საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ არაერთგზის დააყენა საკითხი, რომ შემუშავდეს და დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც შენობებს გარეთ მიმდინარე სამუშაოებზე უნდა დარეგულირდეს მიკროკლიმატთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნული საკითხი სამწუხაროდ დღემდე არ არის შემუშავებული და დამტკიცებული.
არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც რეგულირდება მიკროკლიმატთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ტემპერატურის ოპტიმალური და დასაშვები ზღვრები მხოლოდ შენობებს შიგნით მიმდინარე სამუშაო პროცესებზე.
პროფკავშირები კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუცილებელია შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფი, სოციალური პარტნიორობის ფორმატში შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით და შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომლითაც შენობებს გარეთ მიმდინარე სამუშაოებზე არსებული მიკროკლიმატი უნდა დარეგულირდეს.
ამასთან, ევროპის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მოითხოვს, რომ მთელი კონტინენტისთვის შემუშავდეს ერთიანი კანონი, რომელიც მუშაობისთვის მაქსიმალურ ტემპერატურას განსაზღვრავს.
ევრონიუსის ინფორმაციით, ამ მომენტში ასეთი კანონი ევროპის მხოლოდ 6 ქვეყანაში მოქმედებს. უნგრეთში მუშაობისთვის დაშვებული მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსია, ბელგიაში – 29, ლატვიასა და სლოვენიაში 28, მონტენეგროში – 36 გრადუსი. ესპანეთში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 27 გრადუსს, თუმცა ეს არ ეხება ყველა დასაქმებულსა და სამუშაო ადგილს.
თუმცა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, მუშაობისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-დან 24 გრადუსამდე უნდა იყოს.
კვლევის მიხედვით, როდესაც ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება, მუშაობის დროს უბედური შემთხვევების რისკი 7 პროცენტით იმატებს, 38-ს ზემოთ კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტამდე იზრდება.