კომპანია ,,სინო-ჰიდროსა“ და საგზაო მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში შედგა.
კომპანიას, დასაქმებულების მიმართ მილიონ ლარზე მეტი სახელფასო დავალიანება ჰქონდა ასანაზღაურებელი, რომელიც მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულებისთანავე დაფარეს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა ხელფასის კოეფიციენტის კორექტირების საკითხი და მისი ინდექსაცია დიზელის საწვავის ფასის ცვლილებასთან შეფარდებით. ამასთან დაკავშირებით ჩინური კომპანიის – ,,სინო-ჰიდროს“ წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა და გაკეთდა კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც გაფიცული მუშები, უკვე ადგილზე, სამტრედიაში განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, რაც იძლევა იმედს, რომ მხარეებს შორის მიღწეული იქნება შეთანხმება. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ არის ჩანიშნული.