შრომის უსაფრთხოებაზე პარლამენტში იმსჯელეს

2017 წლის 19 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის I მოსმენით განხილვის მიზნით. მომხსენებელმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა – შალვა თადუმაძემ კომიტეტებს პრინციპის დონეზე გააცნო კანონპროექტის არსი. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომამდე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ კომიტეტის ყველა წევრს დაეგზავნა პროფკავშირების მოსაზრებები და შენიშვნები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გაჟღერებულ იქნა პროფკავშირების პრინციპული შენიშვნები არსებულ პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ის გარემოება, რომ

–         კანონის მოქმედების სფერო უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, არამედ კანონი უნდა ვრცელდებოდეს  დამსაქმებლებზე და დასაქმებულებზე, როგორც  საჯარო, ისე  კერძო  სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროს ყველა დარგის საქმიანობაზე.

–         შრომის  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვის კონტროლი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სოციალურ პარტნიორებთან ერთად.

–         ზედამხედველობის ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციას. შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება შეამოწმოს დასაქმებულთა შრომითი პირობები.

–         შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად განახორციელოს ორგანიზაციების შემოწმება, სასამართლოს დამატებითი ნებართვის გარეშე.

–         შრომითი ინსპექტორი უნდა იყოს აღჭურვილი უფლებით შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, თუ საქმიანობის შეჩერების გარეშე მყისიერად ვერ მოხდება შეუსაბამობის აღმოფხვრა.

–         განისაზღვროს გონივრული სანქციები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთან მიმართებით კონკრეტული შენიშვნები იქნა გამოთქმული პარლამენტის წევრების მიერ. კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილ იქნას  სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს და განიხილავს არსებულ შენიშვნებს კანონპროექტთან მიმართებით.

2017 წლის 20 ივნისს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით განხილულ იქნა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. მომხსენებელი კომიტეტის სხდომაზე გახლდათ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული.

სხდომას ესწრებდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ კიდევ ერთხელ იქნა გაჟღერებული პრინციპული შენიშვნები კანონის პროექტთან დაკავშირებით.  კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრთა დაინტერესება გამოიწვია საკითხმა თუ რატომ არ ჰქონდა კანონპროექტის მიხედვით ზედამხევდელ ორგანოს არაგეგმიური შემოწმების უფლება სასამართლოს თანხმობის გარეშე, რაზედაც არგუმენტირებული პასუხი მომხსენებლების მხრიდან ვერ იქნა მიღებული.

კომიტეტების მიერ I მოსმენით კანონპროექტი მიღებულ იქნა.

19222836 10154941621393073 5701306148430456805 o 19222900 10154941619728073 2514146134629024332 o 19222934 10154941617898073 7672790675400073722 o 19223042 10154941619763073 4932236174363070475 o 19223060 10154941620168073 2449933606097084264 o 19238147 10154941618143073 7825536931589515827 o 19388349 10154941618073073 8547277562413598093 o 19388365 10154941619198073 7587210788177951367 o 19400309 10154941618628073 8346533534495257320 o

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive