,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დიალოგის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და დამკვიდრება. აუცილებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდეს კოლექტიური შრომითი ურთიერთობების დამაბალანსებელი ძლიერი და სრულყოფილი მექანიზმები და ამ მექანიზმების გამართულად მუშაობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს. დასაქმებული ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩაგრულის მდგომარეობიდან.”
- საქართველოს მეტალურგთა, ქიმიური მრეწველობისა და სამთო მომპოვებელი დარგების პროფკავშირი უკვე დიდი ხანია მოითხოვს შრომის საერთაშორისიო სტანდარტების დამკვიდრებას. რა გაკეთდა ამ მიმართულებით უკვე? და რა არის პირველი რიგის ამოცანა?
საქართველოში შრომითი სტანდარტები უფსკრულისკენ მიექანებოდა და მიექანება დღესაც. არსებული მდგომარეობა გვაიძულებს ვთქვათ, რომ რეალური შედეგების თვალსაზრისით არც არაფერი გაკეთებულა ქვეყანაში. თუ კანონმდებლობაში და მის ქვემდებარე აქტებში რამე შეიცვალა, ეს მხოლოდ ფასადურია და რეალური ცვლილებების შრომით ურთიერთობებში იმპლემენტირება ვერ ხერხდება, რადგან ამის პოლიტიკური ნება და სურვილი არ არსებობს. როგორ შეიძლება რაიმე შედეგებზე საუბარი, როდესაც პროფკავშირული და ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ხარისხი არ შემცირებულა, საჯარო სამსახურებში კი პოლიტიკური მიკუთვნებულობის ნიშნით სამსახურში აყვანის და განთავისუფლების ფაქტებსაც არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით. სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა არ უმჯობესდება, დასაქმებულები მუშაობენ მაგრამ განვითარების ნაცვლად გაღარიბებას აგრძელებენ. წინასაარჩევნო კამპანიების დროს პოლიტიკური პარტიები საზოგადოების ხმათა კონსოლიდაციას განვითარების გეგმის გარშემო კი არ ახდენენ, არამედ ისინი ფრაგმენტულად აჟღერებენ იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი თავს იმით ,,აწონებენ“ ამომრჩეველს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ხეების დარგვის ღონისძიებაში ან საქველმოქმედო ველომარათონში მიიღეს მონაწილეობა მოსწავლე ახალგაზრდობასთან ერთად და სხვა მრავალი. ქვეყანას არ გააჩნია განვითარების ერთიანი კონცეფცია, რომლის ერთერთი მთავარი მიმართულება მოქალაქეთა დასაქმება, შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება უნდა იყოს, რადგან სიღატაკის ზღვარზე მცხოვრები, დამსაქმებლისგან უფლებაშლახული და დაუსაქმებელი ადამიანებისგან კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება არსად შექმნილა და ვერც საქართელოში შიქმნება.
- გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი კონვენციები. რამდენად გულწრფელი და საქმიანია სახელმწიფოს, კერძო დამსაქმებელთა და საქართველოში მოქმედი უცხოელ ინვესტორთა მიმართება მათ მიმართ?
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები რეალურად არის ეტალონური საშუალებები, რომელმაც ქვეყნის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც დაგვაახლოვებს ცივილიზებულ სამყაროსთან… თუმცა მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებული დასავლური პოლიტიკური კურსისა, ნაკლებად იგრძნობა ჩვენი ხელისუფლების, კერძო დამსაქმებლებისა და უცხოელი ინვესტორების სურვილი ყოველივე ზემოთთქმულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენში ბიზნესი გათვლებს გრძელვადიან პერსპექტივაზე არ აკეთებს, ჩვეში ბიზნესი მაქსიმალური მოგების მომენტალურად მიღებაზეა ორიენტირებული, ეს კი საზიანოა საქართველოსთვის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე და რეაგირებას არ ახდენდე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ფაქტებზე. შეუძლებელია გინდოდეს ეკონომიკის განვითარება და ყურადღებას არ აქცევდე სიკეთეებისა და დოვლათის თანაბრად გადანაწილების პროცესს. შსო-ს და ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საშუალებების მთელი კომპლექტია და არა ქიშმიშიანი ბულკი, რომელსაც თუ კი არ გიყვარს, ქიშმიშებს ამოაცლი და ისე მიირთმევ. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები ქვეყნის განვითარების უმთავრეს ნორმებად უნდა წარმოვიდგინოთ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც არცერთ მოქალაქეს, არცერთ საზოგადოებრივ ჯგუფსა თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას აღარ ექნება ამ ნორმებისგან გადახვევის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გააგრძელებს არსებობას წარუმატებელი ქვეყნის მდგომარეობნაში.
- თქვენ, როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელს მუშაობა მოგიწიათ და გიწევთ სხვადასხვა რეჟიმების პირობებში. რა ფაქტობრივ განსხვავებებსა და საერთოს ხედავთ იმ „9 წლიან რეჟიმსა“ და ამ თითქმის უკვე 6 წლიან პერიოდს შორის?
ქვეყნის მართვის მეთოდებში რეჟიმებს შორის განსხვავება რა თქმა უნდა არის, მაგალითად 2012 წლამდე თითქმის არცერთი გაფიცვა 3 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა, რადგან გაფიცვის მე-3 დღეს მოდიოდა პოლიცია და არბევდა გაფიცულებს, მათ იჭერდნენ, აპატიმრებდნენ და რამდენიმე საათიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხში ატარებდნენ იმისთვის, რომ პროტესტის გამოხატვის სურვილი სამუდამოდ დაკარგვოდათ. დღეს გაფიცვა და შიმშილობა შესაძლებელია თვეობით გაგრძელდეს და ამას არ მოყვეს არაადამიანური მოპყრობა ძალოვანთა მხრიდან, თუმცა სამუშაო ადგილებზე არსებული სიტუაციის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, შრომითი სტანდარტები განაგრძობს უფკრულისკენ ვარდნას. თავისუფალი და დერეგულირებული შრომის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ძველი და ახალი წარმომადგენლები უპრობლემოდ თანხმდებიან, ბიზნესის სრული ხელშეუხებლობა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა არის ის საკითხი, რომელზეც სრულ კონსოლიდაციას ახერხებენ. არცერთ სხვა თემასთან დაკავშირებით მათ ასეთი ერთობა არ აქვთ. აბა წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ ხელისუფლება რითაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არის დაკავებული წინასაარჩევნოდ რომ დაუანონსონ ამომრჩეველს დაპირებები საყდრისის აფეთქებასთან, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებასთან, ჰესების მშენებლობასთან, სამშენებლო კომპანიებისთვის მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვის ნებართვების გაცემასთან და შრომითი სტანდარტების გაუარესებასთან დაკავშირებით, ისინი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდნენ და ეს პოლიტიკოსებმა კარგად იციან, ამიტომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის სენსიტიურ თემებზე აკეთებენ აქცენტებს, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკეთებენ იმას რაც სურთ, ეს კი ამომრჩევლის მიმართ გულგრილობა და არაგულწრფელობაა, რაც მოქალაქეებში იწვევს უიმედობას, ნიჰილიზმს და განცდას იმის შესახებ, რომ რიგითი მოქალაქის გულშემატკივარი არავინ არის. ამგვარი ფსიქოლოგიური ატმოსფერო თავშივე გამორიცხავს არჩევნების, როგორც სახელმწიფოს მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ყველაზე ლეგიტიმური მექანიზმის რეალურობას. ამ პრობლემის მოგვარებას საზოგადოება მხოლოდ თავად ვერ შეძლებს, საზოგადოებას ხელისუფლება უნდა დაეხმაროს პოლიტიკის გააზრებაში, ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების პოლიტიკური კულტურისა და თითშეგნების ამაღლების პროცესს, ამას კი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმა და დემოკრატიასთან შეგუება ჭირდება.
- პარლამენტი, მისი ფრაქციები, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახალხო დამცველი რას აკეთებენ სოციალური დიალოგის, სოციალური პარტნიორობის, სამმხრივი კომისიის პრაქტიკული განვითარების სასარგებლოდ?
დარწმუნებული ვარ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში წარმოდგენილი ადამიანების სრულმა უმეტესობამ არც კი იცის რა არის სოციალური დიალოგი, ვერ იაზრებს მის მნიშვნელობას და ვერც იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალურ დიალოგს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფების ჰარმონიული განვითარებისთვის. 2013 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, შეიქმნა სამედიაციო მექანიზმი, დამტკიცებული იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა რეალურად სოციალური დიალოგი მაინც არ არის წახალისებული და ეს იმის ბრალია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წამყვან თანამდებობებზე კადრები პირდაპირ ბიზნესის სფეროდან ინიშნებიან. ბიზნესმენთა ნაკლებობას არც პარლამენტი უჩივის, შესაბამისად ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი გააზრებულად და მიზანდასახულად, ხოლო ნაწილი გაუცნობიერებლად ბიზნესს ლობირებენ. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს პროფესიონალი საჯარო მოხელის მცნება – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების აპარატებში ადამიანების სამუშაოზე აყვანა ხდება პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული მიკუთვნებულობის მიხედვით და ეს ვრცელდება თითქმის ყველა რანგის საჯარო მოხელეზე, შესაბამისად საჯარო მოხელეების მხრიდან რაიმე ტიპის ინდივიდუალიზმზე და საქმის კეთების პროცესში პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენაზე საუბარი ზედმეტია, მათ უბრალოდ ევალებათ ის, რომ იყონ საიმედონი ამა თუ იმ პარტიისთვის, რომელიც იმ კონკრეტულ პერიოდში მართავს ქვეყანას.
- რამდენად აქტუალურია დღეს დასაქმებულთა შორის „ყვითელი“ პროფკავშირების ფაქტორი? სად მოქმედებენ და რას აკეთებენ ეს ფსევდოპროფკავშირები? ვინ არის მათი ძირითადი კონტიგენტი?
საწარმოში ყვითელი პროფკავშირის შექმნა და წახალისება, თანამედროვეობის ერთერთი გავრცელებული მექანიზმია დასაქმებულებზე გავლენის მოსაპოვებლად და მათ გასაკონტროლებლად. ყვითელი პროფკავშირების მეშვეობით დამსაქმებელი დასაქმებულთა საზოგადოებრივი აზრის სასურველი სახით ფორმირებას ახერხებს, რაც თავის მხრივ საზოგადოების სამოქალაქო განვითარების პროცესში ბუნებრივი შემაფერხებელი ფაქტორია. დამსაქმებლის მხრიდან ყვითელი პროფკავშირების შექმნა და წახალისება აკრძალულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 კონვენციით, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე საქართველოში კანონმდებლობის რეალურ ურთიერთობებში იმპლემენტირება ვერ ხერხდება. საქართველოს რკინიგზის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ან ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომელთა ყოველდღიურ შრომით პროცესებზე რამ უნდა მოახდინოს იმაზე უარყოფითი გავლენა, რასაც ამ საწარმოებში მოქმედი კომპანიის მიერ შექმნილი ყვითელი პროფკავშირული ორგანიზაციები ახდენენ. ეს ორგანიზაციები არაფრით უკავშირდებიან ქართულ პროფკავშირულ მოძრაობას და მათი საქმიანობის დღის წესრიგი მხოლოდ კომპანიის ადმინისტრაციის პოზიციების გაძლიერებაა დასაქმებულთა პროტესტის შესუსტებით. ამ ორგანიზაციების მმართველი კოლეგიალური ორგანოები ძირითადად ადმინისტრაციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულებმა თავმჯდომარედ მათ მიერ მოწონებული კანდიდატი აირჩიონ, რადგან ორგანიზაციის გამგეობაში მოკალათებული კომპანიის წარმომადგენლები დასაქმებულთა საზოგადოებრივი აზრის სასურველი მიმართულებით ფორმირებას ახერხებენ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მუქარის ირიბი თუ პირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
- საერთაშორისო და რეგიონალური პროფკავშირული თანამშრომლობა განვითარების რა ეტაპზეა? რა ხდება თანამედროვე საერთაშორისო, ევროპულ და ახალი დემოკრატიის ქვეყნების პროფკავშირებში?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ერთერთ ყველაზე დამოუკიდებელ და მებრძოლ ორგანიზაციად აღიქმება, შესაბამისად არაერთი სასწავლო ტრენინგი თუ კონფერენცია, რომელიც იმართება რეგიონის ქვეყნებში, ქართული პროფკავშირების მიერ განხორციელებული აქტივობების მაგალითებს ითვალისწინებს. თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის პროფკავშირულ ორგანიზაციას აქვს სურვილი საქართველოს პროფკავშირებთან ითანამშრომლოს და გამოცდილება გაიზიაროს. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური საბჭოს წევრი და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტია, ხოლო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები სხვადასხვა საერთაშორისო პროფკავშირული სტრუქტურების კოლეგიალური ორგანოების სხვადასხვა პოზიციებზე არიან არჩეულები. სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირთა მიერ გამოვლენილი საერთაშორისო სოლიდარობის ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის კუთხით. მთელი მსოფლიოს პროფკავშირული ორგანიზაციები იყვნენ ჩართული რუსთავის ქიმიური ქარხნის თანამშრომელთა მხარდასაჭერად წამოწყებულ ინტერნეტ-კამპანიაში, რომლის შედეგადაც აზოტის ოპერატორი კომპანიისა და ქვეყნის პირველმა პირებმა 7000-ზე მეტი საპროტესტო წერილი მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა პროფკავშირული ორგანიზაციიდან, ისევე როგორც საქართველოს პროფკავშირები და მისი წევრი დარგობრივი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული ყაზახეთის, სამხრეთ კორეისა თუ ბელარუსის პროფკავშირთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებებში.
- შრომითი მიგრაცია და შრომითი ემიგრანტები უცხოეთში. რა ინიციატივები აქვთ ამ მიმართულებით ქართველ პროფკავშირელებს? რა მიმართება აქვს ამ მიმართულებით სახელმწიფოს?
შეიძლება ჩვენ ვამბობთ, რომ შრომის უფლება ადამიანის ფუძემდებლური უფლებაა და გამყარებულია კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით და სახელმწიფო თითქოს ზრუნავს კიდეც შრომის უფლება რომ დაცული იყოს, მაგრამ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
ყოველ წელს 30-40 ათას ახალგაზრდას აქვს სწრაფვა მიიღოს უმაღლესი განათლება და დაეუფლოს პროფესიას, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ახალი პრობლემები: დამსაქმებლის არაადეკვატური მოთხოვნა სამუშაო სტაჟთან დაკავშირებით, დამსაქმებლის უსაფუძვლო პრეტენზიები სწავლების ხარისხის შესახებ, დაბალი ხელფასი და ა.შ.
მიმდინარე მომენტში მთელი მოსახლეობის 25% იმყოფება ასაკში 15-დან 29 წლამდე. ეს არის პერიოდი როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ვითარდება. სწორედ ამ ასაკში ხდება საკუთარი არჩევანის გაკეთება განათლებისა და დასაქმების სფეროში, რათა მოიპოვოს კეთილდღეობა და პარალელურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში შეიტანოს თავისი წვლილი, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, სამწუხაროდ სწორედ ამ ასაკის ადამიანები მიდიან ემიგრაციაში.
ახალგაზრდობის უმუშევრობა, როგორც მაკროეკონომიკური პრობლემა, დიდ ზიანს აყენებს თითოეულ მოქალაქეს, რაც თავის მხრივ იწვევს მასობრივ სიღარიბეს და მოსახლეობის ფართო ფენების სოციალურ დაუცველობას.
დღეს, არამარტო ახალგაზრდა თაობა, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრობას განიცდის. შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის არარსებობა პრობლემებს ქმნის დასაქმებაში. არ არსებობს შრომის ნორმატიული ბაზარი, არ არის საჭირო პერსონალის აუცილებელი რაოდენობა, არავინ იცის რა ტიპის და რა რაოდენობის სპეციალისტია საჭირო მიმდინარე მომენტში და რა მოთხოვნა ექნება ამ მხრივ დასაქმების სფეროს უახლოეს მომავალში.
უმუშევრობა იწვევს მიგრაციას. უამრავი ახალგაზრდა გადის ქვეყნიდან და ეს პრობლემა ქმნის საგანგაშო მდგომარეობას.
ახალგაზრდა ადამიანების დასაქმება პრობლემაა და ითხოვს კარგად დაგეგმილ, რეალისტურ მოქმედებებს. ახალგაზრდებს ერთის მხრივ უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებასა და პროფესიის დაუფლებასთან, ხოლო მეორეს მხრივ უნდა ჰქონდეთ მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზადაა სახელმწიფოსთან ერთად იმუშაოს ზემოთაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. აუცილებელია საერთო მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება სოლიდარობასა და სოციალური განვითარების პრინციპებზე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მხოლოდ ბუტაფორიულ ფუნქციას ასრულებს და თუნდაც მხოლოდ გახმაურებული კოლექტიური შრომითი დავების მოგვარების პროცესში მისი როლი ნულის ტოლია, წარმოუდგენელია მან იკისროს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკის შემუშავების ან სხვა მნიშვნელოვანი კანონშემოქმედებითი პროცესების წამოწყება და განხორციელება. ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომელიც სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეა იმავდროულად, პერსონალურად არ დასწრებია კომისიის არცერთ სხდომას, ეს კი პირდაპირი მესიჯია ბიზნესისთვის იმის შესახებ, რომ ეს კომისია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
- როგორ უყურებთ უახლოეს, საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტიაში სოციალური პროცესებისა და პროფმოძრაობის მიზნებს?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დიალოგის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და დამკვიდრება. აუცილებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდეს კოლექტიური შრომითი ურთიერთობების დამაბალანსებელი ძლიერი და სრულყოფილი მექანიზმები და ამ მექანიზმების გამართულად მუშაობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს. დასაქმებული ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩაგრულის მდგომარეობიდან. ქვეყნის მოსახლეობის სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ღირსეულ გარემოში მაცხოვრებელი მოქალაქე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იბრძოდა და საქმიანობდა ამ მიმართულებით და ეს პრიორიტეტი კვლავაც შენარჩუნდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის მექანიზმი, რომელიც დასაქმებულთა უფლებადაცვითი მიმართულებით საქმიანობს და ეს მექანიზმი იქნება იმდენად ეფექტური, რამდენადაც მას გააძლიერებს მისი თითოეული წევრი და დასაქმებული.
ინტერვიუ მოამზადა დავით არაბიძემ