ბორჯომის ქარხნის მუშების გაფიცვა დასრულებულია, ორივე ქარხანა დღეიდან სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.
8 დღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება, ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის ფონზე შეიცვალა სს ბორჯომის ადმინისტრაცია და დირექტორი.
ახალი დირექტორი, წინასგან განსხვავებით პროფკავშირებთან დიალოგზე წამოვიდა და პროცესის პოზიტიურ გადაწყვეტას შეუწყო ხელი. შეთანხმებას წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეს, სს ბორჯომის დირექტორ მერაბ ახმეტელსა და ქარხნის პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის.
შეთანხმება გაფიცვის დასრულების შემდეგ
ბორჯომი, 2021 წ. 26 მაისი
შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო იღებს ვალდებულებას:
- მოახდინოს თანამშრომშრომელთა ხელფასების ზრდა თანდართული ცხრილის მიხედვით. ცხრილში მოცემული ხელფასები არის ფიქსირებული ცვლების სტანდარტული ოდენობისათვის და ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება დამატებით, კომპანიაში არსებული პროცედურის მიხედვით;
- კომპანია იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რაიმე რეპრესიულ ღონისძებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ;
- კომპანია იძლევა გარანტიას, რომ შეინარჩუნებს ყველა ამაჟამად არსებულ სოციალურ პროექტს და გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულების განვითარებისათვის;
- კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიულ კავშირთან შრომის პირობებისა (მათ შორის ღამის საათების დამატებითი ანაზღაურების) და შრომის დაცვის საკითხთან დაკავშირებით და რეგულარულ საწყისებზე მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. მხარეები გააგრძელებენ დიალოგს კოლექტიური შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.
- კომპანიის მიერ დასაქმებულებთან ერთად ინდივიდუალურად გადაიხედება 2020 წლის 01 იანვრიდან შრომის ანაძღაურების გაანგარიშების სისწორე და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება მათი გასწორება.
- მოხდება ერთსა და იმავე პოზიციებზე დასაქმებული პირების ხელფასების გათნაბრება – გასწორება.
- დასაქმებულებისათვის ინდივუალურ შრომით ხელშეკრულებებში მოხდება უფლება-მოვალეობების კონკრეტულად გაწერა.
- კომპანიის შიგნით ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება უკვე არსებულ დასაქმებულებს მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.