მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება ბოლო პერიოდში არსებულ  მანკიერ პრაქტიკას, რომელიც უკავშირდება დამსაქმებელთა ნაწილის  მიერ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო კომპენსაციების არამართლზომიერ მოთხოვნას.

დასაქმებულებისგან   მიღებული ინფორმაციის თანახმად, დამსაქმებელთა ნაწილი სახელმწიფო  დახმარებას იყენებს საკუთარი სახელფასო ფონდის დაზოგვისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას, დამსაქმებლები  სახელმწიფოსგან  ითხოვენ კომპენსაციები ჩაურიცხონ ფიქტიურად გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად აგრძელებენ მუშაობას. ჩარიცხულ კომპენსაციას მომდევნო პერიოდში დამსაქმებელი აკლებს გასაცემ ხელფასს და დასაქმებულებს აძლევს ამ თანხით შემცირებულ ანაზღაურებას.

აღნიშნული ქმედებით,  ქურდობითა და თაღლითობით,  ეს კომპანიები აზარალებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც სოციალური გასაცემლების რესურსს ამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.  ეს ხდება იმ დროს, როდესაც უხილავი მტრისგან, კოვიდ 19-ისგან, ჩვენი მწირი ბიუჯეტით – წესით უნდა დავიცვათ უამრავი ადამიანი, ისინი ვინც დგანან ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე.

ხაზგასასმელია, რომ მსგავსი ქმედება ხორციელდება იმ დამსაქმებლების მიერ, რომლებიც ოპერირებენ სურსათით ვაჭრობის სფეროში, სადაც არ მოქმედებს შეზღუდვები და შესაბამისად აღნიშნული კომპანიების ფინანსური მდგომარეობაც არ  გაუარესებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ  შემოსავლების სამსახურს და ყველა სხვა შესაბამის ორგანოს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული აღსრულების მექანიზმები, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა და ეს სახსრები გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად და ეფექტურად, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დასახმარებლად.

დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან, რადგან არის საფრთხე, რომ მოხდეს მათი  სამსახურიდან გათავისუფლება ან/და სხვა სახის უფლებების დარღვევა. თუმცა, მზად ვართ ყველა მათგანს გავუწიოთ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.