ინტერვიუ საქართველოს პროკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ბ-ნ ირაკლი პეტრიაშვილთან საქართველოს მიერ შსო-ს #144 კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით
- საქართველომ მოახდინა შსო-ს #144 კონვენციის რატიფიცირება სამმხრივი სოციალური დიალოგის ხელშეწყობის შესახებ. რატომაა ამ კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისათვის ?
ირაკლი პეტრიაშვილი – ბუნებრივია, დადებითად ვაფასებ და მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პრიორიტეტული #144 კონვენციის რატიფიცირებას ,,შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მის რატიფიცირებას მხარს ვუწერდით და მოვითხოვდით დიდი ხნის მანძილზე, რამდენადაც მის მიზანს წარმოადგენს შრომის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა და მისი მიღებით, ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური კონსულტაციების გამართვას მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლებს შორის. კონვენცია ეყრდნობა შსო-ს 87-ე და 98 -ე კონვენციებს, რაც გულისხმობს ასოციაციის უფლების დაცვას, კოლექტიური მოლაპარაკებების წახალისებას ყველა დონეზე და ხაზს უსვამს ტრიპარტიზმის პრინციპის მნიშვნელობას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავიხადო შსო-ს მშრომელთა აქტივობების ბიუროს ამ საკითხში ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის.
საქართველოში, კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გამოწვევები, რაც არსებობს სოციალური დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის“ მუშაობის არაეფექტურობა. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება, სოციალურ პარტნიორებთან ერთად, მიიღებს ადექვატურ ზომებს აღნიშნული ინსტიტუტის რეალურად ასამოქმედებლად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შრომის სფეროში კონფლიქტების პრევენციას, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური მშვიდობის დამყარებას და გზას გაუხსნის სხვა, არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანი კონვენციების რატიფიკაციას. სამწუხაროდ , ჩვენს რეგიონში, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნად შსო-ს სტანდარტების რატიფიკაციის კუთხით. სამმხრივი სოციალური დიალოგი არის სწორედ ის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია შეავსოს ამ მიმართულებით არსებული ვაკუუმი.
- თქვენი აზრით გაუმჯობესდება თუ არა მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში ამ კონვენციის იმპლემენტაციის შედეგად?
ირაკლი პეტრიაშვილი – საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სოციალური დიალოგი და ტრიპარტიზმი, რაც გულისხმობს სამმხრივ თანამშრომლობას, წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის ძლიერ ინსტრუმენტს და არის ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარების და სოციალური ერთიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების გარანტი. ვფიქრობ, თუკი მოხდება აღნიშნული კონვენციის რეალური იმპლემენტაცია და სოციალური დიალოგის განვითარება ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შესაბამისი ცვლილებებისა და რეფორმების გზით ბევრ სფეროში, როგორიცაა: ღირსეული დასაქმება, სოციალური უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, დასაქმების არასტანდარტული ფორმები და ა.შ.
- სოციალური დიალოგი წარმოადგენს გამოწვევას ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისათვის, კერძოდ საქართველოსთვის. თქვენი აზრით რა როლი შეიძლება ითამაშონ ხელისუფლების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებმა რეგიონში ამ საკითხის გადაჭრისათვის ?
ირაკლი პეტრიაშვილი – დიახ, როგორც ცნობილია, რიგი ქვეყნების მიერ აღნიშნული საერთაშორისო აქტის – შსო–ს #144 კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, რეგიონში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება სოციალური დიალოგი. ვფიქრობ, აღნიშნულიდან გამოსავალი არსებობს სამივე მხარის მიერ იმ სიკეთეების და უპირატესობების რეალურად გააზრებაში, რაც სოციალურ დიალოგს მოაქვს შედეგად და რომელსაც არ გააჩნია ალტერნატივა. შესაბამისად, როგორც მთავრობებმა, ისევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებმა უნდა გასწიონ ერთობლივი ძალისხმევა და დასახონ სამოქმედო გეგმები სოციალური დიალოგის დანერგვისა და შემდგომი განვითარებისთვის სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
სოციალური დიალოგის წარმოება ნაციონალურ დონეზე აუცილებლივ აისახება დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს საწამოს დონეზე ორმხრივი დიალოგის პოზიტიურ დინამიკაზე და შრომითი პირობების კოლექტიური ხელშეკრულებებით დარეგულირების მასშტაბზე, რა მიმართულებითაც, უკანასკნელი წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებული კოლექტიური შეთანხმება ხელს მხოლოდ უწყობს წარმოების ზრდას და ეკონომიკის ზოგად გაჯანსაღებას – ეს კი ნიშნავს შრომის ღირსეულ პირობებს და მეტ სამუშაო ადგილს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ACTRAV) მედია-ცენტრი