კლიმატის ცვლილება მომავალი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევა იქნება. მეცნიერთა დასაბუთებული კვლევების მიხედვით თუკი 2050 წლისთვის ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტად გაიზრდება, გლობალური დათბობა გარდაუვალი იქნება, ეს იქნება წერტილი სადაც დათბობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დედამიწისთვის კატასტროფით დამთავრდება.
კლიმატის ცვლილებას მიეძღვნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრები გერმანიაში 18-24 სექტემბერს, სადაც პროფკავშირების გაერთიანებიდან ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე მონაწილეობდა. შეხვედრები შედგა ბუნდესტაგის წევრებთან Nina Scheer, Johann Saathoff; გარემოს, ბუნების დაცვის და ატომური უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენელთან Nilgun Parker-თან; ჩრდილოეთ რაინისა და ვესტფალიის წარმომადგენელთან Dietmar Bell-თან. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შეჩერებისა და გლობალური დათბობის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებებს. შეხვედრების მონაწილეებმა ასევე ადგილზე დაათვალიერეს “Hyrdo Aluminum”-ის საწარმო და გაეცნენ განახლებადი ენერგიის წარმოებას „Energy Community Willich”-ში.
გლობალური დათბობის მიზეზი კაცობრიობის მიერ გამოყოფილი სათბური აირებია, ასეთი აირია კარბონი (CO2 ), მისი ძირითადი გამომყოფი სეტორებია: ენერგეტიკა ( ნახშირის თბოსადგურები); ტრანსპორტი; სოფლის მეურნეობა.
სათბური აირების გამოყოფის შედეგად ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდის შემთხვევაში, დადნება ყინულის საფარი, რომლის თეთრი ფერიც მზის სხივების ამრეკლავის ფუნქციას ასრულებს, დედამიწაზე არსებული წყლის გათბობის შედეგად კი დამატებით გამოიდევნება კარბონი, რაც დათბობას კიდევ უფრო დააჩქარებს და ეს პროცესი ადამიანის კონტროლიდან გამოვა.
გლობალური დათბობა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას (ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში 100 წლის შემდეგ ზღვის დონე აიწევს 20 მეტრით), შეიცვლება ნალექების განაწილება, შემცირდება მოსავლიანობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი, დატბორილი ტერიტორიებიდან დაიწყება მიგრანტების გადინება, დატბორილი ქვეყნების ეკონომიკები კატასტროფულ ზიანს მიიღებენ.
გლობალური დათბობის თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირში 2012 წელს ძალაში შევიდა კლიმატის დაცვის აქტი (Climate Protection Act). აქტი ეხება კარბონის ემისიის შემცირებას. ყველაზე დიდი ზიანის მომტანი გარემოსთვის არის ქვანახშირის წვა . Climate Protection Act-ით 2018 წელი განისაზღვრა ბოლო ვადად, რათა შეწყდეს ქვანახშირის მოპოვება ევროკავშირში. ისეთი დიდი მომპოვებელი, როგორიც გერმანიაა, წლის ბოლომდე დახურავს უკანასკნელ ქვანახშირის საბადოს, ამ წიაღისეულის მოპოვებით ცნობილ რურის რეგიონში. მსხვილი მომპოვებელი ქვეყანაა ასევე პოლონეთი, სადაც ამ მომენტისათვის 350 ათასი ადამიანია მაღაროებში დასაქმებული. პოლონეთი ჯერ-ჯერობით ვერ ასრულებს ვალდებულებას და აგრძელებს ქვანახშირის მოპოვებას, თუმცა უახლოეს მომავალში მასაც მოუწევს მაღაროების დახურვა. ნახშირის თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ჩანაცვლება შესაძლებელია განახლებადი ენერგიით. გერმანია სწრაფი ტემპით გადადის განახლებად ენერგიაზე. ევროკავშირში შექმნილი რეგულაციებიდან გამომდინარე, განახლებაი ენერგიის წარმოება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სხვა სახის ენერგიის მიღება. განახლებადი ენერგიის წარმოების ძირითადი წყაროებია ქარის ტურბინები, მზის პანელები, ბიომასა.
მთავარი პრობლემა რასაც მაღაროების დახურვა იწვევს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობაა. თუმცა უმჯობესია ასეთი მოსახლეობის სხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმება და პარალელურად გარემოს გადარჩენაზე ზრუნვა. განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესს ხშირად უწოდებენ – “Just Transition”-ს. ამ კამპანიის ფარგლებში ნიშანდობლივია ITUC-ის თავმჯდომარის შარონ ბაროუს მიერ წარმოთქმული სიტყვები „ მკვდარ პლანეტაზე სამუშაო ადგილები არ არის“. უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად გერმანია ათწლეულების განმავლობაში ბიუჯეტიდან ეხმარებოდა ნახშირის მომპოვებელ რეგიონებს. სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარების გარეშე შეუძლებელია ისეთ რეგიონებში მოსახლეობის შენარჩუნება, რომელიც მთლიანად ნახშირის მოპოვებაზეა დამოკიდებული. მსგავსი სიტუაციაა საქართველოში ქ.ტყიბულში, სადაც მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ქვანახშირის მოპოვებიდანაა და გარდა იმისა, რომ ნახშირი ზიანს აყენებს გარემოს, ყოველწლიურად 10-მდე მეშახტე იღუპება შრომის უსაფრთხოების წესების არ არსებობის გამო. მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, საქართველომ უნდა დაიწყოს ტყიბულის ალტერნატიულ განვითარებაზე ზრუნვა დღეს, რათა 10 წლის შემდეგ ქალაქში არ იყოს დასაქმების პრობლემა და მოსახლეობა გარემოსთვის და ადამიანისთვის საშიშ სამუშაო ადგილებზე აღარ იყოს დასაქმებული.
რეგიონის ალტერნატიული განვითარებისთვის სასურველი ნაბიჯებია: სუბსიდიები კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობას ამ ქალაქში დაიწყებენ; ქალაქში მოქმედი კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლება (შესაძლებელია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება); განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირება (ასეთი წყაროები უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს; მზის პანელების ქვეყნის ელექტროსისტემაში ინტეგრაციის შემთხვევაში ყველას უჩნდება თვითდასაქმების შესაძლებლობა); დასაქმების პროგრამები, მათ შორის გადამზადების პროგრამები, რომელიც მოსახლეობას მოამზადებს ტრანზიციის პერიოდში ახალი სამუშაო ადგილების ათვისებისთვის; სახელმწიფოს ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რაც დროებით დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და პარალელურად შექმნის ქალაქის განვითარებისთვის საჭირო იფრასტრუქტურას, ასეთი ინფრასტრუქტურა მომავალში შეიძლება მოემსახუროს ტურიზმისა და სხვა დარგების განვითარებას; განათლებაში ინვესტირება- ქალაქის მაცხოვრებლებს უნდა ჰქონდეთ უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობა; სოციალური პროგრამები- მაგალითად მეშახტე-მაღაროელებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა.
ქვანახშირის შემცვლელია ე.წ. ლიგნიტი (Lignite), რომელიც ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის. მისი მოპოვება გერმანიაში ჯერ კიდევ დაშვებულია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი მოპოვებაც აიკრძალება. გარემოს დამცველი ორგანიზაციები იბრძვიან ლიგნიტის კარიერის დახურვისთვის. კარბონის ემისიის შეჩერებას გერმანიაში ემხრობა ასევე სოციალ-დემოკრატიული პარტია.
მსოფლიოს 195-მა ქვეყანამ 2015 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზნებია: გლობალური დათბობის შენარჩუნება 2 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში, (სასურველი მიზანია 1,5 გრადუსი); სათბური გაზების ემისიის ნულამდე დაყვანა 2050 წლისთვის; კლიმატის ცვლილების დარეგულირებისთვის ეროვნული გეგმების შემუშავება და განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. 2016 წლის მდგომარეობით მწვანე ტექნოლოგიებზე დახარჯული თანხა შეადგენდა 3 ტრილიონ ევროს. პარიზის შეთანხმება 2020 წლიდან შევა ძალაში.
საქართველო პარიზის ხელშეკრულების ხელმომწერთა შორისაა. საქართველოს მიერ კარბონის ემისია შეადგენს მთლიანი ემისიის 0.03%-ს (სომხეთი 0,02%; აზერბაიჯანი 0,13%). საქართველოს ელექტროენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან – ჰიდრო ელექტრო სადგურების მიერ გამომუშავდება. ტერიტორიის 40% დაფარულია ტყით. მრეწველობა ქვეყანაში დაბალ დონეზეა. ეს ფაქტორები განაპირობებს საქართველოს მიერ დაბალ ემისიას, თუმცა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, საქართველოსაც მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, რათა ემისია ნულამდე დავიდეს. მათ შორის მოუწევს ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლა და ნახშირის მოპოვების აკრძალვა. ამასთან უნდა გამოირიცხოს ისეთი პროექტები, რომლებიც ნახშირზე მომუშავე თბოსადგურების აშენებას გულისხმობს.