მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა “ჩერის” სასამართლო დავა მოუგო და დასაქმებულის უფლებები აღადგინა

პროფკავშირებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო. სასამართლომ ყავის სადისტრიბუციო კომპანიის ,,ჩერი“ გადაწყვეტილება ნინო სარალიძისთვის 2 თვიანი შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის გამო შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნო,  შრომითი ხელშეკრულება აღიარა უვადოდ, აღადგინა იგი ,,ბუღალტრის“ თანამდებობაზე და მისთვის კომპანიას სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების – 0,07% და იძულებითი განაცდურის გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა დააკისრა.

პროფკავშირებმა დავა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლების გამო წამოიწყო.

კომპანია ,,ჩერის“ განმარტებით ნინო სარალიძე დასაქმებული იყო ბუღალტრის თანამდებობაზე და მხარეებს ერთმანეთთან  აკავშირებდა 2 თვიანი  შრომითი ურთიერთობა, რომლის ვადის გასვლის შემდეგ, ამავე მოტივით  გაათავისუფლა  სამსახურიდან, მაშინ როდესაც შრომის კოდექსის მიხედვით 1 წელზე ნაკლები დროით, შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ შემდეგი საფუძვლების არსებობისას შეიძლება:

ა) როდესაც შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;

ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

ხოლო, თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

სადისტრიბუციო კომპანიამ ,,ჩერი“ ვერ დაასაბუთა უვადო მიზნებისა და ამოცანების მქონე თანამამდებობაზე მყოფი ნინო სარალიძის შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობა, ასევე, ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 12-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (,,თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია – უვადო შრომითი ხელშეკრულება) და ხელშეკრულება მიიჩნია უვადოდ.

საქმეში აქტიურად იყო ჩართული „მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა“ პროფესიული კავშირი, ხოლო დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე იცავდა.