მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების საჩივრის საფუძველზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კაზინო „ბეთლაივში“ შრომის კანონმდებლობის არაერთი დარღვევა გამოავლინა

2023 წლის 30 ივნისს კაზინო „ბეთლაივის“ (რეგისტრირებული სამეწარმეო სახელწოდება შპს დეიდრიმ უნივერსალ საქართველო) დასაქმებულთა ნაწილმა, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, დააფუძნა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია “ბეთ-კავშირი”.

დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის ინსპექციის სამსახურს საჩივრით მიმართა.

2023 წლის 15 ნოემბერს შრომის ინსპექციამ კაზინო „ბეთლაივი“ სამართალდამრღვევად ცნო და შრომითი უფლებების დარღვევების გამოსწორების მიზნით 9 მითითება გასცა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოსაფხვრელად კი – 7 მითითება. ამასთან, რამდენიმე საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა:

 მართალია, ტერმინ „ბონუსს“ არ იცნობს შრომის კოდექსი, მაგრამ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად ასახელებს ხელფასს, დანამატს და მათი გადახდის წესს. ე.ი. როგორც ხელფასის, ისე დანამატის (ბონუსის) ოდენობასა და გადახდის წესზე შეთანხმება სავალდებულოა და მას დამსაქმებელი ცალმხრივად ვერ განსაზღვრავს. „ნებისმიერი სახის თანხა, რომელსაც დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას და სავალდებულოა მისი წერილობითი ფორმით ასახვა შრომით ხელშეკრულებებში. სწორედ წერილობითი დოკუმენტი არის გარანტია დასაქმებულისთვის, რომ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად არ შეცვალოს არსებითი პირობა და არ გაუარესდეს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა.“

„… არსებითი პირობების შრომით ხელშეკრულებაში გაწერის მიზანია სამართლებრივი განსაზღვრულობისა და ურთიერთობის შინარსის სიცხადის უზრუნველყოფა, რაც დასაქმებულს იცავს ბუნდოვანი და განუსაზღვრელი სახელშეკრულებო პირობებისგან. შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი „ძლიერ“ მხარეს წარმოადგენს და თუკი ურთიერთობის შინაარსი ცხადი და განსაზღვრული არ იქნება, იგი ყოველთვის შეძლებს, თავისთვის ხელსაყრელი პირობები მოახვიოს თავს დასაქმებულს. … დასაქმებულისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსი. განსაკუთრებით კი შრომითი ურთიერთობის მახასიათებელი ისეთი ფუნდამენტური კრიტერიუმი, როგორიცაა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა.“

 შვებულებისა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის (ე.წ. „ბიულეტენის“) ანაზღაურება იმ პირებისთვის, რომლებიც ხელფასს იღებენ გამომუშავებით, გაცემული უნდა იყოს ბოლო 3 თვის ანაზღაურების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე. ანაზღაურების დაანგარიშებისას ნაგულისხმევი უნდა იყოს გაცემული ბონუსებიც. შრომის ინსპექციის განმარტებით, „დასაქმებულისთვის გასაცემი შვებულების თანხაში, გარდა „ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურებისა“, მასში, ასევე, უნდა შევიდეს დამსაქმებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული ე.წ. „ცვლადი ხელფასი“.

 შვებულება დასაქმებულებისთვის, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ ცვლებში, ისეთივე პრაქტიკით უნდა გაიცეს და ანაზღაურდეს, როგორც სტანდარტულად ე.ი. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი, კვირაში დასვენების 2 დღე რეჟიმით მომუშავე დასაქმებულებისთვის და ცვლაში მომუშავე პირებს შვებულებაში ყოფნისას  არ უნდა აუნაზღაურდეთ მხოლოდ ის დღეები, რომლებიც მუშაობის შემთხვევაში მათ ცვლებს დაემთხვეოდა.

 თუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულებით ზღუდავს კონკურენტთან დასაქმებას, ეს უნდა შეესაბამებოდეს შრომის კოდექსით დადგენილ ჩარჩოს, კერძოდ, შეზღუდვა დასაშვებია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში შეწყვეტამდე არსებული ხელფასის გადახდის სანაცვლოდ.

შრომის ინსპექციის განმარტებები შეეხება საქართველოში დამსაქმებლების მიერ ფართოდ გავრცელებულ და დამკვიდრებულ არასწორ პრაქტიკას. პროფკავშირები ხაზს უსვამს, რომ მსგავსი საჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს შრომითი ნორმების ერთგვაროვანი განმარტებების ჩამოყალიბებას, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დავების შემცირებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ  2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტის მიზნით, პროფკავშირის მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის მიმდინარეობდა კოლექტიური შრომითი დავის მედიაციაც, რომელიც დამსაქმებლის კატეგორიული პოზიციის გამო უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა. მედიაციის დასრულებისთანავე, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა პროფკავშირის წევრები, მათმა ნაწილმა კი პროფკავშირების გაერთიანების მეშვეობით სარჩელით მიმართა სასამართლოს.

სასამართლოში „ბეთლაივის“ დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები ლევან ხვინგია და თამილა გაბაიძე იცავენ.