მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს:

ბატონო პრემიერო,

გვსურს, გაცნობოთ ჩვენი პოზიცია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის  საქართველოს პარლამენტში მიმდინარე  განხილვის პროცესთან და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გარკვეულ  გამოწვევებთან დაკავშირებით.

როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტში  ინიცირებულ  კანონპროექტში გათვალისწინებულია ორი  პრინციპული საკითხი, რომელსაც პროფკავშირები წლებია ითხოვს, კერძოდ ესაა:  კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა სექტორზე და  ასევე საჯარო სამსახურებზე  და შრომის ინსპექციის უპირობო, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე დაშვება სამუშაო ადგილზე, რაც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრორიტეტული #81 (შრომის ინსპექციის შესახებ) კონვენციისა, #155 კონვენციისა (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ) და საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული  სამუშაო ადგილებზე  შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თაობაზე   ჩარჩო დირექტივის  89/391/EEC  მოთხოვნას.

თუმცა,  აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება დაგეგმილია მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან, მაშინ, როდესაც არ არსებობს რეალური დასაბუთება თუ რატომ არ უნდა ამოქმედდეს ის კანონის მიღებისთანავე.

ამას გარდა,  შემოთავაზებული ცვლილებებით კვლავ არ არის გათვალისწინებული შრომის ინსპექციის მანდატის გავრცელება შრომითი უფლებებზე, რაც ეწინააღმეგება შსო-ს და ევროკაშირის სტანდარტებს, რომელიც არ მიჯნავს შრომის უსაფრთხოებას შრომითი უფლებებისგან. ამასთან,  პროფკავშირების პრაქტიკაც ცხადად მოწმობს, რომ საწარმოო შემთხვევებს  ხშირად  სწორედ შრომითი უფლებების დარღვევა განაპირობებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა ბუნებრივად შეუძლებელია.

პროექტი არ ითვალისწინებს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის ცალკე დამოუკიდებელ იურიდიულ  სუბიექტად ჩამოყალიბებას ისევე, როგორც შრომის ინსპექტორების სტატუსის ცვლილებას, კერძოდ საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე, წარმოადგენს შსო-ს 81-ე კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი  საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში იხილებოდა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობისა და ღიაობის რეჟიმში. თუმცა, ბოლო დროს, ბიზნესობუდსმენის, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რიგი ბიზნეს ასოციაციებისა და მათ მიერ მართული არასათავრობო  ორგანიზაციების  ძალისხმევით კანონპროექტის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის პროცესი გაჭიანურდა და ჩნდება კითხვის ნიშნები მისი კანონად ქცევის რეალურობასთან დაკავშირებით.  აღნიშნული კი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ  დასაქმებულთათვის უსაფრთხო შრომით  გარემოს უზრუნველყოფაზე  უარი თქმას და ამ მიამრთულებით მთელი რიგი საეთაშორისო ვალდებულებების შესრულების თავის არიდებას.

ამასთან, არსებობს გამოწვევები  უკვე მიღებული ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის გარკვეული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.  კერძოდ, არ მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია  კანონით განსაზღვრული  ნოვაციების შესახებ, რომლის მიხედითაც 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით და ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დღემდე არ არის  დამტკიცებული აკრედიტირებული პროგრამა, რომელიც გავლილი უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სპეციალისტს. მიგვაჩია, რომ ამგვარი მოცემულობა,  მომავალში ხელს შეუშლის აღნიშნული რეგულაციების დადგენილ ვადებში ამოქმედებას, როგორც ეს მოხდა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციებთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, შრომასთან დაკავშირებული საკითხებისთვის სათანადო ყურადღების არ დათმობა  გამოიწვევს სიტუაციის ესკალაციას დასაქმების სხვადასხვა ადგილებში.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღემდე გაურკვეველია ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა  ბედი, სადაც დამსაქმებელი მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით იძლევა დასაქმებულთათვის იძულებითი მოცდენის გადახდის პირობას.

ამას გარდა, დღემდე არ არის შემუშავებული ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციის და თავად ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და საქართველოს პროფკავშირების ინიციატივები   ქალაქის გამართულ ფუნქციონირებასა და  მეშახტეების სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა   უმუშევრობის კომპენსაცია, საზოგადოებრივ/ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმება, ქალაქში საზოგადოებრივი და კომუნალური მომსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება,  შახტებში საწარმოო უბედური შემთხვევებისგან მეშახტეთა და მათი ოჯახების დაზღვევა „სახელმწიფო პენსიებისა და კომპენსაციების შესახებ“ კანონის მეშახტეებზე გავრცელების საკითხი, რათა პარლამენტის წევრების, მოსამართლეების, მეხანძრეების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მსგავსად, მათაც მიეცეთ საპენსიო ასაკისთვის მიღწევამდე ღირსეულ პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა დ ა.შ.

 

ბატონო პრემიერო,

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ, როგორც საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, მიმართავთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა  სოციალური დიალოგის გაძლიერების გზით,  დროულად გადაიჭრას ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხები და   უზრუნველყოფილი იქნას  ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების და დამატებების   დაჩქარებულ რეჟიმში მიღება. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ქვეყანაში ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრებისა და შესაბამისი აღსრულების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის გზაზე.

პატივისცემით,

თავმჯდომარე

ირაკლი პეტრიაშვილი