თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ქარ ფოინთის“ გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის დროს მზარეულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2021 წლის 10 აგვისტომდე.
ნ.წ. 2020 წლის 10 აგვისტოდან ზეპირი ფორმით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ქარ ფოინთში“ ,,მზარეულის“ თანამდებობაზე. (სახელფასო სარგო – 637, 76 ლარი დაუბეგრავი/დარიცხული).
მიუხედავად მოსარჩელის ჯეროვანი და კეთილსინდისიერი საქმიანობისა – კორონავირუსის გავრცელების/პანდემიის დროს, 2021 წლის 13 იანვარს მოპასუხემ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა იგი სამსახურიდან.
მოსარჩელემ 2021 წლის 15 იანვარს წერილობითი განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ/ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ/სამსახურიდან გნთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების/ ბრძანების დასაბუთების და მის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მისთვის უმოკლეს ვადაში გადაცემა, თუმცა უშედეგოდ. ერთი რამ, რაც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მას სატელეფონო საუბრისას განუმარტა, არის ის, რომ დამსაქმებელმა იგი პანდემიის პერიოდში გაათავისუფლა ,,რეორგანიზაციის“ საფუძვლით.
სასამართლო განხილვის დროს კი მოპასუხემ განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან აკავშირებდა არა შრომითი ურთიერთობა, არამედ ,,მომსახურეობა“, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მხარეთა შორის 1 წლიანი შრომითი ურთიერთობის არსებობა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ნება კორონავირუსის გავრცელების/პანდემიის დროს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან 2021 წლის 10 აგვისტომდე.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავს.