150 000 ლარზე მეტი დასაქმებულთა სასარგებლოდ – პროფკავშირების იურისტებმა, ბოლო ორ კვირაში, საქართველოს ფოსტას, ტექნიკურ უნივერსიტეტს, შპს დემეტრე 96-ს, საფუტკრე მეურნეობას და სს ,,გერმანულ ჰოსპიტალს” სასამართლო დავები მოუგეს. დანარჩენ ხუთ სასამართლო დავაში მხარეთა შორის შედგა მორიგება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შპს ,,საქართველოს ფოსტის’’ მხრიდან აღუსრულებლობის გამო, შეიცვალა გადაწყვეტილების აღსრულების წესი და შპს საქართველოს ფოსტას ტოლფას თანამდებობაზე ლ.რ.-ს აღდგენის ნაცვლად დაეკისრა – განვლილი დროის შესაბამისად გადაუხდელი 4 წლის ხელფასის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ი.შ-ს სარჩელი ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის გამო შეწყვეტისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე – მისი გამოცემის მომენტიდან და მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ცნობილ იქნა უვადოდ; დაევალა მოპასუხეს მოსარჩელის საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის – ,,ჟურნალისტის“ თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად დარიცხული შრომითი ანაზღაურების გადახდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ი. შ. 2019 წლიდან მუშაობდა სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის – ,,ჟურნალისტის“ თანამდებობაზე. მოპასუხე მას უფორმებდა, 6 თვიან და 3 თვიან ხელშეკრულებებს (ბოლოს 3 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა 31/03/2021წ-01/07/2021წ.). მიუხედავად მოსარჩელის ჯეროვანი და კეთილსინდისიერი საქმიანობისა, ასევე შრომითი ურთიერთობის უვადოობისა – 05/07/2021წ. მოპასუხემ შრომითი ურთიერთობის ვადის გასვლის საფუძვლით ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა იგი სამსახურიდან. საქმე არის პრეცედენტული, შეეხება პროფკავშირების ინიციატივით შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევას.
ამ ორ საქმეზე მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა.ხ. ქ.ჯ. ა.მ. თ.ნ. სარჩელები, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ 2017 წლის დავალიანების ანაზღაურებას ,,შპს დემეტრე 96-ისაგან”, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს, ასევე, დაეკისრა ჯარიმის გადახდა დავალიანების 0,07%-ის ოდენობით ხელფასის ანაზღაურების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საქმეზე გაიცა განჩინებები 3 თვემდე ხელფასის დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე;
ქ.ხ. 2014 წლიდან დასაქმებული გახლდათ სსიპ ,,გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაში”.
2017 წლის იანვარში ქ.ხ-ისა და კაპელის სხვა წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ კაპელა არ აპირებდა დასაქმებულთა მიმართ არსებულ მიმდინარე დავალიანების გადახდას. დაწყებულ კოლექტიურ დავაში ჩაერთო პროფკავშირები. კოლექტიური დავის დაწყებისა და პროცესში პროფკავშირების ჩართვის შემდეგ, დამსაქმებელმა 11 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. მათ შორის იყო ქ.ხ., რომელსაც უვადო ხელშეკრულება უკანონოდ შეუწყვიტეს. რამდენიმე დღის შემდეგ, კაპელადან გათავისუფლებული დასაქმებულებიდან 9 პირი კვლავ აღადგინეს კაპელაში, თუმცა, ქ.ხ. უარი უთხრეს სამსახურში დაბრუნებაზე. ქ.ხ.-ს მიერ მისი პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება და პროფკავშირულ აქვიტობაში ჩართვა გახდა მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების საფუძველი, რასაც შედეგად მისი სამსახურიდან სრულიად უკანონოდ გათავისუფლება მოყვა.
დავა სასამართლოში გაგრძელდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა – ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს დააკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა. სსიპ “გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ” გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოში მოპასუხემ გამოხატა სურვილი საქმე მორიგებით დაესრულებინა. საბოლოოდ, მხარეთა შორის შედგა მორიგება. გათავისუფლების ბრძანება მიჩნეულ იქნა ბათილად და მოპასუხემ ქ.ხ.-ს გადაუხადა სოლიდური კომპენსაცია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო.
მოსარჩელე ვ.ჭ. დასაქმებული იყო 2019 წლის 1 ნოემბრიდან სააქციო საზოგადოება “ასფარმა მედიკალ დენტალ ურუნლერი ვე ილაჩ სანაი თიჯარეთ”-ის საქართველოს წარმომადგენლობაში. დასაქმებულსა და მოპასუხე კომპანიას შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის ვადით, რომელიც შემდგომში გაგრძელებულ იქნა უვადოდ.
2020 წლის 30 ნოემბერს მუშაობის პროცესში ვ.ჭ-სთვის მოულოდნლად ცნობილი გახდა, რომ იგი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად კი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. ვ.ჭ. ინტერესების დაცვის მიზნით სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გათავისულფების ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ მოპასუხე მხარემ გამოხატა მზაობა, რომ საქმე დასრულებულიყო მორიგებით. გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაეკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.
მ.წ. 2004 წლიდან დასაქმებული იყო „სანდოზ ფარმაციუტიკალს დდ-ს“ წარმომადგენლობა საქართველოში.
2018 წლის ნოემბრის თვეში მისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ მასთან კომპანიამ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონო საფუძვლით – პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან. ეს მაშინ, როდესაც იგი იყო თავისი საქმის პროფესიონალი და ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება. მ.წ.-ს მოსაზრებით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი გახლდათ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირადი პიროვნული დამოკიდებულება. სასამართლოსთვის მიმართვის შემდგომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის რამდენიმეწლიანი განხილვის შემდგომ, კომპანიამ გამოხატა საქმის მორიგებით დასრულების სურვილი. მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მ.წ. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს დაეკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.
ი.გ. 2004 წლიდან დასაქმებული გახლდით სს “ენერგო პრო ჯორჯიაში” სხვადასხვა თანამდებობაზე.
2021 წლის მაისის დასაწყისში მოსარჩელეს არ ჩაერიცხა კუთვნილი ხელფასი. ი.გ.-მ მოიკითხა რა ხელფასის მიუღებლობის მიზეზი, აბსოლუტურად მოულოდნელად აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, საფუძვლად მიუთითეს მოსარჩელისათვის გაურკვეველი მიზეზი – ვალდებულებების უხეში დარღვევა.
სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ სარჩელი წარდგენილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. საქმის განხილვის პროცესში მოპასუხე კომპანიამ გამოხატა დავის მორიგებით დასრულების სურვილი. მხარეთა შორის შედგა მორიგება. გაუქმდა ი.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხემ გადაიხადა სოლიდური კომპენსაცია.
აღნიშნულ საქმეებზე მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ი.ქ.-ს სარჩელი და უკანონოდ ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლება. დამსაქმებელმა, საფუტკრე მეურნეობამ, ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე დანიშნა მოსარჩელის შემცვლელი, ხოლო შემდეგ ი.ქ ხელოვნურად შეთხზული საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლა. გარდა, ამისა, მოსარჩელეს კომპანიამ არ გადაუხადა ბოლო 2 თვის შრომის ანაზღაურება.
სასამართლომ უკანონოდ ცნო დამსაქმებლის გადაწყვეტილებები და კოპანიას სოლიდური კომპენსაციის და აუნაზღაურებელი ხელფასის გადახდა დააკისრა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დამტკიცდა მორიგება დასაქმებულ ე.ხ.სა და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის.
მოსარჩელე უმცროსი ექიმის პოზიციიდან მისი ფეხმძიმობის პერიოდში გაათავისუფლეს. საქმეზე გაიმართა რამდენიმე სხდომა, საბოლოოდ კი, სარჩელი მორიგებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ე.ხ. დაწინაურდა და დაინიშნა ექიმი ენდოკრინოლოგის პოზიციაზე.
კიდევ ერთი სასარჩელო წარმოების შედეგად, სასამართლომ სს ,,გერმანულ ჰოსპიტალს” მოსარჩელეების სასარგებლოდ ჯამში 40 000 ლარამდე დააკისრა. 8 მოსარჩელე ადმინისტრაციის თხოვნით არაანაზღაურებად შვებულებაში გავიდა, თუმცა, დამსაქმებელი აცხადებდა, რომ ისინი არა შვებულებაში, არამედ შვებულების პირველი დღიდან სამსახურიდან იყვნენ გათავისუფლებულნი.
საქმის ფაბულა შემდეგი იყო: 2020 წლის 1 აგვისტოს, მოპასუხის შეთავაზების საფუძველზე, მოსარჩელეებმა ისარგებლეს ერთთვიანი ანაზღაურების გარეშე შვებულებით. შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეებს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უნდა გაეგრძელებინათ 1 სექტემბრიდან. თუმცა, სამსახურში გამოცხადებულ მოსარჩელეებს, არ მიეცათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მათთვის უცნობი გარემოებების გამო.
მოსარჩელეები 2021 წლის 16 თებერვლამდე იმყოფებოდნენ იძულებითი მოცდენის რეჟიმში. მოსარჩელეები I დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე იღებდნენ პასუხს, თითქოს, ქოლ-ცენტრს მუშაობა არ განუახლებია. თუმცა, ქოლ-ცენტრის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია, არც შვებულებით სარგებლობამდე და არც მას შემდეგ. მოსარჩელეები იმყოფებოდნენ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში.
მოსარჩელეებმა მხოლოდ მოპასუხის დაზუსტებული შესაგებლის წარმოდგენის შემდგომ შეიტყვეს, თითქოს ,,გერმანულ ჰოსპიტალში” ქოლ-ცენტრი გაუქმებულია.
მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხეს წერილით და მოითხოვეს ინფორმაცია გათავისუფლებულნი იყვნენ თუ არა სამსახურიდან და თუ ეს ასე იყო, მოპასუხეს დაესაბუთებინა ამის მიზეზები. მოპასუხემ არც ამ წერილს უპასუხა. მეტიც, მან საერთოდ უარყო ამ წერილის მიღების ფაქტი.
2021 წლის 7 აპრილს მოპასუხემ წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ კომპანიაში ქოლ-ცენტრი გაუქმდა.
დამსაქმებელი მოსარჩელეებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ატყობინებდა, სანამ პროფკავშირების დახმარებით შესაბამისი დაზუსტებული სარჩელი არ აღიძრა.
დამსაქმებლის იურიდიული სამსახური ყოველ ჯერზე კანონის ნორმებით მანიპულირებდა და სამართლებრივ მანევრებს იყენებდა, რომლის მიზანი მოსარჩელების დაბნევა და სამართლებრივი შეცდომის დაშვება იყო.
თუმცა, პროფკავშირების მიერ 2-ჯერ დაზუსტდა სარჩელი და კომპანიას პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ყველა გზა მოეჭრა. შედეგად – სასამართლომ სს ,,გერმანულ ჰოსპიტალს” რვავე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
აღნიშნულ საქმეებზე მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ირაკლი მხეიძე იცავდა.