,,რომ არა პროფკავშირები, ჩვენ ვერც შედეგს მივაღწევდით, სავარაუდოდ ახლა უკვე ქარხანაში აღარ ვიმუშავებდით” – ამბობს ს.ს. თამ “თბილავიამშენში” დასაქმებუბული გიორგი გედამინსკი დავით არაბიძესთან, რომელმაც მოამზადა მასთან ინტერვიუ.
გიორგი გედამინსკი- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, ავიატექნიკოსი ავიონიკის დარგში, სს „თბილავიამშენი“
დავით არაბიძე: თქვენი შრომითი საქმიანობა სს „თბილავიამშენში“ როდის და როგორ დაიწყო?
გიორგი გედამინსკი: კომპანიაში მუშაობა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს დავიწყე. უნივერსიტეტში მოვიდა ინფორმაცია, რომ ქარხანაში იყო ვაკანტური ადგილები და უნივერსიტეტმა რეკომენდანცია გაგვიწია მე და ჩემს ორ ჯგუფელს: დავით ხუცურაულსა და ნიკა ტერაშვილს, როგორც წარმატებულ სტუდენტებს. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა, გამოცდილება. რა თქმა უნდა, ასევე ვიშოვიდი „ჯიბის ფულს“. გააზრებული მქონდა, რომ 2 ადგილას სწავლა და ამასთან ერთად მუშაობა ურთულესი იქნებოდა. პირველი გასაუბრების შემდეგ გვითხრეს: „ ჩვენ ვეძებთ კადრებს მხოლოდ სრულ განაკვეთზე მუშაობის მსურველს, მაგრამ რეზიუმე გამოგვიგზავნეთო“, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ დავიწყეთ მუშაობა ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაოზე მომავალმა თანამშრომლებმა: წარმოების მენეჯერმა და წარმოების დირექტორმა ჩვენ მიმართ სულ სხვადასხვა დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. მენეჯერს გაუხარდა ახალგაზრდების მისვლა. შეგვხვდა მეგობრულად, ეცადა ახალწვეულებისთვის დაძაბულობა მოეხსნა და „პინგვინები“ მალე გადაექცია სრულყოფილ თანამშრომლებად. როდესაც გაიგო, რომ მომავალი პროფესიით ავიატექნიკოსები მექანიკის დარგში ვიყავით, მან ჰკითხა წარმოების დირექტორს, თუ რატომ გვამუშავებდა „მექანიკებს“ ავიონიკებში. უფროსმა კი უპასუხა, რომ ძალიან კარგად იცოდა ვინ და რა ვიყავით, ჯერ ავიონიკებში დავრჩებოდით, ხოლო, როდესაც ამ საქმეს ვისწავლიდით, გადავიდოდით „მექანიკებად“. წარმოების დირექტორის ტონი, როგორც იტყვიან, იყო ძალიან „ბოსური“. თავდაპირველად არც თანამშრომლებს მოვდიოდით თვალში, რადგან კონკურენტებად აღგვიქვამდნენ. მაგრამ ძალიან მალე მათი დამოკიდებულება შეიცვალა. ისინი გვასწავლიდნენ ყველაფერს, რისი სწავლებაც შეეძლოთ ჩვენთვის.
დავით არაბიძე: რა ხდებოდა სს „თბილავიამშენში“ დასაქმებულებში და ადმინისტრაციაში?
გიორგი გედამინსკი: როდესაც მუშაობა დავიწყე, დასაქმებულთა ალბათ 70% ჩემნაირად ახალმოსული იყო. მაგრამ მათ აქამდე ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება. საწარმოში არ არსებობდა არანაირი პროფკავშირული ორგანიზაცია. არსებობდა მხოლოდ ცუდი მოგონებები მის შესახებ. არსებობდა მათ მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება და ყველა ფიქრობდა, რომ ისინი არავის დასჭირდებოდა.
1 საფრენ მანქანას მეორე ემატებოდა, მეორეს – მესამე, მესამეს -მეოთხე და დასაქმებულებში იმედი იზრდებოდა, რომ სამუშაო დიდი ხნით გვექნებოდა და იმ ეკონომიკურ გაჭირვებას, რომელიც ჩვენს ოჯახებში(და არა მარტო ჩვენს ოჯახებში) არსებობდა, ცოტა ხნით მაინც დავძლევდით. ადმინისტრაციიდან კი გვაიმედებდნენ, რომ 3 თვის შემდეგ, როდესაც გამოსაცდელ ვადას დავძლევდით, გაგვიზრდიდნენ ყველას ხელფასს, იქნებოდა პრემია-დანამატები. პირველი 2 თვის განმავლობაში პრემია დანამატები მართლაც დაირიცხა. აი მერე კი ადმინისტრაცია შეიცვალა და უკვე გამოწერილი და დამტკიცებული საახალწლო პრემია(ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით) უკან გაიწვია.
დავით არაბიძე: თქვენი დაკვირვებით წარმოებაში არის თუ არა ნეპოტიზმის ფაქტები?
გიორგი გედამინსკი: გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამიგია, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორი არის „დელტას“ გენერალური დირექტორის კლასელი, ასევე ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა აქვს „დელტას“ გენერალური დირექტორის დეიდაშვილს.
დავით არაბიძე: რამ გამოიწვია სოციალური პროტესტი?
გიორგი გედამინსკი: სოციალური პროტესტი არ იყო 1 დღეში წარმოქმნილი. იქ ნელ-ნელა ღვივდებოდა. პირადად მე, რაც მეტს ვსწავლობდი სამუშაოზე, მით უფრო მეტად ვიაზრებდი თუ როგორი საპასუხისმგებლო სამუშაო მქონდა და ამასთან რა დაბალ ხელფასს ვიღებდი. ასევე ჩემი შინაგანი პროტესტი გამოიწვია ფაქტმა, რომ დილიდან დაღამებამდე სახლიდან ვიყავი გამოსული. ორი სასწავლებლიდან და სამუშაოდან გამოსული ისეთი დაღლილი მივდიოდი სახლში, რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა. ოჯახსა და მეგობრებს აბსოლუტურად მოვწყდი. ხოლო ჩემი ხელფასი გზის ფულადაც კი არ მყოფნიდა. ასევე, პირობა, რომელიც ადინისტრაციამ მოგვცა, იანვარში ხელფასის მომატების შესახებ, აღარ შეასრულა. გაიზარდა სამუშაოს რაოდენობა, შეგვიმცირდა დავალების ვადები, რადგან რამდენიმე საფრენი მანქანის დასრულება უნდა მოგვესწრო უმოკლეს დროში,გვიწევდა შაბათ-კვირას მუშაობა(ნება-ყოფლობით) შესაბამისად გაიზარდა სტრესი, ხოლო ხელფასი დარჩა იგივე. ამას დაემატა ინფორმაცია, რომ ხელფასის გაზრდა უკვე დაგეგმილი იყო, მაგრამ ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა გადაწყვეტილება.
დავით არაბიძე: შრომითი ხელშეკრულება თუ იყო პრობლემატური?
გიორგი გედამინსკი: შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მე გავაფორმე კომპანიასთან გამოსაცდელი ვადის შემდეგ არის უსამართლო სოციალური თვალსაზრისით. არ ვარ იურისტი და ვერ გეტყვით ჩემი ხელშეკრულება რამდენად შეესაბამება კანონს, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ის არ წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების გარანტიას სამუშაოზე. მიუხედავად იმისა, მე რამდენად კარგად შევასრულებ მას. ხელშეკრულება გამიხანგრძლივდა 1 წლის ვადით, განახლებადი ყოველ თვეს. მარტივად რომ ვთქვა, შეიძლება თვის ბოლოს გამიშვან სამუშაოდან, მაგრამ შრომის კოდექსით გათვალისწინებულ 3 თვის კომპენსაციას ვერ მივიღებ.
დავით არაბიძე: რა სოციალური პოზიცია გამოამჟღავნა ახალმა ადმინისტრაციამ?
გიორგი გედამინსკი: ჩვენი მოქმედება არ დაწყებულა მედიაციის დაწყების დღეს. ჩვენ მედიაციის დაწყებდამდე ვცადეთ აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი გოგიბერიძესთან საუბარი იმ საახალწლო პრემიის შესახებ, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა შეხვედრის დროს, მისი ბრძანებით გაუქმდა. რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება პრემიები გაეცა. ხელფასების გაზრდა კი იმ დროისთვის შეუძლებელი იყო. პრემიალური სისტემის აღდგენის შესახებ კი მივიღეთ შემდეგი პასუხი: სანამ მიღება ჩაბარების აქტს არ მივიღებ მანამდე პრემია როგორ გამოვწეროო. გამოდის, რომ აღმასრულებელ დირექტორს ან არ ჰქონდა გააზრებული წარმოების დირექტორის ფუნქცია, ან უბრალოდ დაგვცინოდა. სწორედ წარმოების დირექტორის მოვალეობაა იცოდეს რა დონემდეა საფრენი მანქანის რემონტი მისული, აკონტროლოს და ობიექტურად შეაფასოს დასაქმებულთა შრომა.
დავით არაბიძე: რას ქმნის წარმოების დირექტორი და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?
გიორგი გედამინსკი: ნუ, წარმოების დირექტორის უშუალო მოვალეობები ზემოთ უკვე ვახსენე. ხოლო ურთიერთობა გვაქვს რიგ შემთხვევებში მეტ-ნაკლებად მეგობრული, ხოლო რიგ შემთხვევებში მაგონებს გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟს მოთხრობიდან „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ზოგიერთ თანამშრომელს ეშინია მისი. ამ ყველაფრის მიზეზის გარკვევას ვეცადე და მითხრეს, რომ წარსულში ერთერთ თანამშრომელს, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა პრემია კარგი მუშაობისთვის, ტუალეტში დაყოვნების გამო აღარ დაურიცხა. ასევე, წარმოების დირექტორს გარეგნობაც (სუსტი, საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ცივი ცისფერი თვალებით, ჭაღარა თმითა და გამჭოლი მზერით) უწყობს ხელს ჰქონდეს ასეთი სტატუსი. მისი გამოჩენისთანავე ობიექტზე ჩემი თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებითა და სისწრაფით მუშაობენ, ძალიან იზაფრებიან.
დავით არაბიძე: რა ხდებოდა გაფიცვის პირველ, მეორე და მესამე დღეს?
გიორგი გედამინსკი: პირველ დღეს საოცარი მუხტი გვქონდა, თანადგომა გამოგვიცხადეს ახალგაზრულმა პროფკავშირულმა მოძრაობამ, აგრარულმა და ტრანსპორტის დარგის პროფკავშირებმა, ასევე შემოგვიერთდნენ ექიმების პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლები,მეტრო, აგარელები და ასე შემდეგ. გაკეთდა საკმაოდ მკვეთრი განცხადებები. ირაკლი გოგიბერიძე აცხადებს, რომ საამქროები მუშაობს, არადა ზუსტად ვიცოდით მანაც და ჩვენც, რომ ეს ასე არ იყო. გვწამდა გამარჯვების, გვყავდა ძალიან ძლიერი მხარდამჭერები: პროფკავშირები. საღამოს, მაშინ, როცა პროფკავშირის წარმომადგენლები და მათ შორის თქვენც, დავით არაბიძე, წახვედით, დარჩენილები აგვიყვანეს წარმოების დირექტორთან სასაუბროდ. წარმოების დირექტორმა გვითხრა, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ ის აკვირდებოდა ჩვენს მუშაობასა და წინსვლას, იცოდა, რომ ჩვენი სრულფასოვნად ჩანაცვლება შეუძლებელი, მაგრამ მოსალოდნელი იყო, გვითხრა რომ, ის ნერვიულობდა იმაზე, რომ ამის გამო პროექტი ჩავარდებოდადა ჩვენც უმუშევრები შეიძლებოდა დავრჩენილიყავით. გვითხრა, რომ პრემიების ფონდი გაიზრდებოდა ჩვენი ხელფასის 30% – ით, ისე, რომ ამ პრემიების განაწილება თვითონ წარმოების დირექტორის პრეროგატივა იქნებოდა. რისიც კატეგორიული წინაღმდეგნი ვიყავით გაფიცულნი, რადგან ეს არ იქნებოდა გარანტია უკეთესი შემოსავლის. მაგრამ, არსებობდა დიდი მაგრამ, გაფიცულთა ნაწილს გამბედაობა შეერყა, ეშინოდათ, რომ სამუშაოს დაკარგავდნენ. იმ დღეს დიდი სტრესი გამოვიარე, როგორც ერთერთმა ლიდერმა გაფიცვისა. რადგან უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმ ხალხის წინაშე,მახსენდებოდა ის დიდი გაჭირვება, რაც ჩემს ოჯახს ერთხელ უკვე გადატანილი ჰქონდა, როდესაც მამაჩემი საკუთრი ღირსებისა და მშრომელთა მხარდაჭერის გამო გაათვისუფლეს სამსახურიდან, გამორიცხული ხომ არაფერი იყო. აქ ხომ მარტო მე არ ვიყავი, ჩემ უკან იდგნენ ადამიანები თავიანთი ოჯახებით. მოკლედ, იმ დღეს ძალების განსაკუთრებული დაძაბვა დამჭირდა, რომ გავმკლავებოდი ადმინისტრაციის მხრიდან წამოსულ მანევრებსა და ზოგიერთი გაფიცულის ეჭვებს. ამას ემატებოდა ის, რომ ცდილობდნენ გაფიცულებში დეზორგანიზება და სრული ნიჰილიზმი ჩაენერგათ. გათენდა მეორე დღე, შიში ისევ არსებობს. მაგრამ გაფიცვის სხვა ლიდერებმა, პროფკავშირულმა გუნდებმა, მეგობრების თანადგომამ, საკუთრ თავში ძალები გვაპოვნინა და გამარჯვების იმედი გაგვიმყარა. შუა დღეს დაიწყო მოლაპარაკებები. განვიხილეთ შემოთვაზებული ვერსიები. პირველი შემოთავაზება იყო შემდეგნაირი: 800<ნაკლები ვისაც ექნებოდა ხელფასი მოემატებოდა მას 30%-ით, 800-1000 ლარი ვისაც ჰქონდა 20%-ით, ხოლო 1200> 10%-ით. ამ პირობებით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა. საღამოს ადმინისტრაცია დაგვთანხმდა ხელფასის 30% მატებას. მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად უნდა დავბრუნებოდით სამუშაოს. ამ დროს პროფკავშირები არ იყვენ გაფიცვაზე, მე კი გადაცემაში ვიყავი ინტერვიუზე. მესამე დღეს დილას ყველამ გავიაზრეთ ეს პირობა. წარმოების დირექტორი ჩამოვიდა გაფიცვაზე და მოსთხოვა ხალხს შებრუნება გუშინდელი პირობის თანახმად. არვინ შევიდა ქარხანაში,, რადგან პირობის დოკუმენტად გაფორმებას ველოდით, რამაც გამოიწვია წარმოების დირექტორის უკმაყოფილება. რადგან ვერტმფრენების ჩაბარება დაგვიანდებოდა. იყო მცირე შეკამათებაც.
დავით არაბიძე: რა შედეგი მოჰყვა გაფიცვას?
გიორგი გედამისნკი: ჩვენს ხელმძღვანელობას ეყო კეთილგონიერება და დასთანხმდა ჩვენს მოთხოვნებს. ყველას ხელფასმა მოიმატა 24%-ით დანამატის სახით, რომელიც უშუალოდ აისახა ჩვენს ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი 6%-ის პრემიალური სახით დარიგება წარმოების დირექტორის პრეროგატივა იქნება. გაფიცვის შედეგი არ იყო მხოლოდ ფინანსური სარგებელი. ამავდროულად ჩვენ გავიგეთ რა არის კოლექტიური მოქმედებებით ჩვენი საერთო ინტერესების დაცვა. იმ ქვეყანაში, სადაც კაპიტალიზმი და მონოპოლია სუფევს, იმ ქვეყანაში, სადაც საჯარო სექტორი არ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს კერძო სექტორს, მიღწეული შედეგი უმნიშვნელოვანესი იყო. ასევე აღდგა ნდობა პროფკავშირების მიმართ. გაფიცვის მონაწილეები ამბობდნენ: კი ვიცოდით, რომ პროფკავშირები რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ ამდენი თუ შეეძლოთ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდითო. კიდევ უფრო დიდი შედეგი არის ის, რომ ხალხი დარწმუნდა საკუთარ ძალებში. გაიგეს რა არის ერთიანობის ფასი. მათ სურვილიც კი გამოთქვეს სხვების დახმარების, ამ შემთხვევაში ელმავალთმშენებლების. ერთი სიტყვით : იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა.
დავით არაბიძე: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა როგორი იყო?
გიორგი გედამინსკი: მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა პროფკავშირები, ჩვენ ვერც შედეგს მივაღწევდით, სავარაუდოდ ახლა უკვე ქარხანაში აღარ ვიმუშავებდით და ქარხნის მენეჯმენტი ისე გაგვწურავდა მინიმუმ 5 წლით გაგვიქრობდნენ გაფიცვის სურვილს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროფკავშრების გაერთანების შემდეგი წევრები: გიორგი დიასამიძე, ანანო ბედიაშვილი, გიგა ბექაური, ნიკა დოლაბერიძე, გვანცა გიორგობიანი, ლიკა ჯოხაძე, მარიამ ალიხანაშვილი. ასევე პროფკავშირული გაერთიანებები, რომელთა ჩამოთვლას მეოთხედი გვერდი მაინც დასჭირდება.
დავით არაბიძე: რა იყო საგაფიცვო კომიტეტის აქტიურობის ფორმები და შინაარსი?
გიორგი გედამინსკი: საგაფიცვო კომიტეტი შედგა ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან, რომლებიც მზად იყვნენ ბოლომდე ემოქმედათ დასაქმებულთა სოციალური, შრომითი და ეკონომიკური ინტერესებისთვის. კომიტეტის წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. გუნდი იყო ერთიანი, რამაც კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გაგვხადა.
დავით არაბიძე: რა მომავალი აქვს პროფკავშირულ მოძრაობას თბილავიამშენში?
გიორგი გედამინსკი: პროფკავშირული გაერთიანების წევრები ვეცდებით შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და გავითვალისწინოთ და დავიცვათ დასაქმებულთა უფლებები, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. პირადად მე, ვფიქრობ უკეთ შევისწავლო შრომის კოდექსი.მივხვდი „იცოდე კანონი, იქნები დაცული“ აქტუალურობას არ კარგავს,სამწუხაროდ.
დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის
გიორგი გედამინსკი: მადლობა თქვენ.