მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პროფკავშირების გაერთიანება ეხმაურება

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2020 წელსაც ფართოდ მიმოიხილავს შრომისა და მის თანმდევ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიმოიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, არსებული რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს და მეტწილად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე  აკეთებს კონკრეტულ დასკვნებს.

ანგარიში თავიდანვე მიუთითებს გაფიცვის ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობაზე და გამოწვევად მიიჩნევს დასაქმებულთა იმ კატეგორიის გაუმართლებლად ფართო წრეს, რომელსაც ეზღუდება გაფიცვის უფლებით თავისუფლად სარგებლობა მათი სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალკე პრობლემად მიიჩნევს გაფიცვის უფლების შეზღუდვის დროს ქვეყანაში კომპენსაციის მექანიზმის არარსებობას.

განსაკუთრებით კრიტიკულია ანგარიში ქვეყანაში დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის გამო, რომელიც შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს სამსახურიდან უკანონო გათავისულების დავებს. მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს, ასევე კოლექტიური შეთანხმების აღსრულებაზე ზედამხედველი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობასა, შრომის ინსპექციისა და მედიაციის შეზღუდული მანდატის პირობებში.

საქართველოს პროფესიული კავშირების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წლევანდელ ანგარიშშიც ხაზგასმულია დამსაქმებლების მიერ მართული ე.წ. „ყვითელი პროფკავშირების“ შექმნის პრობლემა ქვეყანაში, რომლის საილუსტრაციოდ მოყვანილია სს „საქართველოს რკინიგზის“ მაგალითი.

ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებსაც. ხაზს უსავამს რა, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას დადებით მხარეზე. მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის გამოძიება/გამოვლენაზე ზედამხედველი, სახალხო დამცველის მექანიზმი არასაკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რასაც დასაქმებისას დისკრიმინაციის ეფექტიანი იდენტიფიცირება, მისი პრევენცია და საბოლოოდ მისი აღმოფხვრა გულისხმობს.

პროფკავშირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ხაზგასმულია, ასევე ასაკის, სქესის, პროფკავშირისადმი კუთვნილების გამო შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე დისკრიმინაციის ფაქტები, დაწყებული წინასახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ვაკანსიის გამოცხადებისას საკვალიფიკაციო მოთხოვნების ეტაპზე, დამთავრებული შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული მოტივებით შეწყვეტის გამო.

ანგარიშში, ცალკე ხაზგასმულია ქალთა დისკრიმინაციის საკითხი შრომით ურთიერთობებში, მათ შორის, საუბარია ქალთა დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებსა და ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობის პრობლემაზე.

ანგარიში, ასევე მიუთითებს სამუშაო დროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესების აუცლებელობაზეც.

ცალკე აღნიშნულია ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესახებ არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და საარსებო მინიმუმთან მისი შეუსაბამობის პრობლემა, ისევე როგორც ამ რეგულაციის პრაქტიკაში დანერგვის შეუძლებლობა.

და ბოლოს, ანგარიში მიუთითებს 2019 წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ახალი რეგულაციების ამოქმედების დადებით მხარეზე, თუმცა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად მიიჩნევს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც შედეგად შემაშფოთებელი სტატისტიკა მოყვა 2019 წელსაც, 38 გარდაცვლილისა და 135 დაზიანებული დასაქმებულის სახით. აღნიშნულ ანგარიში, მშენებლობასა და შახტა/მაღაროებში დასაქმება კვლავ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ დასაქმების ადგილებად არის აღიარებული.