2020 წლის სექტემბრიდან პროფკავშირების იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟირებას გადიან იურისტები ზურაბ კალაძე და ნინო ალექსანდრია, რომლებმაც მათი პირველი სასამართლო დავა წარმატებით დაასრულეს.
მოსარჩელე მ.ა. წლების განმავლობაში დასაქმებული იყო შპს „დემეტრე 96“-ში მთავარი კონსტრუქტორის პოზიციაზე. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 3 თვის სახელფასო დავალიანება 2640 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
სახელფასო დავალიანების გადახდაზე მოპასუხე მხარე უარს აცხადებდა. შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს და მოსარჩელის სასარგებლოდ მოვითხოვეთ მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების 2640 ლარისა და თანხის გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმყოფილებული იქნა სრულად და მოპასუხე შპს „დემეტრე 96“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების და სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2018 წლის 01 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი ნინო ალექსანდრია იცავს.
2018 წლის 10 სექტემბრიდან ს.ჯ. დასაქმებული იყო შპს „კარერაში“ საქმეთა მმართველის პოზიციაზე. 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის პირობებში, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მუშაობდა სახლიდან დისტანციურად 2020 წლის ივნისამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მუშაობდა იგივე მოცულობით, ხარისხითა და ოდენობით, მისთვის მოულოდნელად დამსაქმებელმა კუთვნილი ხელფასი 1078 ლარი შეუმცირა და მარტის თვეში 600, ხოლო აპრილისა და მაისის თვეებში 400-400 ლარი ჩაურიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პროფკავშირების სასარჩელო მოთხოვნები დაკმყოფილებულ იქნა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დანაკლისისა და სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება სრულად.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი ზურაბ კალაძე იცავს.