პროფკავშირების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა! გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული 11 პირის სახელით დავა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ ოფიციალურად იწყება.
პროფკავშირები მოითხოვს დასაქმების სააგენტოს დაეკისროს: მოსარჩელეების მიერ 2021 წლის მაისის თვეში შესრულებული სამუშაოსთვის გადასახდელი ხელფასი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 4553.12 ლარის ოდენობით; 2021 წლის ივნისის და ივლისის თვეების მიუღებელი ხელფასი 10 786.68 ლარის ოდენობით; მორალური ზიანის სახით თანხა 3000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, საქართველოს და გერმანიას შორის შეთანხმება გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების თაობაზე გასულ წელს დაიდო. დოკუმენტის თანახმად საქართველოდან შერჩეულები სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე კვირაში სულ ცოტა 30 საათის განმავლობაში უნდა დასაქმებულიყვნენ. თუმცა შერჩეულ კანდიდატებს გერმანიაში მოლოდინების შეუსაბამო პირობები, სამუშაო გარემო და მიზერული ანაზღაურება დახვდათ. მოუწიათ ცხოვრება არაჰიგიენურ, ბინძურ, ადამიანის ღირსების შემლახავ და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში.
მძიმე იყო სამუშაო პირობებიც: დამსაქმებელმა დროულად არ უზრუნველყო მათი აღჭურვა სპეც. ტანსაცმლით, არ იცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დაეტვირთა დასაქმებულები სრულგანაკვეთიანი მოცულობის სამუშაოთი. რეაგირების მოთხოვნების მიუხედავად, გაუსაძლისი პირობებში მყოფი თანამოქალაქეების საკითხზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ერთ-ერთმა მოსარჩელემ – ჯემალ ჩაჩანიძემ დაიწყო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის, პროფკავშირებმა კი თავის მხრივ გერმანიის პროფკავშირებისთვის, გერმანიის საელჩოსთვის და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსთვის, გერმანიაში საქართველოს საელჩოსთვის, ქართული და გერმანული მედიისთვის, გერმანული შრომის ინსპექტირების სამსახურებისათვის და ა.შ. სააგენტოს არაეფექტიანი რეაგირების გამო მოსარჩელეებს მიადგათ მატერიალური და მორალური ზიანი. მათ, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ვერ მიიღეს გასამრჯელო, რომელსაც მიიღებდნენ სააგენტოს სათანადოდ რომ შეესრულებინა მოსარჩელეთა ინფორმირებისა და დასაქმების პირობების მონიტორინგის ვალდებულებები.
მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში იცავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე