პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და აღდგენას განაგრძობს.
6 თვიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, საქმის მწარმოებლის პოზიციაზე დასაქმებულის გათავისუფლების გამო სს „მედია ჰოლდინგს“ ქ.ა-თვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება და მისი სამსახურში აღდგენა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სს “მედია ჰოლდინგსა“ და გათავისუფლებულ ქ.ა-ს შორის დადებული 6 თვიანი შრომითი ხელშეკრულება უვადო შრომით ხელშეკრულებად აღიარა.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 01/04/2021 წელს სს ,,მ.ჰ“-სა და ქ.ა-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 01/10/2021 წელი 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის მითითებით.
20/09/2021 წელს კი დამსაქმებელმა შეატყობინა მოსარჩელეს, რომ მათ შორის 01/04/2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, მასთან შრომით ხელშეკრულებას 01/10/2021 წლიდან წყვეტდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე – განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ ვადის განსაზღვრით, მიზნის მითითების გარეშე დაუშვებელია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ კონკრეტული მიზნით განპირობებული ვადიანი ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში უკავშირდება კონკრეტულ მიზანს და არა – კალენდარულ ვადას.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.