საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის შესახებ პარლამენტში დარეგისტრირდა

საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.

კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელმაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შესაბამისი კვლევა ჩაატარა.

კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია.  კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 25 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა.