მიმდინარეობს საიტის განახლება

დამსაქმებელთა გაერთიანებები და სოციალური პარტნიორობა

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციები, ნაწილობრივად რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მუხლები და პუნქტები და  საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“-ს მე-13 თავი განაპირობებს  2009 წლიდან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (მთავრობა, ბიზნესი, პროფკავშირები) არსებობას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. ევროპის კავშირთან ასოცირებული ურთიერთობის პირობებში დამსაქმებელთათვის, მათი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ნათელია რომ სოციალური პარტნიორობა არაა მხოლოდ შიდა, ვიწრო მნიშვნელობის  საკითხი.

დამსაქმებლებს საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი გაერთიანება გააჩნიათ, რომელიც მოწოდებულია დაიცვას მათი ინტერესები. მათშორის არის ისეთი ორგანიზაციებიც როგორიცაა: დამსაქმებელთა ასოციაცია, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია და ბიზნეს ასოციაცია.

2000 წელს დაფუძნებული დამსაქმებელთა ასოციაციაში გაერთიანებული არიან საშუალო ზომის კომპანიების უდიდესი ნაწილი, ზოგიერთი მსხვილი და სახელმწიფო კომპანიაც, თუმცა მათში ნაკლებადაა წარმოდგენილი მცირე ბიზნესი. 2004 წლიდან დამსაქმებელთა ასოციაცია არის წევრი მსოფლიოს დამსაქმებელთა ორგანიზაციისა და ეს ფაქტი მეტწილად განაპირობებს მის წევრობას საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში. საქართველოს რეალობა გვაჩვენებს რომ საშუალო ზომის ბიზნესი მიდრეკილია არაფორმალური შრომისკენ, გაურბის სოციალურ დიალოგსა და კოლექტიურ მოლაპარაკებებს. საშუალო ბიზნესისთვის დამსაქმებელთა ასოციაცია პირველ რიგში საინტერესოა როგორც სამართლებრივი კონსულტანტი, რომელიც ეხმარება მას არ დაარღვიოს კანონი, რათა არ დაეკისროს სანქციები, შრომითი დავების მოგვარება კი მას არაფორმალურად ურჩევნია. დამსაქმებელთა ასოციაცია სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში მთავარ ინტერესს იჩენს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საპენსიო სისტემა, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული გადამზადება და უმუშევართა დაზღვევა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ძირითადად აერთიანებს შესაბამისი პროფილის საწარმოებს, რომლებიც უმეტეს წილად ორიენტირებულნი არიან ევროპულ ბაზარზე. მის მიერ სოციალური პარტნიორობის პრინციპი ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობის ჭრილში განიხილება.

2014 წლიდან დამსაქმებელთა ასოციაციას და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან გაფორმებული აქვს სოციალური კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ვალდებულებად აქვთ ნაკისრი ქვეყანაში სოციალური დიალოგის გააქტიურება, კონტრაქტის მონაწილე ორგანიზაციების ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა, ურთიერთშორის რეკომენდაციების გაცვლა, სახელმწიფოს სოციალურ-შრომით რეფორმებში თანამონაწილეობა, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობა, სოციალური პარტნიორობის სისტემის განვითარება.

ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს რეორგანიზებული ბიზნეს ფედერაციის სამართალმემკვიდრეა. მის მონაწილეობა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში პირველ რიგში განპირობებულია ბიზნესის ფისკალურ ინტერესებზე ზრუნვით. იგი არავითარ ენთუზიაზმს არ იჩენს სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებებისადმი, მეტიც მათ შინაარსობრივ შეზღუდვას ემხრობა, დასაქმებას არ განიხილავს ეკონომიკიური პოლიტიკის ყოვლისმომცველ კონტექსტში, არ მიიჩნევს საჭიროდ შრომის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, რადგან თვლის რომ სტრუქტურული უმშევრობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი მხოლოდ ბაზრის პრეროგატივაა. სოციუმის განვითარებას მხოლოდ ბაზრის სრული დომინირების ქვეშ განიხილავს.

ზემოთ აღნიშნული რეალობა ერთ დასკვნას იძლევა სოციალური პარტნიორობის პრინციპის დამკვიდრებას  საქართველოში კიდევ დიდი დრო და ძალისხმევა ესაჭიროება. აქ მნიშვნელოვანია შეიცვლება თუ არა დამსაქმებელთა და მათი საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიცია სოციალური პარტნიორობის პრინციპისადმი დღეს არსებულიდან დადებითისკენ, გაჩნდება თუ არა მათში ასე აუცილებელი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით ძალისხმევის გასაზრდელად. დღეს დამსაქმებელტა საზოგადოებრივ გაერთიანებებს გარეგნულად ერთიანი, მაგრამ შინაარსობრივად წინააღმდეგობრივი პოზიცია გააჩნიათ სოციალური პარტნიორობის პრინციპისადმი. მაგრამ დრომ დაადასტურა, რომ თავისუფალი შრომა არის მხოლოდ იქ სადაც დამსაქმებლები და მათი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იჩენენ სოციალურ პასიხისმგებლობას, მიმართავენ სოციალურ დიალოგსა და კოლექტიურ მოლაპარაკებებს, ეფექტური ეკონომიკის ფორმირებისთვის ეწევიან სოციალური პარტნიორობის პოლიტიკას დასაქმებულებთან, მათი სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დამცველ პროფკავშირებთან ურთიერთობისას.

3098457