პროფკავშირებმა ეროვნული სქრინინგ ცენტრის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ დავა მოიგო!
თ. ბ. დასაქმებული იყო ეროვნულ სქრინინგ ცენტრში ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ცენტრის დაარსების დღიდან – 2008 წლიდან. თ.ბ., თავისი პრაქტიკის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი, რომლის მივლინებაც ხდებოდა სხვადასხვა ფილიალებში საჭიროებიდან გამომდინარე.
დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და მეტი გარანტიების შექმნის მიზნით თ.ბ. აქტიურად ჩაერთო პროფკავშირულ საქმიანობაში.
2017 წლის დეკემბრის თვეში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ეროვნული სქრინინგ ცენტრის წარდგინებით და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, გაუქმდა ეროვნული სქრინინგ ცენტრის ფილიალის მენეჯერის ერთი საშტატო ერთეული. 2018 წლის იანვრის თვეში თ.ბ.-ს აცნობეს, რომ იგი გათავისუფლებული იყო მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.
თ.ბ.-ს ინტერესების დასაცავად სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მხრივ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სსიპ ეროვნული სქრინინგ ცენტრის წინააღმდეგ განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ საშტატო ნუსხის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხე დაწესებულებები ერთმნიშვნელოვნად ვერ უთითებდნენ რეალურად რა წარმოადგენდა თ.ბ.-ს გათავისუფლების საფუძველს.
ადმინისტრაციული კოლეგიაში მოპასუხეებამ განაცხადეს, რომ თ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა არა საშტატო ნუსხის ცვლილება (ე.წ. რეორგანიზაცი) არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა.
სამოქალაქო კოლეგიაში მოპასუხე აცხადებდა, რომ მიუხედავად თ.ბ.-ს 2008 წლიდან დასაქმების ფაქტისა, მასთან ფორმდებოდა რა 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებები, ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას, რის გამოც 2018 წლის იანვრიდან მას აღარ გაუფორმდა ახალი შრომის ხელშეკრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ.ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ეროვნულ სქრინინგ ცენტრს დაეკირას კომპენსაციის გადახდა 36000,00 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).
გახსოვდეთ, დაუშვებელია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით, თუ არ არსებობს სახეზე შესაბამისი, ობიექტური გარემოებები.
გახსოვდეთ, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
თ.ბ.-ს ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები თამარ სურმავა და მირანდა მანდარია