კომპანია ,,ქართული სახლი”, რომელიც ,,დელისიას”-ს სახელითაც ოპერირებს, მიმდინარე პერიოდში იქცა დასაქმებულთა უფლებების შელახვის ყველაზე ცხელ წერტილად.
კომპანიაში დასაქმებულებმა ხელფასების რამდენიმეთვიანი დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.
მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.
2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს შემდეგი მოთხოვნებით:
– სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენა;
– ჯარიმის სახით წართმეული თანხის დაბრუნება;
– შრომის პირობების გაუმჯობესება.
დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა.
პროფკავშირები და ,,ქართული სახლის” ყოფილი დასაქმებულები აპირებენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს, ხოლო პარალელურად გაგრძელდება აქციები კომპანიის წინააღმდეგ.