მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა ბრიუსელში იყო დაგეგმილი და სწორედ ევროპის დედაქალაქიდან შედგა კავშირი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საბჭოში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა. მთავარი განსახილველი საკითხი ევროპის კონტინენტის მთავარი გამოწვევა იყო – COVID-19 გარშემო შექმნილი ვითარება და შედეგები პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს და მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით.
ამასთანავე განიხილეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მოქმედებები. ვირტუალურ შეხვედრაში პან-ევროპული რეგიონული საბჭო არჩეული ლიდერები და პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ. მსჯელობა შეეხო წინა ხაზზე წამოწეულ საკითხებს და პრიორიტეტებს.
მათ შორის მსჯელობა შეეხო ევროპის კონტინენტის მასშტაბით უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანის ბედს, მათ შორის დედების, რომლებიც ბაღებისა და სკოლების შეჩერების გამო სრულებით შეზღუდულნი აღმოჩნდნენ.
განიხილეს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით უკრაინაში წარგზავნილი მისიის ანგარიში უკრაინის შესახებ, სადაც კრიზისულ მდგომარეობაშია დასაქმებულთა უემეტესობა, მათ შორის მედპერსონალის დიდი ნაწილი, რომელსაც მინიმალური აღჭურვილობითაც არ უზრუნველყოფენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად.
უკრაინა არსებულ ვითარებაში არ დგამს აუცილებელ ნაბიჯებს და არღვევს, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებს და მახინჯი კანონმდებლობით ზღუდავს პროფკავშირებს.
საბჭომ სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელა მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისსზე, უმუშევრობას და ეპიდემიის გამო უსახსროდ დარჩენილთა მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ პანდემიამ ევროპას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგებთან გამკლავებასაც დიდი ძალისხმევა და სოლიდარული მოქმედებები დასჭირდება.