საქართველოს ფოსტის ყოფილი თანამშრომლის ნუნუ ჯიბლაძის შემთხვევა, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს დამსაქმებელი, რომელიც, როგორც მინიმუმ, პრეტენზიას აცხადებს შრომითი მინიმალური სტანდარტების დაცვაზე.
ნუნუ ჯიბლაძე შპს “საქართველოს ფოსტაში” 2001 წლიდან მუშაობდა, 2011 წელს გამოცდილ კადრს, კარგი დახასიათებით შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გაუფორმეს. 2012 წელს 27 ნოემბერს კი კომპანიაში გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძის დანიშვნის შემდგომ, გამოიცა ბრძანება #15-01/120, რომელმაც დასაქმებულთა მდგომარეობა ყირაზე დააყენა.
ყველა მუშაკს ცალმხრივად შეუწყვიტეს გაფორმებული გრძელვადიანი კონტაქტები, დასაქმებულთა ნაწილი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო მეორე ნაწილს, მათ შორის ნუნუ ჯიბლაძეს 1 თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ჯიბლაძეს ერთთვიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ერთად 687,5 ლარიდან ხელფასი შეუმცირდა 125,00 ლარამდე.
მოსარჩელე, მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა გაეგრძელებინა სამუშაო ასეთი დაბალი ანაზღაურებით, თუმცა 2014 წლის 31 იანვარს, ნუნუ ჯიბლაძე ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება ნუნუ ჯიბლაძემ სასამართლოში პროფკავშირების დახმარებით გაასაჩივრა.
გაერთიანების იურისტებმა დავა სამ ინსტანციაში მოიგეს. შპს”საქართველოს ფოსტას” ნუნუ ჯიბლაძის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
კომპანიამ ჯიბლაძის სამსახურში აღდგენის თაობაზე ბრძანება გამოსცა, გადაუხადა მას იძულებითი განაცდური, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გაათავისუფლა. დავა მეორედაც პროფკავშირის დახმარებით განახლდა. მეორე ჯერზეც მოსარჩელის მოთხოვნები სასამართლოს სამმა ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა. ფოსტას კვლავ დაევალა ნუნუ ჯიბლაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2018 წლის 10 იანვარს “საქართველოს ფოსტამ” აღადგინა ნუნუ ჯიბლაძე სამსახურში, თუმცა სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით არც დააზღვია და არც შესასრულებელი სამუშაო განუსაზღვრა. თებერვალში მას ჩამოერთვა მაგიდა, სკამი და და სამუშაო კომპიუტერი.
მესამე სარჩელი, რომლითაც პროფკავშირმა ჯიბლაძე სასამართლოში წარმოადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურებას წარმოადგენდა.
სასამართლოში დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით სარჩელის შეტანის შემდგომ, ჯიბლაძე უკვე მესამედ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ფოსტამ მოდავეს მორიგება შესთავაზა და აიღო ვალდებულება კომპენსაციის სახით გადაეხადა 3000 ლარი.
ნუნუ ჯიბლაძის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.