მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მანიფესტი

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე ორმა მოვლენამ, 2019 წლის ბოლოს დაწყებულმა პანდემიამ და 2022 წლის დასაწყისში რუსეთის სამხედრო შეჭრამ უკრაინაში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზე. არსებულ რთულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სახელმწიფოს შრომის ბაზრისა და სოციალურ პოლიტიკას.

უმუშევრობა და სიღარიბე უკვე წლებია ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ქვეყანაში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს.

COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვბის უმეტესობა დღეს უკვე მოხსნილია და ეკონომიკამ 2020 წლის ჩავარდნის შედეგად, როცა  ასიათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ან გაურკვეველი ვადით გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 2021 წელს აღიდგინა პანდემიამდელი მდგომარეობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმუშევრობის გაზრდილი დონე  შენარჩუნდა. 2021 წელს  უმუშევრობის დონე 2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი და 20,6%-ს შეადგენს. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი ამავე პერიოდში  7,5%-ით შემცირდა. რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც სამუშაოს პოვნის იმედი აღარ აქვს საერთოდ გასულია სამუშაო ძალიდან.  უმუშევრობის და პოტენციური სამუშაო ძალის კომბინირებული დონე 38,7%-ს აღწევს. ეს არის ის პოტენციალი, რომელსაც საქართველო ვერ იყენებს და არიან ის მოქალაქეები, რომლებიც სიღარიბისთვის არიან განწირული.

სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ბიზნესი, მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობის და არაპროგნოზირებადი მომავლის გამო, არათუ ვერ ზრდის სამუშაო ადგილებს, არამედ 2019 წლის მდგომარეობასაც კი ვერ აღადგენს. იმავე პოზიციამდე დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ  სახელმწიფოს მიერ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ხელისუფლების მიერ დაანონსებული დასაქმების პროგრამა. თუმცა, არასაკმარისია 300 ლარიანი ანაზღაურება, რომლითაც არათუ ოჯახის რჩენა, არამედ ერთი ადამიანის სურსათით უზრუნველყოფაც კი რთულია.

უმუშევრობის ზრდამ  აბსოლუტური სიღარიბის დონე 19,5%-დან 21,3%-მდე გაზარდა. კვლავ განსაკუთრებით მაღალია უთანასწორობის დონე შემოსავლებში (ჯინის კოეფიციენტი 0,36). ამის მნიშვნელოვანი მიზეზი კი შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკის ნაკლოვანებებია, რაც გამოიხატება ისეთი ინსტრუმენტების სრულად ან ფაქტიურად არარსებობაში, როგორიცაა: მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, პროგრესული საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. ამგვარი პოლიტიკის შედეგია, რომ ეკონომიკური ზრდა თანაბრად არ აისახება მოსახლეობაზე და მისით უპირატესად, ბიზნესი ან/და ისედაც მაღალშემოსავლიანი მოსახლება სარგებლობს. ასეთი კი ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია.

კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქალთა დაბალი მონაწილეობა სამუშაო ძალაში, ისევე როგორც ქალისა და კაცის ხელფასებს შორის დიდი სხვაობა. ეკონომიკურად აქტიურ კაცებთან შედარებით (62,9%)  აქტიური ქალების წილი 22,4%-ით დაბალია და მხოლოდ  40,5%-ს შეადგენს. პანდემიამ ქალების ეკონომიკური აქტიურობა ბოლო 2 წელიწადში  კიდევ უფრო შეამცირა (2,6%-ით), მაშინ, როცა კაცების ეკონომიკური აქტიურობა პირიქით – გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები გამოეთიშნენ სამუშაო ძალას, პანდემიის პერიოდში გაზრდილი საოჯახო საქმეები, დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა და შესაბამისად, ოჯახებში დასაქმებულების გათავისუფლება გახდა.  გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიების ნაწილი კვლავ  დისტანციურ დასაქმებას იყენებს, ქალები, რომლებიც მანამდე ძიძებად, მომვლელებად, მზარეულებად და დამლაგებლებად მუშაობდენენ, კვლავ უმუშევრები რჩებიან.

ქალების დაბალ ეკონომიკურ აქტიურობაზე არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებში. მიუხედავად შრომის კოდექსში შესული გარკევული ცვლილებებისა, სახელფასო სხვაობა სქესის ნიშნით ჯერ კიდევ 32,3%-ს აღწევს.

სახელმწიფოსგან ყურადღებას საჭიროებს ასევე მაღალი არაფორმალური დასაქმება. არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა 31,7% არაფორმალურადაა დასაქმებული. ისინი მოკლებულნი არიან, როგორც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით სარგებლობის, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები  არაფორმალური დასაქმების ნებაყოფლობითი ფორმალიზაციისკენ. ეს კი პირველ რიგში გულისხმობს აღსრულების გაუმჯობესებას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით და დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას, რომელიც უშუალოდ ფორმალურ დასაქმებასთან იქნება დაკავშირებული.

სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს. ეს არის ძირითადი გზა ქვეყნისთვის, რათა  მოსახლეობაში სიღარიბის შემცირება მოხდეს. ამისთვის, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად საჭიროა მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა იმ მიმართულებებით, რომელიც საქართველოსთვის უმეტესად იმპორტირებული პროდუქციის ჩამნაცვლებელი იქნება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ფასების საერთო დონის ზრდაა (ინფლაცია). პანდემიით გამოწვეულ გართულებულ ტრანსპორტირების ხარჯებს, მიმდინარე წელს დაემატა ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემა, – ომი უკრაინაში. ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, უკრაინიდან იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ფასების კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფლაციამ 2021 წელს 13,7% შეადგინა, მაშინ როცა საშუალო ხელფასი ქვეყანაში მხოლოდ 12,2%-ით გაიზარდა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ინფლაციამ საშუალო ხელფასის ზრდას გადააჭარბა. რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულებს, ისევე, როგორც ქვეყნის მთლიან მოსახლეობას, გასულ წელთან შედარებით დღეს კიდევ უფრო ნაკლები განკარგვადი შემოსავალი აქვს. ეკონომიკის 10,4%-იანი რეალური ზრდა ვერ აისახა არათუ მთლიანი მოსახლეობის, არამედ მისი დასაქმებული ნაწილის  განკარგვად შემოსავალზეც კი. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შრომის ბაზრის პოლიტიკის გამოყენებით  ეკონომიკური სიკეთეების თანასწორი გადანაწილება უნდა იყოს იქამდე, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენილი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გაცმის საჭიროება დადგება.

ასეთ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სოლიდარობისა და სამართლიანობის განცდას. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
  • უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
  • ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
  • დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • ეფექტიანი საპენსიო რეფორმა;
  • პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
  • შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკით უმუშევრობის დონის შემცირება;
  • კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას:

  • შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში;
  • პრიორიტეტად აქციოს პროფესიული და დუალური განათლება;
  • შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რის ფარგლებშიც უნდა წახალისდეს სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები;
  • დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;
  • შრომის უსაფრთხოება აღიარებულ იქნას შრომის ფუნდამენტური უფლებად;
  • განისაზღვროს დეკრეტული  შვებულების ღირსეული ანაზღაურება;
  • გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის შესამცირებლად შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვის მეთოდოლოგია;
  • უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო და თანასწორი გარემო შრომით ურთიერთობებში;
  • არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები ისევე უნდა იქნეს დაცული,  როგორც ფორმალურად დასაქმებულების.
  • დაწესდეს 8 საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის არანაკლებ 125 % – იანი ანაზღაურება.