მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების მიმართვა – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი ღირებულება.

ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, საქართველოში მოქმედ უმრავლეს საწარმოებსა და ორგანიზაციებში არსებული სამუშაო გარემო დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან არ მოქმედებს კანონის აღსრულების ეფექტური სისტემა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული.  2018 წელს გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  სამშენებლო  და სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა. აღნიშნული სტატისტიკა არ არის სრულყოფილი, რადგან 2006 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები აღარ აღირიცხება.  საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია.

ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შეფასებისას  მიღებული საზომია- 100 000 დასაქმებულზე გარდაცვლილთა რაოდენობა. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 745 000 ადამიანი. მათგან ყოველწლიურად საშუალოდ იღუპება 42,4 დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 დასაქმებულზე იღუპება დაახლოებით 5,7 ადამიანი. ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 დასაქმებულზე დაღუპულთა საშუალო ციფრი შეადგენს 1,8-ს. მათ შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია  ნიდერლანდებში- 0,6. ხოლო ყველაზე მაღალი რუმინეთში -5,6. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა წილი 3,1-ჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას. ამისთვის, რამდენჯერმე იქნა განხილვები ინიცირებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში, გავმართეთ საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით. აღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა  “შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი”, თუმცა ამ უწყებას ამ დრომდე არ აქვს უფლებამოსილება  საწარმოს (ორგანიზაციის) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ინსპექტირების განხორცილებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის გაცემის.

მ/წ-ის 7 მარტს,  ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც შემუშავდა სამმხრივ ფორმატში, სოციალურ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ პროფესიული კავშირების გაერთიანების შენიშვნები გაითვალისწინა ნაწილობრივ, კერძოდ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება მაღალ საჯარიმო სანქციებს,  ზედამხევდელობის ორგანოს მიერ  წინასწარი გაფრთხილების გარეშე ობიექტების ინსპექტირებას, სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასებაში პროფესიული კავშირების წარმომადგენლების ჩართულობას და სხვა.  თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე, სადაც არის მომეტებული, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ექნება   წელიწადში ერთხელ გეგმიური ინსპექტირებისა და შემდგომ რეინსპექტირების (განმეორებითი ინსპექტირება იმ მიზნით, თუ პირველადი ინსპექტირებისას გამოვლენილი შეუსაბამობები რამდენად იქნა აღმოფხვრილი) განხორციელების უფლებამოსილება მათ საზედამხედველო ობიექტებზე. სხვა შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანოს ინსპექტირების განხორციელება  შეეძლება მხოლოდ სასამართლოსთან შუამდგომლობით.

აღნიშნული კანონის არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კოვენციებს, კერძოდ, 155-ე კონვენციას „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ და 81-ე კონვენციას  „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“.  155-ე კონვენციის „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ თანახმად, კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უნდა ვრცელდებოდეს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე, ხოლო 81-ე კონვენციის  „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“ მიხედვით,  შრომის ინსპექციას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ინსპექტირების განხორციელების როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებზე ნებისმიერ დროს როგორც სამუშაო, ისე არა სამუშაო დროის პერიოდში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების უპირობო მოთხოვნაა, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროდირექტივებსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს.