროცესშია, ის შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ამჟამად მუშაობს და საკუთარი სიბერისთვის აგროვებს თანხას. ის ადამიანები კი, ვინც უკვე პენსიაზე არიან, ან არ მუშაობენ და ვერ ჩაერთვებიან დაგროვებითი პენსიის სისტემაში, კვლავ საბაზისო პენსიის იმედად დარჩებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისათვის დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართულია 760 ათასი ადამიანი, რაც თვითდასაქმებულთა ჩათვლით, ყველა დასაქმებულის მხოლოდ 44,7%-ია. დანარჩენი 70%-ზე მეტი კი კვლავ საბაზისო (სახელმწიფო) პენსიის იმედად რჩება.
პენსიის მოცულობა და მისი ზრდა, ყოველთვის იყო პოლიტიკური საკითხი. ხელისუფლებები ხშირად ამ თემას წინასაარჩევნოდ იყენებდნენ. ამჟამად ხელისუფლებას დაანონსებული აქვს 2020 წელს პენსიის 20 ლარიანი ზრდა. მაგრამ რა იქნება ამის შემდეგ?
პროფესიული კავშირების მიერ დაყენებული აქტიური მოთხოვნის შედეგად, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს „კანონის მიღებიდან 9 თვის განმავლობაში მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.“ ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა უნდა მოხდეს ავტომატურად, ყოველწლიურად, კანონის საფუძველზე და აღარ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამასთან „ჩანაცვლების კოეფიციენტი“ ასახავს იმას, თუ ხელფასის რამდენ პროცენტს შეადგენს პენსია. იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინა წლის ოფიციალური სტატისტიკით საშუალო ხელფასი 1000 ლარამდეა, 200 ლარიანი პენსიის პირობებში ჩანაცვლების კოეფიციენტი შეადგენს 20%-ს. იმისათვის, რომ ეს პროპორცია შენარჩუნდეს საჭიროა პენსიის ზუსტად იმ პროპორციით გაზრდა, როგორც იზრდება საშუალო ხელფასი. ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალური საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 6-დან 11%-მდე მერყეობდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პენსიაც ყოველ წელს საშუალოდ 8%-ით უნდა იზრდებოდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასის ზრდის ტემპის პარალელურად, განიხილებოდა პენსიის ინდექსაცია (მიმაგრება) ინფლაციასთან (ფასების საერთო დონის ზრდა). თუმცა ინფლაციის მოსალოდნელი დონე უფრო დაბალია და 3-4%-ს შეადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ერთხმეად მოითხოვოს კანონში მიღწეული ჩანაწერის შესრულება, და სახელმწიფო პენსიის ინდქსაცია მოხდეს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით.
9 თვიანი ვადა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარსადგენად იწურება 2019 წლის მაისის დასაწყისში. შესაბამისად სულ მალე გავიგებთ რა ბედი ეწევა სახელმწიფო პენსიას მომავალში. მოხდება თუ არა მისი ზრდა პოლიტიური გადაყვეტილებების გარეშე და ექნებათ თუ არა პენსიონერებს ზუსტი მოლოდინი იმისა, თუ რამდენი იქნება მათი შემოსავალი ყოველ მომდევნო წელს.