ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული სახლი“ (მანამდე „აბდ ენდ კო) დასაქმებულთა უფლებების უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ ამხილეს. უკრაინელთა მფლობელობაში მყოფი ეს კომპანია დასაქმებულებს მძიმე პირობებს სთავაზობს როგორც წარმოების, ისე გაყიდვების სექტორში.
აღნიშნული კომპანიის პროდუქტს თქვენ ქართულ სუპერმარკეტებში შეხვედებით. გასაყიდი სივრცეები ძირითადად მოწყობილია კარფურის დარბაზებში. აქვე შეხვდებით დასაქმებულებს, რომელთა შრომაც ძალიან მძიმე, მავნე და არასაკმარისად ანაზღაურებადია. ყოველივე ამ სიმძიმეს თან ემატება დამსაქმებელთა უპასუხისმგებლობითა და სიხარბით გამოწვეული კანონის არაერთი დარღვევა, მათ შორის:
- შპს „ქართული სახლი“ აგვიანებს ხელფასის გადახდას და/ან ნაკლულად უხდის დასაქმებულებს;
- შპს „ქართული სახლი“ დასაქმებულებს ყოველგვარი ადეკვატური დასაბუთების გარეშე აჯარიმებს ხელფასის დიდი ოდენობებით. მაგალითად, უკანასკნელი ჯარიმის ოდენობა არის ხელფასის 49%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასაქმებულების ხელფასი 500-600 ლარია, ჯარიმის ასეთი ოდენობა იმდენად მაღალია, რომ დასაქმებულები თვიდან თვემდე თავის გატანასაც კი ვერ შეძლებენ;
- შრომითი პირობები არის მძიმე – დასაქმებულებს ეკრძალებათ სამუშაო საათებში მცირე ხნით ჩამოჯდომაც კი, მიუხედავად იმისა არის თუ არა კონკრეტულ მომენტში დასაქმებულის მხრიდან ფეხზე დგომის საჭიროება.
- კომპანია ზღუდავს დასაქმებულთა გამოხატვის და ასოციაციის თავისუფლებებს, ზეწოლისა და მუქარის გზით. სახეზეა დისკრიმინაციულ ნიადაგზე დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნაც.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით დასაქმებულებმა და პროფკავშირებმა მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.
მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით.
28 ოქტომბრიდან დასაქმებულებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფლება აქვთ არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილას, თუმცა მშრომელები ამ დრომდე მოლაპარაკებების ფორმატში რჩებიან და კვლავ არიდებენ თავს პროცესის გამწვავებას.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოლექტიური დავის წამოწყებისას დასაქმებულების თვითმიზანი არ ყოფილა გაფიცვა – ისინი დამსაქმებლისგან მოითხოვდნენ შრომის კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვასა და ადამიანის ღირსებისთვის შესაფერის მოპყრობას. შესაბამისად დასაქმებულები აგრძელებენ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესს, თუმცა საპირისპირო მხრიდან ხვდებიან მხოლოდ ზეწოლას, დევნას და ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის მავნე პრაქტიკას.
დასაქმებულები ბრძოლას აგრძელებენ, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აპირებენ გამოიყენონ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ორშაბათს, 9 ნოემბერს გაიფიცონ. შეგახსნებთ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით „კანონიერ გაფიცვაზე“ მყოფი დასაქმებულის გათავისუფლება აკრძალულია.