გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Uber– ის მძღოლები უნდა განიხილებოდნენ როგორც დასაქმებულები და არა როგორც თვითდასაქმებულები.
გადაწყვეტილების თანახმად, Uber– ის ათასობით მძღოლს მინიმალური ხელფასისა და შვებულების ანაზღაურების უფლება ეძლევათ. ამ დადგენილების შედეგად სამგზავრო აპლიკაციას შესაძლოა დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწიოს და ასევე შესაძლებელია უფრო ფართო შედეგები ჰქონდეს GIG ეკონომიკისთვის. Uber– მა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ძირითადად მძღოლების მცირე რაოდენობას ეხებოდა და მას შემდეგ ბიზნესში ცვლილებები შეიტანეს. ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, სამი სასამართლოს წაგების შემდეგ საბოლოოდ Uber– მა მიმართა უზენაეს სასამართლოს.
Uber– ის აქციების ფასი დაეცა , როდესაც პარასკევს აშშ – ში ვაჭრობა დაიწყო, რადგან ინვესტორები ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლონდონის გადაწყვეტილებას კომპანიის ბიზნეს მოდელზე.
ბევრ ქვეყანაში მძღოლების მიერ ეს საკითხი წამოჭრილია – როგორ უნდა იყვნენ ისინი კლასიფიცირებული – დასაქმებულებად თუ თვითდასაქმებულებად.
რა საფუძველი აქვს მიღებულ გადაწყვეტილებას?
„Uber“– ის ყოფილმა მძღოლებმა, ჯეიმს ფარარმა და იასინ ასლამმა, 2016 წელს, „Uber“-ს დასაქმების ტრიბუნალში უჩივლეს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი „Uber“– ში იყვნენ დასაქმებულები. „Uber“– მა კი განაცხადა, რომ მისი მძღოლები თვითდასაქმებული პირები იყვნენ და ამიტომ ის არ იყო პასუხისმგებელი მინიმალური ხელფასის ან შვებულების ანაზღაურების საკითხზე.
„Uber“- მა გაასაჩივრა დასაქმების ტრიბუნალის გადაწყვეტილება, მაგრამ დასაქმების სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში. ამის შემდეგ კომპანიამ საქმე სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, სადაც მიღებული გადაწყვეტილება ისევ ძალაში დატოვეს (2018 წლის დეკემბერში).
პარასკევს გამოტანილი განჩინება კი მძღოლების დასაქმებულებად და არა თვითდასაქმებულებად აღიარების შესახებ, იყო „Uber“- ის საქმეზე უკანასკნელი გადაწყვეტილება, რადგან უზენაესი სასამართლო არის ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო და სამართლებრივ საკითხებზე მას ეთქმის საბოლოო სიტყვა.
სასამართლომ განჩინებაში განიხილა რამდენიმე საკითხი:
- „Uber”- მა დაადგინა საფასური, რაც ნიშნავს იმას, რომ მან უკარნახა მძღოლებს თუ რა რაოდენობის თანხა უნდა გამოემუშავებინათ;
- “Uber’’- მა დაადგინა ხელშეკრულების პირობები და მძღოლებს მასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ;
- “Uber”- ის მიერ მგზავრობის მოთხოვნა შეზღუდულია, რითაც “Uber”-ს შეუძლია დააჯარიმოს მძღოლები, თუ ისინი უარს იტყვიან ძალიან ბევრ მგზავრობაზე;
- “Uber”-ი აკონტროლებს მძღოლის მომსახურებას ვარსკვლავების შეფასების სისტემით და მას აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს ურთიერთობა კონკრეტულ მძღოლთან, თუ ხშირი გაფრთხილების შემდეგ არ გააუმჯობესებს სერვისს.
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მძღოლები იმყოფებოდნენ „Uber“- ის დაქვემდებარების ქვეშ, სადაც მათი მოგების გაზრდის ერთადერთი გზა იქნებოდა უფრო მეტი საათის განმავლობაში მუშაობა.
რას ამტკიცებდა უბერი?
“Uber”-ი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის არის დაჯავშნის აგენტი, რომელიც ქირაობს თვითდასაქმებულ კონტრაქტორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას. აქედან გამომდინარე ის არ მიიჩნევს მძღოლებს „დასაქმებულებად“.
გაძვირდება თუ არა „Uber“-ის მომსახურება?
ეს საკითხი გასარკვევია, თუმცა შესაძლებელია რომ ასეც მოხდეს. მაშინ როდესაც „Uber“-მა, (2019 წელს) შეერთებულ შტატებში თავისი აქციები ბირჟაზე გაიტანა, ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეტანილ ჩამონათვალში იყო ასევე ნაწილი, რომელიც ეხებოდა ბიზნესის მოსალოდნელ რისკებს. კომპანიამ ამ ნაწილში თქვა, რომ თუ მძღოლების „დასაქმებულებად“ კლასიფიკაცია მოუწევდა, მას „მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების მოუწევდა“ მძღოლების კომპენსაციის მიმართულებით, როგორიცაა მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური სამუშაო.
რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება GIG ეკონომიკისთვის
აღნიშნულ საკითხზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ტომ ვიკერსი (“Nottingham Trent University”-ის უფროსი ლექტორი სოციოლოგიის დარგში და შრომის მომავლის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი) აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უფრო ფართო გავლენა ექნება GIG ეკონომიკის დასაქმებულებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად კერძო დაქირავებული მძღოლები, კურიერები და მიწოდების მძღოლები.
”ჩემთვის მთავარი საკითხია ის, რომ გადაწყვეტილება ფოკუსირებულია კონტროლზე, რომელსაც კომპანიები ახორციელებენ ხალხის შრომაზე – ეს კონტროლი ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას მათ პირობებსა და კეთილდღეობაზე. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიის ფონზე.”
თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტ-ინსტიტუტის მკვლევარმა GIG ეკონომიკის მიმართულებით, ალექს ვუდმა “BBC”-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რადგან დიდ ბრიტანეთს არ ჰყავს შრომის ინსპექცია, ამ წესების აღსრულება ვერ მოხდება და ისევ დასაქმებულებს მოუწევთ ტრიბუნალისთვის მიმართვა. რაც ნიშნავს იმას, რომ „Uber“-ისთვის სინამდვილეში ძალიან ადვილია უგულებელყოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, სანამ უფრო მეტი და მეტი მძღოლი არ მიმართავს ტრიბუნალს და სასამართლოს.