მიმდინარე წლის 16-18 აპრილს ქ. კიშინიოვში, თემაზე „შრომის მომავალი“, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საიუბილეო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის თავს. კონფერენციაზე შედგა საპანელო დისკუსია – „საერთაშორისო შრომის სტანდარტები, როგორც ღირსეული შრომის პოლიტიკური საწყისი“. აღნიშნულ პანელში მონაწილეობდა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა გიორგი ჭანტურიძემ.
მიმართვაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიკაციით ჩამორჩება თითქმის ყველა ქვეყანას რეგიონში. ქვეყანას 189 კონვენციიდან რატიფიცირებული აქვს მხოლოდ 18. უკანასკნელი კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც მოხდა არის 144-ე კონვენცია – სოციალური პარტნიორობის შესახებ. 2004 წლის შემდეგ ეს მხოლოდ მე-4 რატიფიცირებული კონვენციაა. აღნიშნული კონვენცია სოციალური დიალოგის განვითარებას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საქართველოში 2013 წლიდან არსებობს. ეს არის კომისია ეროვნულ დონეზე, სადაც წარმოდგენილი არიან პროფკავშირების, დამსაქმებლებისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამმხრივი კომისიის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მის მუშაობას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება. კომისია წელიწადში ერთხელ იკრიბება, ნაცვლად 4-ჯერადი შეკრებისა, რასაც მთავრობის დადგენილება მოითხოვს. ეს კი იწვევს კომისიის წინაშე დაყენებული საკითხების გადაწყვეტის გაჭიანურებას. გარდა ამისა სოციალური დიალოგის ბერკეტები თითქმის არ არსებობს სექტორულ დონეზე და ამ მომენტისათვის ქვეყანაში მხოლოდ ერთი სექტორული კოლექტიური ხელშეკრულება ფიქსირდება.
პროფკავშირების გაერთიანებისთვის პრიორიტეტულად რჩება შსო-ს 81-ე კონვენციის რატიფიცირება. აღნიშნული კონვენცია ეხება შრომის ინსპექციას. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი საქართველოში აღდგა 2015 წელს (2006 წელს ინსპექციის სრული გაუქმების შემდეგ), თუმცა ამ დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია დამსაქმებელთათვის რეკომენდაციების გაცემა იყო და მას არ ჰქონდა სანქციის გამოყენების უფლება. პროფკავშირების აქტიურობით 2018 წელს ძალაში შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის საფუძველზეც შრომის ინსპექციას მიეცა სანქციების გამოყენებისა და მომეტებული საფრთხისშემცველი მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაო ადგილების გეგმიური შემოწმების უფლება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება გავრცელდება ყველა საწარმოზე, არაგეგმიური შემოწმებისათვის კი აღარ იქნება საჭირო სასამართლოს ნებართვა. აღნიშნული სავარაუდოდ გააუმჯობესებს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობას. თუმცა უნდა აღინიშნოოს, რომ ეს არის სტანდარტული შრომის ინსპექციის ფუნქციების მხოლოდ ნახევარი. შრომის ინსპექციას საქართველოში არ აქვს შრომითი უფლებების კონტროლის უფლება. ისეთი შრომითი უფლებები კი, როგორიცაა ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, შვებულების უფლება, დეკრეტული შვებულება და ა.შ. წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისგან განუყოფელ ნაწილს.
მიმართვა შეეხო ასევე შსო-ს 102-ე კონვენციას სოციალური დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოს ასევე არ აქვს რატიფიცირებული. ყურადღება გამახვილდა მინიმალური ხელფასის საჭიროებაზე (131-ე კონვენცია), უმუშევრობის შემწეობის არარსებობაზე, საპენსიო რეფორმის ნაკლოვანებებზე, გენდერულ ჭრილში ანაზღაურების განსხვავებაზე (მე-100 კონვენცია) და პროფკავშირების ინიციატივაზე ტყიბულის ალტერნატიული განვითარების და შახტების ჩანაცვლების შესახებ, რაც თავის მხრივ „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლისთვის აუცილებლად გასავლელი გზაა.
აღნიშნული კონფერენციის პარალელურად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ეგიდით გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა სოციალური დაცვის საკითხები, რომელსაც შსო-ს 102-ე კონვენცია მოიცავს.
102-ე კონვენცია აწესებს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს 9 მიმართულებით:
- ავადმყოფობის ბენეფიტები
- უმუშევრობის ბენეფიტები
- სიბერის ბენეფიტები
- სამუშაო ადგილზე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებული ბენეფიტები
- ოჯახის ბენეფიტები
- ორსულობისა და მშობიარობის ბენეფიტები
- შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიტები
- მარჩენალდაკარულთა ბენეფიტები
მათგან საქართველოს გააჩნია მხოლოდ ნაწილი და ეს ნაწილიც კი ვერ ასრულებს სრულად კონვენციის მოთხოვნებს. საქართველო იმ ბენეფიტებით რომელიც ქვეყანაში მოქმედებს ვერ ექცევა ადეკვატური სოციალური დაცვის ქვეყნებში. სოციალური დაცვის 9 მიმართულებიდან უმეტესობის მიმართ კონვენციის მოთხოვნაა, რომ ის უნდა შეადგენდეს მანამდე არსებული ხელფასის არანაკლებ 40%-ს. მაგალითისთვის დღევანდელი პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი 20%-ია, ხოლო ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში გაცემული თანხა კერძო სექტორში 6 თვის განმავლობაში 1000 ლარია (თვეში 166 ლარი), რაც საშუალო ხელფასის მხოლოდ 16,6%-ია. მარჩენალდაკარგულთათვის სოცილაური პაკეტი შეადგენს 100-დან 144 ლარამდე (საშუალო ხელფასის 10-14%). შშმ პირების დახმარება კი იწყება 100 ლარიდან და მაქსიმუმი შეადგენს 544 ლარს (მათთვის ვინც შეზღუდული შესაძლებლობისაა და საომარ მოქმედებებში დაეღუპა 3 შვილი).
შესაბამისად იმისათვის, რომ ქვეყანა შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო ნორმებთან, საჭიროა ყველა ამ მიმართულებაზე გაცილებით მეტი რესურსის მიმართვა.
კონვენცის ძირითადი პრინციპებია:
- სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
- სოლიდარობა დაფინანსების პროცესში
- ტრასნფარენტულობა/ სარგებლის განსაზღვრულობა
- მსყიდველობითი უნარის შენარჩუნება (მორგება ფასების ცვლილებასთან)
- გასაჩივრების უფლება
- სამმხრივი ადმინისტრირება (სოციალური პარტნიორების მიერ)
კონვენცია ღირსეული შრომის აუცილებელ კომპონენტად განიხილავს:
- შემოსავლის უზრუნველყოფას მათთვის, ვინც ვერ მუშაობს ( უმუშევრები; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; დეკრეტულ შვებულებაში მყოფნი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და სხვ.)
- სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება და უკეთესი უნარების სამუშაო ადგილების შექმნა
- უნარების განვითარების მხარდაჭერა
- არაფრომალური დასაქმების ფორმალიზაციის მხარდაჭერა
უნდა აღინიშნოს, რომ შსო-ს სტანდარტებით არაფორმალურ დასაქმებად ითველბა დასაქმებული, თუ ის არ არის ლეგალური დაცვის მექანიზმებით მოცული. ასეთი მექანიზმებიდან უმთავრესია – შრომის კოდექსი და კოლექტიური ხელშეკრულებები. თუ დასაქმებული მოექცევა კოლექტიურ ხელშეკრულებაში, ის ჩაითვლება ფორმალურად დასაქმებულად.
შსო-ს 202-ე რეკომენდაცია ამყარებს 102-ე კონვენციაში მოცემულ სტანდარტებს. იგი მიმართულია:
- უზრუნველყოს ადამიანის უფლება სოციალურ დაცვაზე
- შეამციროს სიღარიბისა და შემოსავლებში უთანასწორობის დონე
- უზრუნველყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
რატიფიკაციის მიუხედვად ბევრ ქვეყანაში კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის:
- დაფარვის არეალის სიმცირე დასაქმებულთა გარკვეული ნაწილისთვის (არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის და არასტანდარტული დასაქმებისას).
- გენდერული სხვაობა სოციალურ დაცვაში (მაგალითად საქართველოში საშუალო საპენსიო დანაზოგი ქალებს უფრო დაბალი ექნებათ, რადგან მათი პენსიაც დაბალია და ნაკლებს აგროვებენ).
- ბენეფიტების დაბალი ადეკვატურობა (ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისთვის საჭირო ბენეფიტზე დაბალი გარანტიები).
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სოციალური ხარჯების შეზღუდვისა და მკაცრი ფინანსური პოლიტიკის გატარებისკენ მიმართული ზეწოლა.
- სოციალური დაცვის პრივატიზაციისა და კოლექტიურად დაფინანსებული სქემების შემცირებისკენ მიმართული ტრენდი.
- დამსაქმებელთა შემცირებული ფინანსური კონტრიბუცია დასაქმებულთა სოციალურ დაცვაზე.
102-ე კონვენცია რატიფიცირებული აქვს მსოფლიოს 56 ქვეყანას. ამასთან მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 27%-ს აქვს ადეკვატური სოციალური დაცვა, ხოლო მოსახლეობის ნახევარზე მეტს საერთოდ არ აქვს არანაირი სოციალური დაცვა.
სამწუხაროდ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო ერთი სოციალური ბენეფიტით მაინც დაცული მოქალაქეების რაოდენობით (ჯანდაცვის პროგრამის გარეშე) ბოლო ადგილზეა 26%-ით.