მიმდინარეობს საიტის განახლება

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება

ხელფასების ზრდის სტატისტიკა

საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები 2018 წლის მე-4 კვარტალში ხელფასების შესახებ. ამ სტატისტიკის მიხედვით მე-4 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ხელფასის საშუალო დონე 61,1 ლარით გაიზარდა და 1202 ლარი შეადგინა (გადასახადის გადახდის შემდეგ   961 ლარი).

ხელფასის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში (იხ. გრაფიკი):

  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება 25,9%;
  • სხვა სახის მომსახურება 19,9%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია 17,8%;
  • ხელოვნება გართობა და დასვენება 15,4%;

ხელფასი შემცირდა 4 სექტორში. მათ შორის:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 9,8%;
  • ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება – 4,6%;
  • მშენებლობა 1,4%;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა -0,3%.

 

ხელფასის საშუალო ზრდამ მამაკაცებისთვის 5,8%, ხოლო ქალებისთვის 5,4%-შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქალებსი ხელფასი, მამაკაცების ხელფასს აღნიშნულ კვარტალში 38%-ით ჩამორჩებოდა და 906 ლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ  წლის ბოლო კვარტალში ტრადიციულად უფრო მაღალი ხელფასები ფიქსირდება. რეალური წლიური საშუალო დაახლოებით 1070-1080 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნული მაჩვენებელი აგვისტოში გამოქვეყნდება.

ამასთან საშუალო ხელფასი ასახავს, როგორც მაღალშემოსავლიან, ისე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხელფასებს. ქვეყანაში არსებული მაღალი უთანასწორობის გამო, გამოქვეყნებული საშუალო ხელფასი არ ასახავს მოსახლეობის უმეტესობითვის არსებულ რეალობას. მოსახლეობის 63%-ს საშუალო ხელფასზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ყველაზე მეტად კი უთანასწორობა დაბალშემოსავლიანთა ხელფასებში ჩანს, – 130 ათას დაქირავებით დასაქმებულს 2016 წლის მდგომარეობით 300 ლარზე დაბალი ხელფასი ჰქონდა.

2015-2017 წლებში საქართველოში უთანასწორობის დონე გაიზარდა და ჯინის კოეფიციენტმა 0.40-ს მიაღწია. ამ კოეფიციენტის ზრდა უთანასწორობის ზრდას ნიშნავს. შედარებისთვის 2006 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,38-ს შეადგენდა. შესაბამისად ამ კუთხით ქვეყანა წინ ვერ მიდის.

ხელფასების ზრდის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში ნარჩუნდება. თუმცა ზრდა ხდება, როგორც მაღალშემოსავლიანი, ისე დაბალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის თანაბრად. ეს კი  უთანასწორობის  არსებულ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ უთანასწორობა შემცირდეს საჭიროა ხელფასების უფრო დიდი პროპორციით გაზრდა დაბალშემოსავლიანთათვის. ამისათვის სახელმწიფო უნდა ატარებდეს შესაბამის პოლიტიკას და უნდა იყენებდეს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა – მინიმალური ხელფასი და პროგრესული გადასახადი. დღეს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი – 20 ლარია თვეში, რაც უგანდისა და ბურუნდის შემდეგ ყველაზე უარესი მაჩვენებელია მსოფლიოში. ხოლო, რაც შეეხება, გადასახადს, მიუხედავად შემოსავლების სიდიდისა საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის 20%-ია. გადასახადის გადახდა უწევთ მათაც, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე დაბალია.  აღნიშნული კანონმდებოლობის შეცვლა ხელს შეუწყობს ხელფასების უფრო სამართლიან გადანაწილებასა და სიღარიბის შემცირებას.

 

გიორგი ჭანტურიძე