მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანებასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროფკავშირების გაერთიანების წარმატებით დასრულებული კიდევ ერთი მოლაპარაკება – თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2022 წლის პირველი იანვრიდან სახელფასო ფონდი 18 მილიონი ლარით გაიზრდება.

პროფკავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში მემორანდუმს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება მოიცავს :

  1. 2022 წლის პირველი იანვრიდან სახელფასო ფონდი გაიზარდოს 15%-ით (18 მილიონი ლარით). ხელფასების მატება მოხდეს დიფერენცირებულად პროფკავშირების ჩართულობით.
  2. 2022 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდოს მძიმე-მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომლეთა დანამატისთვის გათვალისწინებული ფონდი 15%-ით.
  3. თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გამოცხადებულ შემდგომ ტენდერებში სადაზღვევო თანადაფინანსების ფონდი ნაცვლად 50.000 ლარისა განისაზღვროს 100.000 ლარის ოდენობით.
  4. ბავშვის შეძენის შემთხვევაში პროფკავშირის წევრ კაცებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი თანხა 300 ლარის (ხელზე) ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი დასაქმებულია კომპანიაში, ანაზღაურება განხორციელდება ერთ-ერთი მშობლის სასარგებლოდ.
  5. მეტროპოლიტენის სტრუქტურულ ერთეულებში ცვლებში მომუშავე თანამშრომლებს მიეცეთ 1 საათიანი შესვენება არსებული ანაზღაურების შენარჩუნებით.
  6. კომპანიაში წელთა ნამსახურებაზე გათანაბრდეს ტარიფი კომპანიაში დადგენილ უმაღლეს ტარიფამდე (2.35).
  7. კომპანიამ და გაერთიანების წევრმა ორგანიზაციებმა (ტრანსპორტისა და გზების მუშათა პროფესიულმა კავშირი და მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი), უზრუნველყონ ზემოაღნიშნულ პუნქტებში ასახული პირობებისა და ბოლო წლებში მიღწეული შეთანხმებების ასახვა კოლექტიურ ხელშეკრულებაში.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2022 წლის პირველი იანვრიდან სახელფასო ფონდი 18 მილიონი ლარით გაიზრდება – ვიდეო