Die Zeit-მა გასულ კვირას ვრცელი სტატია მიუძღვნა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების საკითხს. მედია პლატფორმა 1946 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველკვირეულად გამოიცემა. დღესდღეობით ის გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია გამოცემაა. გიზიარებთ სტატიის ქართულ თარგმანს.
,,გასულ წელს 5000-მდე ქართველი სეზონური მუშა უნდა დასაქმებულიყო გერმანიაში ადგილობრივ მოსავლის აღების სამუშაოებზე, მაგრამ გერმანიაში ცოტანი ჩამოვიდნენ, რადგან აქ ჩამოსულთა ნაწილი იტყობინებოდა ექსპლუატაციისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების თაობაზე
კაცი, რომელმაც ქართველებს მწარე სიმართლე მოუთხრო გერმანიის შესახებ, დგას ბაზარში პატარა ქალაქ ხაშურში კარვის ქვეშ და მანდარინს ყიდის. ნოემბრის ცივი დღეა, ჯემალ ჩაჩანიძეს ქუდი სახესაც უფარავს და მესაუბრება ტელეფონით ვიდეო ზარით.
ზაფხულიდან ჯემალ ჩაჩანიძეს ბევრი ქართველი იცნობს, როგორც აჯანყებულ სეზონურ მუშას, რომელიც შორეულ გერმანიაში ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძოდა. კვირების განმავლობაში მასთან ინტერვიუებს წერდნენ ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები. ყოველ ჯერზე ის ყვებოდა ნდობაზე, რომელიც მას გერმანიის მიმართ ჰქონდა; ყვებოდა იმედზე მძიმე შრომისთვის კუთვნილი ანაზღაურების შესახებ; ყვებოდა ფრენაზე, რომლის ხარჯი თავად დაფარა და ყვებოდა მარცხზე მარწყვის ფერმაში. ისევდაისევ მისგან ისმის სიტყვები: „მათ ჩვენ თავიდან ბოლომდე მოგვატყუეს.“
ჯემალ ჩაჩანიძე გერმანიაში გამგზავრებამდეც მუშაობდა ხილის გამყიდველად. მიღებული მცირე შემოსავლით მან გერმანიაში ყოფნისას ნაცნობებისგან ნასესხები ვალიც უნდა აანაზღაუროს, რადგან გერმანიაში იმდენად მცირედი გამოიმუშავა, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენაც ვერ შეძლო.
დაახლოებით 275 000 სეზონური მუშა საქმდება ყოველ წელს გერმანიის სოფლის მეურნეობაში. ბევრი მათგანი არის აღმოსავლეთ ევროპიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. სულ უფრო მეტი ფერმერი ასაქმებს სეზონურ მუშას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან _ ქვეყნებიდან, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია და ამის გამო მზაობა უცხოეთში თუნდაც არასასურველ პირობებში დასაქმების მიმართ უფრო მეტია.
მიუხედავად ამისა, საქართველოდან, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი, პერსპექტივები კი მცირეა, აქამდე არავინ ჩამოსულა გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასასაქმებლად. პირველად გასულ წელს 5000-მდე ქართველი უნდა ჩამოსულიყო და დასაქმებულიყო სატაცურის, კიტრის, ვაშლის და მარწყვის მოსავლის აღების სამუშაოებზე. ასე იყო გათვალისწინებული გერმანიას და საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებაში. რამდენიმე დღის განმავლობაში 80 000 ქართველი დარეგისტრირდა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სატაცურის ფერმების ასოციაციები ზეიმობდნენ. სეზონის შემდეგ შრომის საკითხთა ფედერაციულმა სააგენტომ დასაქმების კანდიდატთა უჩვეულოდ მცირე ოდენობა წარუდგინა ასოციაციებს: გერმანიაში მხოლოდ 300 ქართველი ჩამოვიდა. ამაში ჯემალ ჩაჩანიძის წვლილიც არის.
ჯემალ ჩაჩანიძე და მისი კოლეგები არ შეურიგდნენ მძიმე სამუშაო პირობებს. მათ ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნეს, ჟურნალისტებსა და პროფკავშირებს მიმართეს. ამ ძალისხმევამ საქართველოში დიდი საზოგადოებრივი დისკუსია წარმოშვა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათმა თანამოქალაქეებმა გერმანიაში ფერმის მინდვრებზე მძიმე შრომის ნაცვლად სახლში დარჩენა ამჯობინეს.
„ქართველებმა დაინახეს, რომ გერმანია არ არის სამოთხე“ _ ამბობს ერთი ქართველი პროფკავშირელი სკანდალის შესახებ, რომელიც საქართველოში გერმანიიდან მიღებულმა ცნობებმა გამოიწვია.
„ბევრმა ქართველმა თქვა: არა, ამ პირობებში _ არა“ _ ადასტურებს გერმანელი კონსულტანტი, რომელიც ქართველ მუშებს ეხმარებოდა.
„მგონი,ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხმა გაიგო რეალური სიტუაცია“ _ ამბობს ჯემალ ჩაჩანიძე. ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევაა? თუ ამის უკან უფრო დიდი პრობლემა იმალება? ხორცის გადამამუშავებელმა საწარმოებმა, სატაცურის ფერმებმა, სასტუმროებმა და სამშენებლო კომპანიებმა, რომლებიც ეყრდნობიან იაფ მუშა ხელს აღმოსავლეთ ევროპიდან, უნდა შეეგუან იმას, რომ მალე აღარავინ ჩამოვა მათთან სამუშაოდ?
გერმანულ სოფლის მეურნეობას უფრო ნაკლები სეზონური მუშის საჭიროება აღმოაჩნდა, ვიდრე ნავარაუდები იყო _ განმარტავს გერმანიის შრომის საკითხთა ფედერაციული სააგენტო. სააგენტო, აგრეთვე, მიუთითებს: ქართველი დასაქმებულების მიმართ გერმანელმა დამსაქმებელმა დაარღვია დასაქმებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური წესები, რომლებიც ვერ იქნებოდა პროგნოზირებული. ამას ექსპლუატაციას უწოდებენ.
ჯემალ ჩაჩანიძე ამბობს, მან საქართველოს და გერმანიას შორის შეთანხმების შესახებ ტელევიზიით გაიგო, ეს იყო 2021 წლის მარტში. ის დარეგისტრირდა დასაქმების სააგენტოში საქართველოში, მიიღო შრომითი ხელშეკრულება, იყიდა თვითმფრინავის ბილეთი დაახლოებით 400 ევროდ და 9 მაისს ჩამოვიდა მიუნხენში. მან „მოგზაურობის“ ყოველი ნაბიჯი „ფეისბუქზე“ აღბეჭდა.
სანამ ჯემალ ჩაჩანიძე ხილის გამყიდველი და შემდეგ გერმანიაში მოსავლის სამუშაოების ამღები გახდებოდა, ჯარისკაცი იყო. სკოლის შემდეგ ქართულ ჯარს შეუერთდა და სანიტრის პროფესიას დაეუფლა, ორჯერ საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად იმყოფებოდა ავღანეთში.
რვა წლის შემდეგ მან ჯარი დატოვა.“ოჯახს ბევრი დრო და ენერგია სჭირდება“ _ ამბობს ის. „ვზრუნავ მშობლებზე და ვეხმარები ოთხ ძმას.“ სამხედრო სამსახურთან ამის შეთავსება შეუძლებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჯემალ ჩაჩანიძე ხილს ყიდის ბაზარში _ ეს მისი ბიზნესია.
როგორც ჯარისკაცი, ამბობს ჯემალ ჩაჩანიძე, გერმანიაშიც ორჯერ იყო, მედიცინის კურსები გაიარა. მას გერმანია ყოველთვის მოსწონდა. „ამიტომაც მქონდა ნდობა, რომ პირობები კარგი იქნებოდა.“
მარწყვის ფერმის მინდვრებზე გატარებულ ექვს კვირას კი ის ტრავმად ახასიათებს. „ჩამოსვლისთანავე შოკი მივიღე“ _ ამბობს ის. ერთ დახურულ კონტეინერში 24 ქართველ მუშას გვერდიგვერდ მიდგმულ საწოლებში უნდა დაეძინათ, საპირფარეშოში იატაკი ჩამტვრეული იყო, ფანჯარასა და სქელ კედელს შორის მხოლოდ 1 სანტიმეტრი იყო, კონტეინერის უკან მიედინებოდა კანალიზაცია. „ყარს“ _ ამბობენ მუშები ერთ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც აღწერეს ყველაფერი. „ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი“ _ ამბობს ჯემალ ჩაჩანიძე. „არც კი მინდა გამოვთქვა სიტყვები, რომლებიც თავში მიტრიალებს.“
ამას დაერთო ისიც, რომ ქართველი მუშებისთვის სამუშაოც არ იყო. მაისი წვიმიანი გამოდგა, მარწყვის მოსავალი _ ცუდი. ჯემალ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მათ მხოლოდ შუადღისით გზავნიდნენ მარწყვის კვლებში და არა 8 საათით, როგორც ხელშეკრულებაში ეწერა.
ჯემალ ჩაჩანიძის ხელშეკრულებაში ყველაფერი ცხადად არის გაწერილი: ნორმირებული სამუშაო დრო _ 48 საათი, 6 დღე კვირაში, ხანგრძლივობა _ 3 თვე. ასევე, ხელშეკრულებაში წერია მინიმალური ხელფასის ადრინდელი ოდენობა _ 9.35 ევრო საათში. ამ დროისთვის მინიმალური ხელფასი გერმანიაში უკვე საათში 9.50 ევრო იყო, ივლისში კი კიდევ 10 ცენტით მოიმატა. დამსაქმებელმა მას ხელით შედგენილი ანგარიშსწორების დოკუმენტიც გადასცა. დოკუმენტის მიხედვით, მან თითქმის 400 ევრო გამოიმუშავა, 300 ევრო ნაღდი ანგარიშსწორებით აუნაზღაურდა, რასაც ჯემალ ჩაჩანიძეც ადასტურებს, მაგრამ მას ნამუშევარი აშკარად მხოლოდ იმ დროისთვის აუნაზღაურდა, რომლის განმავლობაშიც ასრულებდა სამუშაოს ისე, რომ ანაზღაურების ასეთ წესს ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.
თითქმის 400 ევრო 6 კვირისთვის. ჯემალ ჩაჩანიძე ამ დროისთვის ელოდებოდა 2500 ევროს, მას ხომ ხელშეკრულება ჰქონდა. „მე სამუშაოდ ჩამოვედი“ _ ამბობს ჯემალ ჩაჩანიძე. „შრომა შემეძლო და ხომ ცხადია, რომ მე იქ იმიტომ ჩავედი, რომ თანხა გამომემუშავებინა.“ მიღებული ანაზღაურება გერმანიაში ცხოვრების ხარჯისთვისაც კი არ იყო საკმარისი. „იძულებული გავხდი, რომ ნაცნობებისგან თანხა მესესხა.“
ზარი მარწყვის ფერმის მფლობელთან. ფერმერი ყველა ბრალდებას უარყოფს და ბრაზდება. მათი საცხოვრებელი შესანიშნავი იყო, ყვება ის ტელეფონით საუბრისას. მისი თქმით, მან ნამუშევარი საათებისთვის მინიმალურ ანაზღაურებაზე უფრო მეტიც კი გადაუხადა ქართველებს. რუმინელებს, რომლებიც წლებია მის ფერმაში მუშაობენ, არასდროს დაუჩივლიათ. ის ქართველ მუშებსა და მედიას ლანძღავს _ მათ ყველაფერი სინამდვილისგან განსხვავებულად წარმოაჩინეს. ამის შემდეგ საუბარს ასრულებს.
ჯემალ ჩაჩანიძე და მისი კოლეგები არ არიან პირველი სეზონური მუშები, რომლებიც გერმანიაში განცდილი ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს ცხადი ხდება, როდესაც მხარდამჭერ ცენტრებს მოუსენთ, სოციალური მედიის „პოსტებს“ გადათარგმნით ან ლოკალურ გაზეთებს გადაშლით.
მუშები იფიცებიან. 2020 წლის გაზაფხულზე 200-მა რუმინელმა მუშამ სატაცურის ფერმაში მუშაობა შეწყვიტა. ერთი წლის შემდეგ ბრემენში, ბრანდენბურგში, ზემო ბავარიაში და საქსონიის ვაიზენფელსში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულები გაიფიცნენ. შედეგად პირველად ხორცის გადამუშავების ინდუსტრიაში დაწესდა სექტორული მინიმალური ხელფასი _ 10.80 ევრო საათში, 2023 წლამდე უნდა გაიზარდოს 12.30 ევრომდე.
დასაქმებულები ჩივიან კიდეც. ბულგარელმა მომვლელემა მიაღწიეს სამართალს ფედერაციულ შრომის სასამართლოში და მთელი სექტორი თავდაყირა დააყენეს: ბინაზე მოვლისთვის, რომელსაც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელი ქალები თითქმის 24 სააათის განმავლობაში ასრულებენ, მომავალში სამუშაო დროდ ჩაითვლება დღის იმაზე მეტი ნაწილი, ვიდრე აქამდე. მომვლელები შედეგად უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებენ.
დასაქმებულები კოლეგებს განსაკუთრებით პრობლემური დამსაქმებლების შესახებაც აფრთხილებენ ფეისბუქ ჯგუფებში, მესენჯერის, ვაიბერის და ტელეგრამის სერვისებით. ჯგუფებს ხშირად ათასობით წევრი ჰყავს, ყოველ საათში ახალი ამბავი ქვეყნდება. ჯემალ ჩაჩანიძე და მისი კოლეგები კიდევ უფრო შორს წავიდნენ _ მათ ვიდეო გადაიღეს, დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს საქართველოში. „სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს“ _ ამბობს ჯემალ ჩაჩანიძე, „დახმარება გვჭირდებოდა“.
როცა თბილისში _ საქართველოს დედაქალაქში თამილა გაბაიძესთან ტელეფონმა დარეკა, მას უკვე სმენოდა გერმანიაში წასულ ქართველ მუშებზე. ყველა ახალი ამბავი მათზე იუწყებოდა. ქართველმა მუშებმა მას დახმარება სთხოვეს. თამილა გაბაიძე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი და ადვოკატია.
„სეზონური მუშების სიტუაცია გერმანიაში ზაფხულში მწვავე თემა იყო“ _ ამბობს ის, ამაზე საუბრობდნენ რადიოში, თოქშოუებში.“ გერმანიასთან შეთანხმება ქართული პერსპექტივიდან უდიდეს შესაძლებლობად აღიქმებოდა. პირველად მცირე შემოსავლების მქონე ქართველებს მიეცათ საშუალება, დასაქმებულიყვნენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. უმუშევრობის დონე საქართველოში მაღალია, კორუფციაა, ინფლაცია კი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას. “და გერმანია, რომელსაც მაღალი რეპუტაცია აქვს საქართველოში. შესაბამისად დიდი იყო მოლოდინებიც.“
დიდი იყო იმედგაცრუებაც. თამილა გაბაიძე ამბობს, რომ მან გერმანიის სხვა ქალაქებში დასაქმებული ქართველი სეზონური მუშებისგანაც მიიღო ჩივილები, მაგრამ ბევრმა ვერ გაბედა, საჯაროდ გამოეხატა წუხილი.
პროფკავშირების დახმარებით ქართველმა მუშებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოში სასამართლოში არა ფერმერის, არამედ დასაქმების ქართული სააგენტოს წინააღმდეგ. იმ სააგენტოს წინააღმდეგ, რომელმაც დადო შეთანხმება გერმანიასთან და დასაქმების ქართველი კანდიდატები დააკავშირა გერმანელ დამსაქმებელთან. თამილა გაბაიძე მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციას _ სახელმწიფო ვალდებულია მფარველობა გაუწიოს საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის, უცხოეთშიც. „და როგორც ადამიანები იქაურ პირობებს აღწერენ, ეს იყო უდაოდ ღირსების შემლახავი მოპყრობა“ _ აცხადებს ის.
პროფკავშირები და დასაქმებულები მოითხოვენ ზიანის ანაზღაურების მიზნით დასაქმების სააგენტოს დაეკისროს თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ დაახლოებით 4000 ევროს გადახდა. მოთხოვნილი თანხიდან დიდი ნაწილი გაწეული სამუშაოსთვის აუნაზღაურებელი ხელფასია. აგრეთვე, განცდილი მორალური ზიანის კომპენსაცია.
როცა ჯემალ ჩაჩანიძემ 2021 წლის მაისის ბოლოს პირველი ინტერვიუ ჩაწერა ქართულ ტელევიზიასთან, ჯერ კიდევ ფერმაში ცხოვრობდა. „ვფიქრობდი ჩემს ბევრ ნაცნობზე, რომლებსაც გერმანიაში მუშაობა სურდათ“ _ ამბობს ის, „მათ უნდა სცოდნოდათ სრული სურათი იმის შესახებ, როგორ მოიქცნენ პასუხისმგებელი პირები გერმანიაში.“
კატარინა ვარელმანი იცნობს ამ საქმეს ჯერ კიდევ ფერმიდან. ბერლინიდან ის კოორდინირებას უწევს სამართლიანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ ინიციატივას. ეს არის ქსელი, რომლის წევრები აგრარულ მეურნეობაში, მშენებლობასა და გარემოს დაცვის სექტორებში დასაქმებულთა პროფკავშირი, სხვადასხვა ასოციაცია და საკონსულტაციო ცენტრია სეზონური მუშებისთვის მთელ გერმანიაში. შრომითი ექსპლუატაცია მას არ აკვირვებს, ჯემალ ჩაჩანიძის და მისი კოლეგების რეაქცია კი მოულოდნელი იყო. ძალიან ცოტა თუ ახერხებს ექსპლუატაციაზე საჯაროდ საუბარს, ამბობს ვარელმანი, რადგანაც ხშირად უკეთესი ალტერნატივები არსებობს. მუშები აფრთხილებენ ერთმანეთს და იცვლიან დამსაქმებელს. გამოცდილ სეზონურ მუშებს კარგი ქსელი აქვთ, მიზანი _ რაც შეიძლება სწრაფად ისევ ფულის გამომუშავება.
„როცა სეზონური მუშები გაასაჯაროვებენ თავიანთ პრობლემებს, მათი მოლოდინები არ მართლდება“ _ ამბობს ვარელმანი. „რადგან მათ ბევრი გარისკეს, შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.“ იშვიათად წარმოიშობა მსგავსი რამისგან ისეთივე სკანდალი, როგორიც ეს ჯემალ ჩაჩანიძემ გამოიწვია. მსხვერპლები უმეტესად თავს არიდებენ გამოჩენას, რადგანაც ეს მათთვის არაფრის მომცემია. დასაქმებულები იფიცებიან, ხანდახან ჩივიან კიდეც, ისინი ერთმანეთს აფრთხილებენ ან უბრალოდ სახლებში რჩებიან.
მიუხედავად ამისა, ჯემალ ჩაჩანიძეს ისევ სურს გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრება, თუ პირობები სამართლიანი იქნება. „პატიოსანი ხელშეკრულება უნდა იყოს“ _ ამბობს ის, „რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.“