ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირველად შეფასდა საქართველო. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, აღნიშნა პროგრესი და ასევე, მიუთითა იმ სფეროებზე, სადაც პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.
დასკვნა დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანთა უფლებებს, მათ შორის, შრომით და სოციალური უფლებებს, დაცვის ნაწილს. ის საკითხები, რასაც პროფკავშირების გაერთიანება წლებია აყენებს საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებად, ახლა კიდევ ერთხელ გაიწერა ევროკომისიის მიერ და დადასტურდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საჭიროა იმ ფუნდამეტური საკითხების განხილვა და გადაჭრა, რომელზეც პროფკავშირებს არაერთი ინიციატივა და მოსაზრება აქვს წარმოდგენილი. ეს საკითხებია: სოციალური დაცვა, მათ შორის, უმუშევრობის შემწეობა და მინიმალური ხელფასი, სოციალური დიალოგის წახალისება, შრომის უსაფრთხოება და შსო-ს შესაბამისი კონვენციები.
დოკუმნეტის მე-19 თავი – სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმებას ეხება, სადაც ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის კანონები სოციალურ სფეროში მოიცავს: შრომის კანონმდებლობის მინიმალურ სტანდარტებს, თანასწორობას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე და დისკრიმინაციის აკრძალვას. ისინი ასევე ხელს უწყობენ სოციალურ ჩართულობას, სოციალურ დაცვასა და სოციალურ დიალოგს ევროკავშირის დონეზე. რაც შეეხება შრომის კანონმდებლობას, „საქართველოს აქვს კანონმდებლობა რვავე დირექტივასთან დაკავშირებით, სადაც მას აქვს ვალდებულება, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში (AA/DCFTA), კანონმდებლობა დაუახლოოს ამ დირექტივებს. ეს ვალდებულება შეეხება შრომის კოდექსს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ორგანულ კანონსა და შრომის ინსპექციის ოფისის მანდატს“ – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება სოციალურ დიალოგს, დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კოლექტიური ხელშეკრულებები შეზღუდულია. კოლექტიური ხელშეკრულებები უმეტესად კომპანიის და საწარმოს დონეზეა დადებული და მხოლოდ ერთი დარგობრივი კოლექტიური ხელშეკრულებაა გაფორმებული. სოციალური პარტნიორებს ესაჭიროებათ შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები ეფექტური სოციალური დიალოგის განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ სოციალური დიალოგის განხორციელების გზებსა და მნიშვნელობაზე პროფკავშირების გაერთიანებას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია.
ამავე თავში განხილულია საქართველოში უმუშევრობის დონეც –„ საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წელს შეადგინა 17.3%, რაც შემცირებული მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით, როდესაც უმუშევრობის დონე იყო 20.6%. სავარაუდოდ, ამის მიზეზი Covid-19-ის შემდგომი აღდგენითი პროცესია. მიუხედავად ამისა, 2023 წლის პირველ მეოთხედში, უმუშევრობის დონე გაიზარდა 18 პროცენტამდე. მამაკაცებს შორის უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (19.3% 14.6%-ის საწინააღმდეგოდ). 2022 წელს, ქალების შრომით ძალაში მონაწილეობა პროცენტულად უფრო დაბალი რჩება (41.5%) ვიდრე კაცების (64%). ქალების დასაქმების მაჩვენებელი (%) კვლავ გაცილებით დაბალია (35.4%), ვიდრე მამაკაცების (51.7%)“ – ნათქვამია ანგარიშში.
ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება არაფორმალური დასაქმება. 2022 წელს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (28.4%) ჩართული იყო არაფორმალურ დასაქმებაში. აქაც, უფრო მეტი მამაკაცია ჩართული არაფორმალურ დასაქმებაში, ვიდრე – ქალი (33.4% / 22.5% საწინააღმდეგოდ).
იმ ახალგაზრდების წილი, ვინც არ არის დასაქმებული, არ აქვს მიღებული განათლება და არ არის ჩართული სწავლების რომელიმე ფორმაში, კვლავაც მაღალია და ასაკის მიხედვით მერყეობს 23.4%-ს (15-24 წლის) და 30.7%-ს (15-29 წლის) შორის. ეს საკითხი საჭიროებს მოგვარებას.
პროფკავშირების გაერთიანება ამ დრომდეც აქტიურად მუშაობდა ევროკომისიის მიერ დოკუმენტში გაწერილი მიმართულებებით. ასევე, 6 ოქტომბერს, ორგანიზაციამ პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით ინიციატივა შეიტანა და გაერთიანების თავმჯდომრემ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოუწოდა, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ პრიორიტეტულად, საქართველოს მოქალაქეებს: უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები აწუხებთ. ამიტომ, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების შესახებ ინიციატივას მყისიერი განხილვა სჭირდება.
რასაკვირველია, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ჩამოთვლილი საკითხების გადაჭრის მიზნით, მზად ვართ ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობისთვის.
სრული ანგარიში: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf