ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ადამინის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ყურადღებას კვლავ ამახვილებს საქართველოში შრომის უფლებების, ასოციაციის თავისუფლების და კოლექტიური მოლაპარაკებების დარღვევის თაობაზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დასაქმებულთა დიდ ნაწილს არ აქვს გაფიცვის უფლება ყოველგვარი ალტერნატიული საკომპენსაციო მექანიზმის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. ასევე საუბარია, საქართველოს ფოსტასა და რკინიგზაში მოქმედ ,,ყვითელ“ პროფკავშირებზე და დამოუკიდებელი პროფკავშირების დევნის და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკის განგრძობითობაზე.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომის ინსპექციის არაფექტურობას, საწარმოო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკას და სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას.
დეპარატმენტი ასევე მიუთითებს პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება სასამარათლოში შრომითი დავების გაჭიანურებას, ზეგანაკევთურ შრომას, მინიმლაურ ხელფასს და ა.შ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამინის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
ნაწილი 7. მშრომელთა უფლებები
ა. გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება
შრომის კოდექსი და მასთან დაკავშირებული რეგულაციები და დებულებები ძირითადად უზრუნველყოფენ დასაქმებულთა უმრავლესობის, მათ შორის სამთავრობო თანამშრომლების, უფლებას შექმნან და გაერთიანდნენ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებში, გააჩნდეთ კანონიერი გაფიცვის და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება. დამსაქმებლები არ არიან ვალდებულნი ჩაერთონ კოლექტიური მოლაპარაკებებში, თუნდაც პროფკავშირს ან დასაქმებულთა ჯგუფს ეს სურდეს. კანონი იძლევა გაფიცვის უფლებას მხოლოდ იმ დავების შემთხვევაში, როდესაც კოლექტიური ხელშეკრულება უკვე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, კანონი ზღუდავს ლოკაუტს და მან არ უნდა გადააჭარბოს 90 დღეს. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს გაფიცვის კანონიერება და გაფიცვის წესების დამრღვევს შესაძლებელია ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კრძალავს დამსაქმებლების მიერ ზოგადად პროფკავშირის წევრების ან პროფკავშირული საქმიანობის წინააღმდეგ დისკრიმინაციას, იგი არ მოითხოვს პროფკავშირული საქმიანობისათვის გათავისუფლებული დასაქმებულების აღდგენას. კანონი ითვალისწინებს მიგრანტი დასაქმებულის უფლებებს და არეგულირებს შრომითი მიგრაციის საკითხებს, მათ შორის ურთიერთობებს დამსაქმებლებს, მშრომელებს და შრომითი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს შორის.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მთავრობის მიერ განსაზღვრული გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია „ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან“, გაფიცვის უფლება არ ეძლევათ. პროფკავშირების გაერთიანება ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ შეზღუდვის სანაცვლოდ არანაირ კომპენსაციის მექანიზმს არ ითვალისწინებს. პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, ზოგიერთი პროფესიის მიხედვით გაფიცვების აკრძალვა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს.
მთავრობამ სათანადოდ არ აღასრულა კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა შეკრების თავისუფლებას და კრძალავს ანტი-პროფკავშირულ დისკრიმინაციას, და დასაქმებულთა უფლებების დარღვევები გრძელდებოდა. არ არსებობდა ეფექტური ჯარიმები ან საშუალებები თვითნებურად გათავისუფლებული დასაქმებულებისათვის და შრომით უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები ხანგრძლივად ჭიანურდებოდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სრულად ფუნქციონირებადი შრომის ინსპექციის და მედიატორის ინსტიტუტის გარეშე, მთავრობას არ შეეძლო აღესრულებინა ყველა კოლექტიური ხელშეკრულება (როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული) ან განეხორციელებინა დამსაქმებელთა მიერ შრომითი კანონმდებლობის შესრულებაზე სამთავრობო ზედამხედველობა. დასაქმებულებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი არაკანონიერად იქნენ დათხოვნილი, საჩივარი უნდა შეიტანონ ადგილობრივ სასამართლოში დათხოვნიდან ერთი თვის ვადაში.
პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრს სამმხრივი კომისიის, რომელიც ბიზნესის და პროფკავშირების წარმომადგენელთა შორის სოციალური დიალოგს უწყობს ხელს, თავმჯდომარეობის უფლებამოსილება მიანიჭა.
დასაქმებულებმა ძირითადად განახორციელეს კანონით გათვალისწინებული გაფიცვის უფლება, მაგრამ ხანდახან ისინი აწყდებოდნენ მენეჯმენტის მხრიდან ანგარიშსწორებას. პროფკავშირების გაერთიანება ინფორმაციით, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს რკინიგზაში დამსაქმებელთა მიერ დაფინანსებული ე.წ. “ყვითელი” პროფკავშირების გავლენა გრძელდებოდა და აფერხებდა დამოუკიდებელი პროფკავშირების მუშაობას. დასაქმებულთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის მხრიდან მათი საქმიანობის რაიმე სახის შეზღუდვის შესახებ არ განუცხადებიათ.
აგვისტოში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი რკინიგზელთა პროფკავშირის ოთხმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა იმის გასაპროტესტებლად, რაც მათი განცხადებით რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, შიმშილობის აქციას კიდევ 11 რკინიგზის მუშაკი შეუერთდა. შიმშილობისა აქციის ზოგიერთმა მონაწილემ დაადანაშაულა რკინიგზის ადმინისტრაცია მათ ოჯახებზე და მათზე ზეწოლაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან მათი კავშირის გამო. მას შემდეგ, რაც რკინიგზის ადმინისტრაციამ და თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაფიცულთა მოთხოვნა დემონსტრაციის ადგილას კარვის დადგმასთან დაკავშირებით, რამდენიმე დემონსტრანტი შეეცადა რკინიგზის ადმინისტრაციული შენობაში შესვლას და პოლიციამ რამდენიმე პიროვნება დააკავა. დემონსტრანტებმა პოლიცია ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დაკავებები და კარვის აღმართვის აკრძალვა წარმოადგენდა მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პროფკავშირის ლიდერები ყოფილ პრეზიდენტთან კავშირში და პოლიტიკურად მოტივირებულობაში დაადანაშაულა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეაჩერებდა გაერთიანების მონაწილეობას სამმხრივი კომისიაში შესაბამისი შეთანხმების მიღწევამდე. 3 სექტემბერს შიმშილობა დასრულდა. თუმცა დეკემბრის მონაცემებით, შრომითი დავა სასამართლოში კვლავ გრძელდება.
ბ. იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა
კანონი კრძალავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმას. მთავრობის მიერ კანონების აღსრულება ყოველთვის ეფექტური არ ყოფილა. იძულებითი შრომა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და მოსდევს სათანადო სასჯელი, რომელიც საკმარისი იქნებოდა დარღვევების თავიდან ასაცილებლად, თუმცა იძულებითი ან სავალდებულო შრომის შემთხვევების, განსაკუთრებით სექსუალური ექსპლუატაციისათვის ადამიანთა ტრეფიკინგის, გამოძიების დაბალი რაოდენობა აუქმებს ძლიერი სასჯელის ეფექტურობას და ხელს უწყობს იძულებითი და სავალდებულო შრომის გამოყენებას.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებითი ან სავალდებულო შრომის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა არსებობდა ინფორმაციები იძულებითი შრომის ფაქტების შესახებ და პროფკავშირების გაერთიანება აცხადებდა, რომ მთავრობის მხრიდან იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებში არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნებოდა. კანონი უფლებას აძლევს სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები იძულებით შრომას და ადამიანთა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილ ბიზნესებში.
გ. ბავშვთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი
ზოგადად დასაქმების მინიმალური ასაკი 16 წელია, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ბავშვებს შეუძლიათ მშობლების თანხმობით მუშაობა 14 წლის ასაკიდან. 18 წლამდე ასაკის ბავშვები არ შეიძლება მუშაობდნენ არაჯანსაღ, მიწისქვეშა ან სახიფათო სამუშაოებზე; 16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების დასაქმების პირობები ითვალისწინებს შემცირებულ სამუშაო საათებს და ღამით მუშაობის აკრძალვას. კანონი ითვალისწინებს 14 წლამდე ასაკის პირების დასაქმების ხელშეკრულებას სპორტულ, ხელოვნებასა და კულტურულ და სარეკლამო საქმიანობაში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ბავშვთა შრომასთან დაკავშირებული შრომითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ბავშვის შრომის ბრალდება ისჯება ჯარიმით, საქმიანობის ნებართვის გაუქმებით, საზოგადოებრივი სამსახურით, პრობაციით ან თავისუფლების აღკვეთით. ბავშვთა შრომის ფაქტების გამოძიების დაბალი რაოდენობა გაურკვეველს ხდის მთავრობის მიერ კანონის აღსრულების მცდელობებს. სერიოზული ჯარიმების სანქცირების უფლებამოსილების მქონე შრომის ინსპექციის არარსებობა სერიოზულად ხელს უშლის კანონის აღსრულებას. 16 წლამდე ასაკის ბევრი ბავშვი მუშაობდა მცირე, საოჯახო ფერმაში. უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლება არ განიხილავდა ამ შრომას, როგორც ძალადობრივს და არც ბავშვთა შრომის კატეგორიას განუკუთვნებდა მათ. ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობით დასახლებულ რაიონებში ოჯახურ ფერმაში შრომის ვალდებულებები ბავშვების სკოლაში სიარულს უშლიდა ხელს და სასკოლო მონაწილეობა განსაკუთრებით დაბალი იყო ეთნიკური უმცირესობების ბავშვებში. ქვემო ქართლის (ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა) და კახეთის (სადაც ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მნიშვნელოვანი მოსახლეობაა) სოფლებში მცხოვრები ზოგიერთი ოჯახი შორეულ საძოვრებზე მუშაობდა წელიწადში ექვსიდან ცხრა თვემდე, ამიტომ მათი ბავშვები იშვიათად დადიოდნენ სკოლაში. ამ ფაქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
დ. დასაქმებასა და საქმიანობის ტიპთან დაკავშირებული დისკრიმინაცია
კანონი კრძალავს დასაქმებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციას, მაგრამ ის კონკრეტულად არ კრძალავს აივ-დადებითი სტატუსის ან სხვა გადამდები დაავადებების ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე დისკრიმინაციას. კანონი ასევე ადგენს, რომ დისკრიმინაცია წარმოადგენს „პირის მიმართ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზეწოლას, რაც მიზნად ისახავს საშიში, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“.
რადგანაც არ არსებობდა საკანონდებლო ბაზა ჯარიმების დაკისრების უფლებამოსილების მქონე შრომის ინსპექციის ან შრომის ინსპექტორატისათვის, მთავრობამ ეფექტურად ვერ აღასრულა კანონი.
სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის და პროფკავშირთან კავშირის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხევების შესახებ. კომპანიები და საჯარო სამსახურები ხშირად ახდენდნენ რეორგანიზაციას იმისათვის, რათა სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები. გარდა ამისა, ვაკანსიის განცხადებები ხშირად მოიცავდა ასაკობრივ მოთხოვნებს, როგორც წინაპირობას კონკრეტული პოზიციისთვის. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა პროფკავშირთან ასოცირების ნიშნით შევიწროების მრავალი შემთხვევის შესახებ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, განსაკუთრებით, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ფოსტაში.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს შრომით ბაზარზე თანასწორობას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაეთანხმა, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე არსებობდა და ეს შემთხვევები არასათანადოდ იყო განცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა ქალების შრომის ბაზარზე წვდომის მზარდი გაუმჯობესება, ქალები მეტწილად მაინც შეზღუდულები იყვნენ და მათი წვდომა ვერ ცდებოდა დაბალანაზღაურებად, დაბალი კვალიფიკაციის პოზიციებს, მიუხედავად მათი პროფესიული და აკადემიური კვალიფიკაციისა, და ქალთა ხელფასები მამაკაცების ხელფასებს ასევე ჩამოუვარდებოდა.
ასევე არსებობდა დისკრიმინაციის გარკვეული მტკიცებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა დასაქმების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების შესახებ სტატისტიკის წარმოდგენა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მტკიცებით, ინსპექტირების პროცესში გამოყენებული კითხვარები შეიცავდა კითხვას დასაქმებული იყო თუ არა კომპანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ე. მისაღები სამუშაო პირობები
ყოველთვიური მინიმალური ხელფასი არ შეესაბამება ოფიციალურ საარსებო მინიმუმს.
კანონი ითვალისწინებს 40-საათიანი სამუშაო კვირას და ყოველკვირეულად 24-საათიანი დასვენების პერიოდს, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ზეგანაკვეთურად განისაზღვრება სამუშაო, რომელსაც ასრულებს ზრდასრული დასაქმებული ჩვეულებრივი 40-საათიანი სამუშაო დროზე დამატებით და ეფუძნება მხარეებს შორის შეთანხმებას. აღმასრულებელი ბრძანება ადგენს აუცილებელ სამსახურებს, სადაც ზეგანაკვეთური ანაზღაურება შეიძლება არ დამტკიცდეს, სანამ თანამშრომლები კვირაში 48 საათის განმავლობაში არ იმუშავებენ. ცვლები მინიმუმ 12 საათით უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. დასაქმებულებს უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულების 24 კალენდარული დღით და წელიწადში არა უმეტეს არაანაზღაურებადი შვებულების 15 კალენდარული დღით. ორსული ქალებს ან ქალებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარეს, არ მოეთხოვებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მათი თანხმობის გარეშე. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს არ მოეთხოვებათ კვირაში 36 საათზე მეტის მუშაობა. 14 ან 15 წლის არასრულწლოვნები არ უნდა მუშაობდნენ კვირაში 24 საათზე მეტს. ზეგანაკვეთური საათები მხოლოდ „ანაზღაურებული უნდა იყოს ჩვეულებრივი საათობრივი ანაზღაურების გაზრდილი ტარიფით და განსაზღვრული იყოს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე“. კანონი აშკარად არ კრძალავს ზედმეტ ზეგანაკვეთურ მუშაობას. დადგენილი არ არის შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტანდარტები.
პარლამენტმა წელს კენჭი უყარა ახალ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობას „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი“ საწარმოო სფეროებისთვის და დეკემბერში ამ კანონის მეორე მოსმენა გაიმართა. კანონი ითხოვს ჯერ კიდევ დასაზუსტებელი ინდუსტრიების სიაში შემავალი ბიზნესებისგან, რომ მათ დაუგეგმავი შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების ნება დართონ; ამ საწარმოო სფეროებში დაამკვიდრონ პროფესიული, შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტანდარტები; და შრომის ინსპექტორებს სტანდარტებთან შეუსაბამობისათვის ჯარიმების დაწესების უფლებამოსილება მიენიჭოთ. პროფკავშირების გაერთიანებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს კანონმდებლობა, რადგანაც იგი მხოლოდ ეხება შრომის უსაფრთხოებას და სტანდარტებიც მხოლოდ „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი“ საწარმოო სფეროებისთვისაა განკუთვნილი.
შრომის ინსპექციის სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე, მთავრობამ ვერც ერთ სფეროში ეფექტურად ვერ განახორციელა მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების აღსრულება. ინსპექტირება ნებაყოფლობითი დარჩა და დამსაქმებლები შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმებითი სამუშაოების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე იღებდნენ შეტყობინებას. ინსპექტორებს არ ჰქონდათ დამსაქმებლებისთვის ჯარიმების ან სხვა სანქციების დაწესების შესაძლებლობა არასათანადო სამუშაო პირობების გამო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კანონი არ განსაზღვრავს მისაღებ სამუშაო პირობებს. ჯარიმები არასაკმარისი იყო დარღვევების შესაჩერებლად. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, სექტემბრის მდგომარეობით, მათ 24 ინსპექტორი და 25 სარეზერვო ინსპექტორი ჰყავდათ. სამინისტროს განცხადებით, სექტემბრის მონაცემებით მათ 137 კომპანიის ინსპექტირება მოახდინეს. ინსპექტორების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სტანდარტებთან შესაბამისობის აღსრულება მომხდარიყო. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონი ასევე ხელს უშლიდა შრომის ინსპექტორების საწარმოებზე ხელმისაწვდომობას, რადგანაც ის კრძალავს ინსპექტორთა საწარმოში დაუგეგმავ ვიზიტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვი ადამიანების ტრეფიკინგს ეხება.
მშრომელთა უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდებოდა და დასაქმებულებისთვის რთული იყო საშიში პირობებისგან თავის დაღწევა, ისე რომ მათ დასაქმებას საფრთხე არ შექმნოდა. განსაზღვრულ ვადიანი კონტრაქტებით დაქირავებული დასაქმებულები ხშირად შიშობდნენ, რომ დამსაქმებელთა ყურადღების მიქცევა იმ სიტუაციებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ მათ ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, შეიძლებოდა გამხდარიყო დამსაქმებლებს მხრიდან მათი შრომითი ხელშეკრულების არგანახლების მიზეზი.
მიგრანტ დასაქმებულთა პირობები ძირითადად არარეგულირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ გააჩნია ქვეყანაში არსებული მიგრანტ დასაქმებულების თაობაზე კონკრეტული სტატისტიკა, საჯარო მომსახურების განვითარების სააგენტომ მიგრანტ დასაქმებულებზე 9,551 ბინადრობის ნებართვა გასცა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, მიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ჩამოდის უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოდ და ისინი ამავე სამუშაო ადგილას ცხოვრობენ. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სხვა შრომითი მიგრანტები ჩართული იყვნენ მზარდ ტურისტული ინდუსტრიაში ან ქვეყანაში ჩამოვიდნენ წინასწარ უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილის გარეშე და ვერ შეძლეს კონკრეტული დასაქმების შესაძლებლობების მოძიება და არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ საქართველოში ყოფნა ან სახლში დაბრუნება.
დასაქმებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩართული იყო არაფორმალური ეკონომიკის სფეროში. არაფორმალური ეკონომიკის სფეროში დასაქმების კონტრაქტების ხშირად არარსებობის გამო, ექსპლუატაციურ პირობებს ჰქონდა ადგილი. ასეთი პირობები ხშირი იყო ქუჩის მოვაჭრეებს და არარეგულირებად ბაზრებში დასაქმებულთა შორის.
პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და საწარმოო შემთხვევების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. სამთო-მომპოვებელი და სამშენებლო სექტორები განსაკუთრებით საშიშ სფეროებად რჩებიან. მაისში, ტყიბულში, ოთხი მაღაროელი დაიღუპა ლიფტის ჩავარდნის შედეგად.
დაწვრილებით იხილეთ:
https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277167.htm