ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში დამძიმებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, გახშირდა კოლექტიური შრომითი დავები და გაფიცვები. სამწუხაროდ, საწარმოების უმეტესობაში, სადაც პროფკავშირების გაერთიანება ცდილობდა კონსტრუქციული დიალოგის გზით და კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმების გამოყენებით თავიდან აერიდებინა პროტესტის უკიდურესი ფორმები, ეს ვერ მოხერხდა, რადგან დამსაქმებლებმა უარი თქვეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე.
მეტიც, უკვე არაერთი კომპანია (შპს აზოტი, შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სს ბორჯომი, სს წყალი მარგებელი, შპს გულისტანი და ა.შ.) ღიად აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება პროფკავშირებთან და ცდილობს დასაქმებულებთან პირდაპირ კომუნიკაციას. აღნიშნულ დამოკიდებულებას, სამწუხაროდ, ხშირად ახალისებენ სახელმწიფოს წარმომადგენლები (გუბერნატორები, მერები, დეპუტატები, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიატორები და ა.შ), რომლებიც მოუწოდებენ დასაქმებულებს, დამსაქმებლის ნების შესაბამისად, მოლაპარაკებებში პროფკავშირის გარეშე ჩაერთონ.
ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას. რადგან მოგეხსენებათ, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის განვითარებას ყველა დონეზე. აღნიშნული კი შეუძლებელია პროფესიული კავშირების ჩართულობის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის შესაბამისად ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.
პროფესიული კავშირის შექმნის, მასში გაერთიანებისა და საქმიანობის უფლებები, ასევე გარანტირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე („ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ“ კონვენცია) და 98-ე („კოლექტიური მოლაპარაკების ორგანიზებისა და გამართვაზე უფლებათა პრინციპების გამოყენების შესახებ“ კონვენცია) ფუნდამენტური კონვენციებით.
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2 (1) მუხლის თანახმად კი, პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.
ე.ი. პროფკავშირი იქმნება და არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას და წარმოადგინოს თავისი წევრების უფლებები და ინტერესები.
როგორც კი დასაქმებული ისარგებლებს კონსტიტუციით გარანტირებული პროფკავშირების შექმნის უფლებით, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულთან ურთიერთობისას მიიღოს პროფკავშირი, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენელი და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით აღიარებული სამართლებრივი სუბიექტი.
,,პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მე-12 (2) მუხლის და შრომის კოდექსის 54 (4) მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკებები, თუკი პროფესიული კავშირი გამოვა ასეთი ინიციატივით.
დამსაქმებლის უარი, დასაქმებულთან ურთიერთობა/მოლაპარაკება წარმართოს პროფკავშირის გარეშე, ასევე წარმოადგენს კონსტიტუციის 26-ე მუხლის, მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების უხეშ დარღვევას და ამავე დროს შეიძლება, შეფასდეს, როგორც პირდაპირი დისკრიმინაცია პროფკავშირული ნიშნით.
აღნიშნული კი წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილ თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფას და არის შრომის კოდექსის 4(1) მუხლისა და 53-ე მუხლის დარღვევა, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას პროფკავშირული ნიშნით.
გარდა ამისა, შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია და შემათანხმებელი პროცედურებისთვის თავის არიდებისთვის, დადგენილია პასუხისმგებლობა შრომის კოდექსის 78-ე და 80-ე მუხლებით.
იმ პირობებში, როდესაც პროფკავშირს არ აქვს დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობის შესაძლებლობა, ეს პროფკავშირის საქმიანობისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს (166-ე მუხლი _ „პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისთვის ან მისი საქმიანობისთვის ხელშეშლა“).
მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკების გაგრძელება უხეშად ეწინააღმდეგება შსო-ს ფუნდამენტურ სტანდარტებს გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოლექტიური ხელშეკრულება მხოლოდ 59 საწარმოში არსებობს. კოლექტიური ხელშეკრულებების ასეთი სიმცირე ცხადად მიანიშნებს სოციალური დიალოგის განუვითარებლობაზე ქვეყანაში, რასაც ეფუძნება ევროპა. აღნიშნულის გამო, ევროპარლამენტარებთან არაერთი შეხვედრისას პირადად მომისმენია მათი სკეპტიციზმი საქართველოში ევროპული ღირებულებების დამკვიდრებასთან დაკავშირებით.
ამგვარ განწყობას ასევე ადასტურებს, აშშ სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ პროფკავშირების GSP პეტიციის 10 წლის განმავლობაში განხილვა, რა დროსაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს სისტემატურად მოეთხოვებოდათ ანგარიში პეტიციაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. საჩივარში კი საუბარი იყო სწორედ პროფკავშირული საქმიანობის ხელისშეშლის, სოციალური დიალოგის განვითარების პრობლემებზე და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე. სწორედ ამგვარი ფაქტები აშორებს ქვეყანას დასავლური ღირებულებებისგან.
ბატონო პრემიერო,
თქვენ, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, ვალდებული ხართ შექმნათ ისეთი მექანიზმები, რომელიც არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს გაათავისებინებს, რომ შრომითი კონფლიქტების დროს მოძებნონ ოქროს შუალედი სოციალური დიალოგის გზით, არამედ აგრეთვე კერძო სექტორსაც მოაქცევს იმ ჩარჩოებში, რასაც დასავლური, ცივილიზებული ღირებულებები ჰქვია და რისი მოლოდინიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს.
სოციალური დიალოგის განვითარების პირობებში, არ დაგვჭირდებოდა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გახშირებული გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების მიზეზი ნამდვილად არ არის პროფკავშირები, რომელიც ისეთი წარმოების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, სადაც დაცული იქნება დასაქმებულთა უფლებები. არამედ ეს ხდება იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის სამართლიან გადანაწილებას, რომლის შემუშავების ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს სოციალური პარტნიორების ჩართულობით. ასეთი მექანიზმებია: მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულების ინსტრუმენტები და ა.შ. საბანკო სექტორის წლიური მოგების მაჩვენებელი ცხადად წარმოაჩენს თუ ვინ სარგებლობს ეკონომიკური დოვლათით, მაშინ როდესაც თავად ამ დოვლათის შემქმნელი მოქალაქეები კიდევ უფრო ღარიბდებიან.
ფაქტია, ამგვარი მოცემულობის ფონზე ვერ მოხდება ამგვარი დავების და გაფიცვების პრევენცია, რაც გარდა იმისა, რომ არღვევს დასაქმებულთა და მათი ორგანიზაციების უფლებებს, ასევე აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და ხელს უშლის სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული საკითხების და მიმდინარე შრომითი დავების განხილვა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში, რომლის მთავარი ფუნქციაცაა სწორედ სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე, სამმხრივი კომისიის წევრებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევის წახალისება.
პროფესიული კავშირების გაერთიანება მზადაა წარმოადგინოს თავისი ხედვა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საწარმოო სტაბილურობა და დასაქმებულები და დამსაქმებლები არ იდგებიან ბარიკადების სხვადასხვა მხარეს.